„იმ სადარბაზოს ყველა სართულზე მცხოვრები გარეთ ისე გამოვიდა, რომ არავის მძევლად აყვანა არ უცდიათ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ბავშვებს და ქალს გამოვიყვანდი, მოლაპარაკებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინაში არ შეგვიშვეს... ბინიდან პისტოლეტით სროლის ხმა იყო, მაგრამ ავტომატებით და ხელყუმბარებით - არა. ქართველი სპეცრაზმელიც საეჭვო ვითარებაში დაიჭრა. მეუბნებოდნენ, რომ ისინი სირიიდან ჩამოვიდნენ, რაც სიმართლე არ არის“, - აცხადებს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი უმარ იდიგოვი.
მისივე ინფორმაციით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩამოვიდა..
„ჩეჩენი ვარ და ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი, დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები,“ - აცხადებს იდიგოვი.
აბსოლუტურ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დავით მაყიშვილი, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები.“
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერციის კონტექსტში ჩატაევს კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძეც ახსენებს:
„ეს ადამიანები პირდაპირ კავშირში იქნებიან ახმედ ჩატაევთან, რომელიც გახლდათ ისლამური ხალიფატის იდეოლოგიური სამსხაურის უფროსი. ის აწარმოებდა იდეოლოგიურ მომზადებას ერთგული ადამიანების, არამხოლოდ სირიაში და ერაყში, არამედ ვინც წარმოშობის ადგილებზე რჩებოდნენ. ხალიფატის სხვადასხვა ტიპის საიტების მუშაობას და სოციალურ ქსელებში აქტივობებს სწორედ ჩატაევი ედგა სათავეში. აქედან გამომდინარე, ამ მოვლენებს აუცილებლად ექნება კავშირი ახმედ ჩატაევთან. კავკასია მისი სამშობლოა, საკმაოდ ბევრს იცნობს და შესაბამისად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.“
შეგახსენებთ: ახმედ ჩატაევი, ანუ იგივე ახმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც. 2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, სასტიკად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს, რის შემდეგაც მას „ცალხელა ახმედი“ შეარქვეს. 2003 წელს ჩატაევი სხვა სახელითა და გვარით ავსტრიის ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 2007 წლის მარტში, ჩატაევი შვედეთში იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს, 2010 წლის იანვარში კი - უკრაინაში 2011 წლის მაისში ჩატაევი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააპატიმრესეს.
რაც შეეხება ლაფანყურუს სპეცოპერაციას, როგორც თავის დროზე ითქვა, პანკისის ხეობაში სწორედ ჩატაევს ჩაჰყავდა ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი მოჯაჰედები. ჩატაევი 2013 წელს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და იმავე წელს საქართველო დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






