როგორ გააჩუქა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ელიავას ბაზრობა
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტზე მუშაობა ისე გაიწელა, დედაქალაქმა ახალი მთავრობისა და საკრებულოს არჩევაც კი მოასწრო. თუმცა არც მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ პროექტის ავტორი „სითი ინსტიტუტი საქართველოსთვის“ ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, ან ხელშეკრულების გაწყვეტას დაადგა საშველი. ვერც დაადგებოდა, ვინაიდან გენგეგმის პროექტის თავდაპირველი სრული ვერსია არავის უნახავს (მხოლოდ ის ფრაგმენტები, რომლებიც გამოქვენდა თბილისის მერიის ვებგვერდზე) და არც საბოლოო (ისიც ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი, რაც პროექტის ავტორს თავის მართლების საშუალებას აძლევს, კრიტიკოსებს სრული ვერსია არ უნახავთო, მაგრამ, რასაც არ გამოაჩენ, იმას ვერავინ ნახავს და ვერც იმას გაარკვევ, არსებობს თუ არა სრული ვერსია).
სამაგიეროდ, ცნობილია, რომ (და ამას არც გენგეგმის ავტორი კომპანიის დირექტორი მამუკა სალუქვაძე მალავს), რომ გენგეგმის პროექტი ისეთ მასშტაბშია შესრულებული, რომ შეუძლებელია მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლობების ნებართვების (და არა მხოლოდ მშენებლობების ნებართვების) გაცემა ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. ანუ მორიგი კორუფციის წყაროა, უდიდესი ალბათობით.
უფრო მეტიც, გენგეგმის პროექტი აშკარად შეიცავს ბიზნესის წართმევის სქემას (ამჯერად მხოლოდ ამ საკითხს განვიხილავთ), რასაც ავადსახსენებელი 9 წლის სურნელი ასდის, თუმცა უცნობია, ეს შტრიხი საკუთრივ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ინიციატივაა თუ სხვამუნტერესიც კითხება.
ახლა კი მივყვეთ საკითხს თანმიმდევრულად: ისეთი კეთილშობილური მიზნისთვის, როგორიც დედაქალაქის გამწვანებაა, რომ თბილისელების ცხოვრება საამურიც გახდეს და ჯანსაღიც (განსაკუთრებით, ზაფხულში იგრძნობა, რომ ამ ქალაქში სუნთქვა არათუ შეუძლებელი, უკვე წარმოუდგენელია), გენგეგმის პროექტი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის გაკეთებას გეგმავს. თანაც მარცხენა სანაპიროს სრულად გადაკეტვასაც გულისხმობს (იმიტომ რომ ახალი მაგისტრალის გაყვანას სთავაზობს მერიას, რომელიც კახეთის გზატკეცილს დააკავშირებს „დიდუბის“ მეტროსთან და დედაქალაქის მეორე გასასვლელთან, მაგრამ ამ იდეის აკარგიანობა და ზემოქმედება დედაქალაქურ „საცობებზე“ სხვა საუბრის თემაა), რომ თბილისელებს მტკვართან მისასვლელი ადგილი ჰქონდეთ და, თუ მთლად ბარათაშვილის მსგავსად მუზა არ ეწვევათ და შედევრს ვერ შექმნიან, გაგრილდნენ მაინც და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ. ანუ იდეის განსახორციელებლად, გარდა ახალი მაგისტრალის გაჭრისა და მარცხენა სანაპიროს გაუქმებისა, მტკვრის გაწმენდაც აუცილებელია, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობის მტკვართან ახლოს მისვლა, ფაქტობრივად, სასჯელია.
მოტივად, ცხადია, დასახელებულია ეკოლოგიური პრობლემა – ბაზრობა იქაურ მოსახლეობას ჰაერს უბინძურებსო (ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის კვლევა არ ჩატარებულა, ისე დადგინდა, სად უნდა მოეწყოს, თურმე, რეკრეაციული ზონები). საინტერესოა, რომ სარეკრეაციო ზონის მოწყობას გენგეგმის პროექტი ელიავაზე მდებარე მხოლოდ ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე გეგმავს, ხოლო ის ბაზრობები, სადაც რკინეულობა და სამშენებლო მასალების იყიდება (იქვეა რკინის მჭრელი საამქროებიც, რომლებიც ჰაერს უმოწყალოდ აბინძურებს) თავის ადგილას რჩება.
შერჩევითობა, ბუნებრივია, ბადებს არცთუ სასიამოვნო ეჭვს, რომ ელიავას ბაზრობას თვალი დაადგეს. რაც ბოლო ათწლეულების ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა: ყველა ხელისუფლის პირობებში დგებოდა, თბილისზე ზრუნვის მოტივით, ამ ბაზრობის, ოფიციალურად, გადატანის, რეალურად კი, თუ გულახდილად ვიტყვით, მისი მითვისების საკითხი.
ამ ეჭვს ნათელს ჰფენს (ანუ ამყარებს) გენგემის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს სხვების კერძო საკუთრებას, არამედ სხვისი ბიზნესის დაგეგმვაშიც ერევა (სად და როგორ ჯობია ბიზნესის განვითარება).
გენგეგმის პროექტში ვკითხულობთ: „ელიავას ბაზრობის რელოკაცია მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი გაყოფით, რაც მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური გადანაწილების საშუალებას იძლევა და გააუმჯობესებს მოქალაქეთა წვდომას გასაყიდ პროდუქციასა და სერვისებზე.”
ანუ თვით თბილისური „საცობების“ განტვირთვის წამლადაც კი ელიავას ბაზრობის გადატანა-დაყოფა ეგულება „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შექმნილ გენგეგმის პროექტს.
ადგილმდებარეობად კი ბაზრობისთვის ორი ადგილი აქვთ შეგულებული (რადგან თავადვე გადაწყვიტეს – რომ ბაზრობის გაყოფა ჯობია). ისევ ციტატას მოვიშველიებ გენგეგმის პროქტიდან: „შეირჩა ორი ალტერნატიული არეალი ქალაქის გეოგრაფიული ცენტრიდან თანაბარი დაშორებით, რომლებიც ხასიათდება მაღალი მიწვდომადობით როგორც სამანქანო, ასევე სარკინიგზო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ისინი განთავსებულია ქალაქის ძირითად ტვირთბრუნვის მიმართულებებზე.“
გენგეგმის პროექტის ავტორთა მიერ შეთავაზებული ერთი ალტერნატიული ადგილია ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, რომელიც, რეალურად, სადავოა და დაყადაღებული, ვინაიდან ყოფილი მფლობელები ამჟამინდელ მფლობელ ბ-ნ წილოსანს (და მის აწ უკვე არაფორმალურ მეწილე კეზერაშვილს) ედავებიან ქონების უკანონოდ წართმევას. პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე ცნო ყოფილი მფლობელების სარჩელის სამართლიანობა და დააკმაყოფილა. დეკემბრის შუა რიცხვებში კი საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს და, უდიდესი ალბათობით, ჩამოართმევს ამჟამინდელ მფლობელებს და გადასცემს ყოფილებს.
უცნობია, რატომ დააყენა თავისი თავი გენგეგმის ავტორმა კერძო კომპანიამ სასამართლოზე მაღლა ან ვის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით განკარგა დაყადაღებული ქონება, მაგრამ ცნობილია, რომ თავად გენგეგმის პროექტში ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას ახასიათებს, როგორც მერიის საკუთრებაში არსებულს.
ამის დასტურად მოჰყავს 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილი, რომლითაც თითქოს ოფიციალურად მიმართა ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელმა ბ-ნმა წილოსანმა და დაუდასტურა, რომ დაინტერესებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში, რის შედეგადაც, გენგემის ავტორების თქმით, გამოთავისუფლდება 72 ჰექტარი ტერიტორია (ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა დათმოს ჭკუათმოფელმა ადამიანმა საკუთარი ნებით სრულიად უსასყიდლოდ 72 ჰექტარი საკუთრება?!).
ოღონდ იქვე წერია შემდეგი „შემოთავაზებული ტერიტორიის ფართობი შეადგენს დაახლ. 9 ჰექტარს. თუმცა, ბაზრობის შემდგომი განვითარებისათვის, შესაძლებელია ასევე მიმდებარე ნაკვეთებზე არსებული ბრაუნფილდების რესურსის გამოყენება.”
ანუ უცნობია, რაში აპირებენ დარჩენილი 63 ჰექტარის გამოყენებას თითქოს მერიისთვის ნაფეშქაშები ტერიტორიიდან?!
იმ მარტივი მიზეზით, რომ ვითარება თითქმის ანეკდოტურია და მეტად უსიამოვნო ასოციაციებს აღძრავს (სწორედ იმ დროს წააგავს, როდესაც ბიზენსმენებს, რატომღაც, ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფოსთვის საკუთარი ქონების ჩუქების სურვილი უჩნდებოადთ ხოლმე), თბილისის მერიისგან გამოვითხოვეთ გენგეგმაში ნახსენები წერილი, რომ გაგვერკვია, ბოლოს და ბოლოს, რა და რატომ აჩუქა ბ-ნმა წილოსანმა მერიას (იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ დაყადაღებულ ქონებას ვერავინ ვერავის აჩუქებდა).
ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორმა წილოსანმა, მართლაც, მიმართა თბილისის მერს დავით ნარმანიასა და მერიისვე არქიტექტურის სამსახურს, ოღონდ არაფერი უჩუქებია.
წერილში ვკითხულობთ: „როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქტიურ ფაზაში შევიდა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა.
გაცნობებთ, რომ ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საკუთრებაშია ნაძალადევის რაიონში განთავსებული ქარხანა, საერთო ფართით 202 047 კვადრატული კილომეტრი, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო პროექტის დასრულების შემთხვევაში ვგეგმავთ ქარხნის გადატანას სხვა ტერიტორიაზე, ხოლო გამოთავსუფლებულ ფართზე ვაპირებთ სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელებას, საცხოვრებელი სახლების, საოფისე ფართების, სავაჭრო ობიექტების და ასე შემდეგ მშენებობას.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში.”
დღესავით ნათელია, რომ წილოსანს არანაირი ტერიტორია არ გადაუცია თბილისის მერიისთვის, პირიქით, საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინება მოითხოვა თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაში. თავის მხრივ, გენგეგმის პროექტი კი მოწმობს, რომ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ თხოვნა-მოთხოვნა ზედმიწევნით ზუსტად გაიგო, შეასრულა და ელეტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მფლობელს გენგემის პროექტის სახით პირდაპირ ხონჩით მიართვა გამზადებული ელიავას ბაზრობა, ანუ სავსებით გამართული ბიზნესი. იმას გარდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, საერთოდაც, უგულებელყო და, რაც მთავარია, გენგეგმის პროექტში აშკარა ტყუილიც ჩაწერა (თითქოს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა მერიის საკუთრებაა), რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ერთადერთი ტყუილი არ იქნება გენგეგმის პროექტში.
ამას გარდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ არ იცოდა, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა დაყადაღებულია,გამოდის, რომ მათ მიერ შექმნილი დოკუმენტი არა მხოლოდ შეგნებულ ტყუილებს, არამედ სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და მონაცემებს ეყრდნობა.
აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ არა მხოლოდ გენგგემის პროექტის (რომელსაც გენგგემისა არაფერი სცხია) ავტორია, არამედ ქონების წართმევის ახალი ფორმის შემოქმედიც. ოღონდ იმედია, რომ თბილისის მერია და საკრებული მისი თანამზრახველები არ გახდებიან.
ნანა მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






