„თავიდან იყო შემოთავაზებული საპარლამენტო არჩევის წესი. თუმცა, საპარლამენტო არჩევის წესთან დაკავშირებით იყო გარკვეული კრიტიკა გამოთქმული და ეს დაკავშირებული იყო არსებულ კონტექსტთან, კერძოდ, ერთი, რომ მაშინ ჯერ არ იყო განსაზღვრული ამოქმედების ვადა, როდიდან შევიდოდა ძალაში პრეზიდენტის ახალი არჩევის წესი, იქნებოდა ეს მომავალ წელს, თუ რამდენიმე წლის შემდეგ -ეს იყო ერთი საკითხი და მეორე, დაკავშირებული იყო პარლამენტის არჩევის წესთანაც. ანუ, ჯერ ტარდებოდა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები და შემდეგ ტარდებოდა პირველი პროპორციული არჩევნები პარლამენტის. ამაზე იყო საუბარი, რომ დაუბალანსებელი იქნებოდა, სავარაუდოდ, შემდეგი პარლამენტი და ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული იქნებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი. ეს იყო შენიშვნის არსი. დღეს ეს ვითარება შეცვლილია. ვადები შევცვალეთ, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდება მას შემდეგ, რაც უკვე არჩეული იქნება პროპორციული წესით პარლამენტი, ამიტომ, ეს კონტექსტი შეცვლილია. ალბათ, ახლა რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხილვა, უფრო მეტად გადავიხრებოდით საპარლამენტო წესისკენ, რაც არის იურიდიულად ბევრად უფრო გამართული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროცედურა მასაც ხარვეზიანად მიაჩნია.
„არის არაერთი საკითხი. მთავარი საკითხი არის მაინც ის, რომ ჩვენ ადმინისტრაციული დონის არჩევნებს ვიყენებთ პოლიტიკური არჩევნებისთვის. გარდა ამისა, ხაზს იმასაც გავუსვამდი, რომ წინა განხილვაზეც დაისვა ეს საკითხი, იურიდიულად იყო თუ არა გამართული ეს პროცედურა. ნეგატიური პოლიტიკური ეფექტი უკვე სახეზეა - როდესაც წარვმართეთ საყოველთაო-სახალხო განხილვა, იქ გამოჩნდა, რომ ამ სისტემის მთლიანად გაკრიტიკების საფუძველი მივეცით. საუბარი იყო იმაზე, რომ „ვიღაც სამასი კაცი“ ირჩევს პრეზიდენტს. ანუ საბაბი მიეცათ ოპონენტებს იმისთვის, რომ ეს წესი გააკრიტიკონ. როგორც კი პრეზიდენტის არჩევის მომენტში დაისმება ლეგიტიმაციის საკითხი, „ვიღაც სამასი კაცი“ ვინ არის და აქაც არსებითი პრობლემა დაკავშირებულია თვითმმართველობასთან, თუ რატომ არიან ისინი ჩართული ამ პროცესში, როცა ეს ადმინისტრაციული დონეა, იქ უკვე მეტი პრობლემა შეიძლება შეიქმნას. აქ არის დილემა ასეთი - ერთი, რომ მაქსიმალურად ვერიდებით ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, თუმცა, მეორე მხარეს დგას სხვა რამე, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ინტერესი და ამ შემთხვევაში, უმჯობესია, რომ არც საბაბი და არც საფუძველი არავის დავუტოვოთ იმის თქმის, რომ პრეზიდენტი არის არჩეული „შედარებით გაუგებარი“ ინსტიტუტის მიერ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო წესი არის კითხვის ნიშნების გარეშე, მთლიანად, პარლამენტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ხალხის მიერ არჩეული, მკაფიო სტატუსის მქონე ორგანო და პროპორციებიც არის შესაბამისად დაცული. შეგვიძლია, განვავრცოთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






