„დაახლოებით 3 წლის წინ სერიოზულად გადავწყვიტე საქართველოს დატოვება და შტატებში წასვლა. უამრავ ადამიანს დავუკავშირდი აქაც, იქაც. დეტალებში ვარკვევდი, რა მელოდა და რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა. რამდენიმე სამსახურიც დავიბევე - სასტუმროში თეთრეულის სამრეცხაოში, რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად და ა.შ მზად ვიყავი იმისთვის, რომ ცხოვრება მინუსებიდან დამეწყო. არ არსებობს საქმე, რომელსაც ვითაკილებდი, მაგრამ საშინლად მწყდებოდა გული, რომ საქმე, რომელსაც მთელი ახალგაზრდობა შევალიე და რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების მინიმალურ პირობებსაც ვერ მიქმნიდა,“ - ამის შესახებ „ფეისბუკში“ სცენარისტი ნიკა ქავთრაძე წერს.
მისივე თქმით, საშინლად სწყდებოდა გული , რომ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ყოველდღე აძლევდა ნიშანს, რომ აქ მისი ადგილი არ იყო.
„ძალიან მწყდებოდა გული, რომ ჩემი შვილებისთვის მინიმუმის გაკეთებასაც კი ამ ქვეყნიდან გადახვეწა სჭირდებოდა. გავაკეთე ყველა საბუთი და შევედი საელჩოში. ადრე ნამყოფი ვიყავი ამერიკაში და მეგონა, ვიზას მომცემდნენ, მაგრამ ძალიან უცნაური პასუხი მითხრეს - არც „კი“ და არც „არა“, თქვენს საკითხს კონსული ასე სწრაფად ვერ წყვეტს, დრო სჭირდება და მერე დაგიკავშირდებითო.
გამოვედი სრულიად გულმოკლული, მაგრამ ვფიქრობდი, ეგებ ეს არის „ნიშანი“, რომ ასე არ უნდა შეწყვეტილიყო ჩემი „ამქვეყნიური“ ცხოვრება. (ახლა ვფიქრობ, რომ წავსულიყავი დღეს ალექსანდრას იქიდან მაინც გამოვუგზავნიდი კარგ საჩუქარს). მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა - ცუდიც და კარგიც, მაგრამ ერთხელაც აღარ მიფიქრია წასვლაზე, რადგან გამიჩნდა აზარტი, რომ საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს მივცე იმედი. იმედი იმის, რომ თუ არ ეშვები, თუ არ ანებებ თავს, თუ არ იცრუებ იმედს - აუცილებლად მიიღებ იმას, რასაც ელოდები.
არავის ვეჯიბრები, არც ვინმეს ვამტყუნებ, ვინც წავიდა, მაგრამ აქ მინდა ვიყო, საკუთარ ქვეყანაში, ჩემთვის ყველაზე ახლობელ ხალხში ვისი ბედნიერებაც ჩემს ბედნიერებას უდრის,“ - წერს ნიკა ქავთარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






