თბილისის ახალმა მერმა მოვალეობის შესრულება მერიაში წმენდით დაიწყო - გუშინ გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მან 19 კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორისაა ე.წ. ზონალური საბჭოც.
გავრცელდა ინფორმაცია თუ კონკრეტულად რომელი კომისიები უქმდება, აღსანიშნავია, რომ ეს კომისიები სწორედ ყოფილი მერის, დავით ნარმანიას თანამდებობაზე ყოფნის დროს შეიქმნა.
ახალი მერის ამ გადაწყვეტილებას „ნიუპოსტთან“ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აფასებს. ნადირაძე კალაძის ამ ნაბიჯს ფარსს და ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული კომისიები ფორმალურად იყო შექმნილი და არავინ იღებდა ხელფასს, ეს გადაწყვეტილება კი ბიუროკრატიის შემცირებას არ ემსახურება:
„კალაძის გუშინდელი განცხადება იყო ძალიან იაფფასიანი პიარი, ძალიან დიდი ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი შეხება ამას ბიუროკრატიის შემცირებასთან არ აქვს და ამ ჭრილში ამ თემის განხილვა იყო თბილისელებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ეს კომისიები კომისიებიც არ იყო, ამ 19-დან ბევრი მათგანი იყო უბრალოდ სამუშაო ჯგუფი ან დროებითი კომისია, რომელიც კონკრეტული მიზნით იყო შექმნილი დავით ნარმანიას მერობის დროს. არც ერთი ეს ადამიანი არ იღებდა ხელფასს და მან უბრალოდ მოატყუა თბილისელები, როდესაც თქვა, რომ თითქოს რაღაც ბიუროკრატია შეამცირა, 19 კომისია, რომელიც ხელს უშლიდა თურმე თბილისელების მუშაობას, ეს ბიუროკრატია გაუქმდა. ეს იყო კახა კალაძის მიერ გაკეთებული იაფფასიანი, სამარცხვინო განცხადება და დიდი ტყუილი“, - აღნიშნავს პოლიტიკოსი.
ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, კალაძემ პირველ რიგში საკუთარი მოადგილეების შემცირება უნდა დაიწყოს, ასევე გააუქმოს და გააერთიანოს სხვადასხვა საქალაქო სამსახურები და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის დაზოგვა:
„მას თუ ასე ძალიან სურს ბიუროკრატიისა და შტატების შემცირება, უნდა დაიწყოს თავისი მოადგილეებით, უნდა დაიწყოს უსარგებლო საქალაქო სამსახურების გაუქმებითა და გაერთიანებით, მაგალითად უსაფრთხოების სამსახური, ჭამა-სმის სამსახური, რომელიც არის მუნიციპალური სერვისის ცენტრის განვითარების სააგენტო, უნდა შეამციროს გაბერილი შტატები, სადაც დასაქმებულები არიან მხოლოდ პარტიული ნიშნით და მხოლოდ ახლობელ-ნათესაობით, შესაბამისად ამ რეალური ოპტიმიზაციის გზებით, როგორც საკადრო, ასევე საშტატო, უნდა მოახდინოს დაახლოებით 100 მილიონი ლარის დაზოგვა“, - დასძენს ნადირაძე.
პოლიტიკოსი ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, მაინც ისმოდა სხვადასხვა განსხვავებული აზრი, მისი გაუქმებით კი, გადაწყვეტილებებს კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ერთპიროვნულად მიიღებენ:
„ზონალური საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება იყო უგუნური, ამ დრომდე თბილისში არ არის დამტკიცებული გენერალური გეგმა, ერთადერთი საბჭო, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო და არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა, თუმცა ფორმალურად მაინც იყო საბჭოში შესული შესაბამისი პროფესიის ადამიანები, რომლებიც იძლეოდნენ რეკომენდაციებს სხვადასხვა საკითხებზე. კომისია არ უნდა გაუქმებულიყო, მინიმუმ, გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, უბრალოდ უნდა მომხდარიყო განახლება და შემადგენლობის შეცვლა, რადგან ეს იყო სწორედ ის შემადგენლობა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს დაუკანონა თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონის ცვლილება და იქ მშენებლობის ნებართვა გასცა, ვინც კახა კალაძეს მისცა ნუცუბიძეზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენების უფლება, გამოსავალი ნამდვილად არ არის ზონალური საბჭოს გაუქმება, უნდა მომხდარიყო განახლება, სადაც შევიდოდნენ საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი პირები. აქამდე თუ ფორმალურად მაინც იყო მრჩეველთა საბჭო და რამდენიმე განსხვაბეული აზრი ისმოდა, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას საბოლოდ მერია იღებდა, ახლა ამ ფორმალობასაც აუქმებენ და ერთპიროვნულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს კახი კალაძე საკრებულოსთან ერთად“, - განმარტავს ირაკლი ნადირაძე
მასალის გამოყენების პირობები






