„საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამსახურების თხოვნით თუ დავალებით ქართული სპეცსამსახურების დამსახურებით ჩატაევი აღმოჩნდა საქართველოში,“-განაცხადა დავით მაყიშვილმა.
მისი განცხადებით ახმედ ჩატაევის სახელი და გვარი ქართველ სპეცრაზმელებთან კავშირში რამდენჯერმე დაფიქსირდა. მათ შორის, ლაფანყურის ოპერაციის დროს, როცა ქართული მხარე შეეცადა, ჩატაევი მოლაპარაკებებში შუამავლად გამოეყენებინა. მაყიშვილის თქმით, ჩატაევი ნაცვლად მოლაპარაკებისა იმ დაჯგუფებას შეუერთდა და მოუწოდა, ქართულ მხარეს არ ჩაბარებოდნენ. ამავდროულად კი რუსეთი ელოდა აღნიშნული ჯგუფის გადასვლას, რომელიც ფე ეს ბეს მიერ პროვოკაციისთვის იქნებოდა გამოყენებული. თადარიგის პოლკოვნიკი ამბობს, რომ ჩატაევი რუსეთის აგენტი იყო, რომელიც ცდილობდა ტერორისტების რუსეთის მხარეს გადაყვანას, ხოლო ეს ფაქტი საქართველოს წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული.
მაყიშვილის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, გარკვეული ჯგუფის ლიკვიდაციის შემდეგ, ჩატაევი დაპატიმრებული იქნა, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ჩატაევის კვალი გაქრა და თრქეთის ტერაქტამდე მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
მაყიშვილის თქმით მოგვიანებით რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ჩატაევმა წარუმატებელი ოპერაცია ჩაატარა, რასაც მისი დაჯგუფების 200 კაცი შეეწირა. ამის შემდეგ კი მის აგენტობასთან დაკავშირებით ეჭვი აი სი სი-ს მეთაურებსაც გაუჩნდათ.
მაყიშვილი ამბობს, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურის ჩარევით შეძლო ჩატაევმა დაეტოვებინა სირია და შემდეგ მათივე დახმარებით მოახერხა საქართველოში შემოსვლა, რაშიც მას ქართული სპეცსამსახური დაეხმარა.
თადარიგის პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ჩატაევი მის დაჯგუფებასთან ერთად საქართველოში გამოსაზამთრებლად და ევროპაში ოპერაციების დასაგეგმად შემოიყვანეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი გამოეყენებინათ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






