„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, მმართველი პოლიტიკური ძალა დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს.
„ჩემი ინფორმაციით, ეს იქნება უფრო კიდევ ერთი თხოვნა უკრაინის ხელისუფლებისადმი, რომ არ მოხდეს ისე, რომ სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობა გაგრძელდეს საქართველოში,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ხატია დეკანოიძე.
სერგი რატიანის შეფასებით, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურმა დევნამ "შეაკავშირა".“ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ყოფილა უკრაინელი ხალხის გვერდით, როდესაც იყო ომი, როდესაც მათ უჭირდათ, როცა იყო სერიოზული პრობლემა და იქ, სადაც საქართველო და უკრაინა უნდა ყოფილიყო ერთად. მაშინ, როდესაც დაიწყეს პოლიტიკური დევნა, ამ ფორმატმა შეაკავშირა ისინი. ეს რა საკვირველია აზიანებს ქვეყნის ინტერესებს,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართულ ოცნებაში არ აკონკრეტებენ იქნება თუ არა გროისმანთან შეხვედრისას სააკაშვილის საკითხი განხილული.
„მნიშვნელოვანია თანამშრომლობა უკრაინასთან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ეს საერთო ინტერესი არის ევროპასთან ინტეგრაცია. ჩვენ საუბარი გვექნება იმ სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ საკითხზე, რაც უკრაინასთან გვაკავშირებს,“ - აცხადებს სოფიო ქაცარავა.
უკრაინის პრემიერმინისტრი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ვლადიმერ გროისმანი პირველ აუდიენციას ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






