ვლადიმერ გროისმანმა და ლევან იზორიამ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილ-დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პრემიერს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო პროცესი გააცნო. ვლადიმერ გროისმანმა ქართულ მხარეს უკრაინელი დაშავებული სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მათ გამოჯანმრთელება და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე თავდაცვის უწყების და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები.
საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული 15 სამხედრო მოსამსახურე ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის. კურსი ორი კვირის განმავლობაში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას ისახავს მიზნად. რეაბილიტაციის კურსი, როგორც დაშავებულ სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც უტარდებათ. საქართველოში რეაბილიტაცია სულ 153 უკრაინელ სამხედროს და მათ 25 ოჯახის წევრს აქვს გავლილი.
მასალის გამოყენების პირობები






