საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინული პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო ძალიან ინანებს, თუ მის საქართველოში ექსტრადიციას მოახდენს.
„თუ საქართველოში გამგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, მალე თავისუფლებაზე ვიქნები, ხოლო პოროშენკო ამას ძალიან ინანებს. მან ეს იცის, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის ეს. საქართველს ხელისუფლება იმდენად ძლიერი რომ იყოს, რომ ჩემი ციხეში გაჩერება შეეძლოს, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა," - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ იგი მზადაა ქვეყნიდან გაძევების ან ექსტრადიციისათვის, მას ამის არ ეშინია, მაგრამ თვლის რომ ეს ნაბიჯი პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარი იქნებოდა.
სააკაშვილის განცხადებით, მას ციხეში ვერანაირი ოლიგარქი ვერ გამოამწყვდევს, რადგან მოსახლეობის, სამართალდამცველების და არმიის დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს.
ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობის სათავეში ჩადგომაზე ისაუბრა.
"მე არასდროს მქონია თანამდებობრივი ამბიციები, მაგრამ ახლა საუბარი არაა ჩემს პირად ამბიციებზე, არსებული ვითარება უნდა გამოვასწოროთ, ჩემი მთავარი მიზანი ჩემი პირადი თანამდებობა კი არა, ხელისუფლებაში უკრაინელთა ახალი თაობის მოყვანა, პოლიტიკური კლასის განახლებაა," - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






