მისი თქმით, ის რომ სპეცოპერაციისას აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაცია მოხდა, მთავარი კითხვა არ არის.
"ლიკვიდირებული რომ აჰმედ ჩატაევია, ეს მთავარი კითხვა არ იყო. ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა ამოცანით იყვნენ აქ და როგორ შემოვიდნენ საქართველოში"- განაცხადა "ნიუპოსტთან" მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი თვლის, რომ პასუხგასაცემია კითხვა, თუ სად და ვისგან შეიძინეს ტერორისტული ჯგუფის წევრებმა საბრძოლო მასალა: "ჩატაევის ყოფნას, იარაღის თემას პასუხი უნდა გაეცეს. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ?, ვინმე ხომ არ ეხმარებოდა... უამრავი კითხვაა, რომელიც პასუხებს ითხოვს".
არეშიძის თქმით, სპეცოპერაციაზე და ზოგადად ამ საქმის ირგვლივ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. "რაც ქვეყანაში ხდება, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი".
მისი თქმით, ისნის სპეცოპერაციაში აშშ სპეცოპერაციის შემდეგ ჩაერთო: "მათ საზღვარზე ხალხი არ უყენიათ, ბუნებრივია არ ჰქონდათ მანამდე ინფორმაცია".
ექსპერტი კავკასიის საკითხებში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ელჩის მიერ დასმული კითხვაზე - " ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარი" პასუხისგაცემა მოუწევს.
"სპეცოპერაციის შესახებ აშშ ინფორმირებული იყო და უფრო მეტიც... თუმცა მეტ დეტალს არ ვიტყვი. იან კელიმ დღეს თქვა, რომ კითხვები არსებობს, ამ პირებმა როგორ გადმოკვეთეს საზღვარიო. დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ კითხვების დასმის უფლება აქვს. რადგან აშშ იყო ის ქვეყანა, რომელმაც ჩატაევი შეყვანა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში და საქართველო რადგან აშშ-ის პარტნიორია მათი მხრიდან ეს კითხვები ლეგიტიმურია. მით უფრო მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოამზადეს და გაწვრთნეს ჩვენი სპეცდანიშნულბის რაზმები, რომლებმაც ჩემი აზრით ძალიან ეფექტურად იმუშავეს"- თქვა მამუკა არეშიძემ.
მისივე თქმით, სპეცოპერაციაში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც ფიგურირებენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან არეშიძე თავს იკავებს.
სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას ორი პირის ლიკვიდაცია მოხდა, ერთმა კი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
უწყებაში თქვეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას ორმა პირმა გაქცევა შეძლო სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ქართველ სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში FBI-ს ექსპერტები დაეხმარნენ, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები






