დედაქალაქის მერიაში რამდენიმე სამსახური უქმდება, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით უქმდება ე.წ. ზონალური საბჭო, დღევანდელი მთავრობის სხდომა სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო.
კალაძის თქმით, მერიაში 19 კომისია უქმდება, ამ გადაწყვეტილების მიზანი კი უწყებაში ბიუროკრატიის შემცირებაა.
„მიზანშეწონილად მიმაჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, თბილისის მერიას დაქვემდებარებული განაშენიანების რეგულირების საბჭოს - ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს. მოგეხსენებათ, საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით. ჩვენ დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც, რასაკვირველია, აგრეთვე შეეხება ურბანული პოლიტიკის განვითარებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. ამ პროცესის დასრულებამდე ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები, ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






