თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის საბოლოო ვარიანტი 13 ნოემბერს ჩაბარდა თბილისის არქიტექტურის სამსახურს , მან 22 ნოემბრამდე პასუხი უნდა გასცეს კითხვას: - გაფორმდება შემსრულებელთან („სითი ინსტიტუტი საქართველო“) მიღება-ჩაბარების აქტი თუ მას შეუწყდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტა კი ნიშნავს იმას, რომ „ სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვერ მიიღებს, საპროექტო მომსახურების სრული ანაზღაურებიდან დარჩენილ 1 მილიონამდე ლარს, რაც ავტომატურად გამოიწვევს შესაბამისი ორგანოების დაინტერესებას იმით, თუ რამდენად სწორედ ჩატარდა ჩატარებული კონკურსი და რამდენად ღირებული დოკუმენტი მივიღეთ საბოლოო ჯამში თბილისის მოქალაქეებმა.
აღნიშნული დოკუმენტის განხილვის პერიოდში ქართველი სპეციალისტები, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ გვთავაზობს სივრცითი მოწყობის სტრატეგიის ნათელ ხედვას, რომელიც შეიძლება, დამტკიცდეს თბილისისთვის. დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალური, რომ გამოიყენებოდეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ამასთან, გვხდება როგორც მნიშვნელოვანი შეცდომები, ასევე ნაკლოვანებები კონცეფციისა და მისი იმპლემენტაციის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის მისი განხორციელების შემთხვევაში.
დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში „იუნესკოსა” თუ „გაეროს” ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან. ის არ აუმჯობესებს თბილისელთა ცხოვრებას და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, საფრთხეს უქმნის თბილისს, როგორც უძველეს ქალაქსა და მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ სიმბოლოსა და მონაპოვარს.
მასალების ანალიზით კარგად ჩანს, რომ აშკარაა ერთხელ ჩადენილის გამეორების მცდელობა. კერძოდ: თბილისს შეატყუონ წინა წლების გენგეგმებიდან (რომლებიც მოძველებულია და ვერ ასახავს დღევანდელ რეალობას) გადმოკოპირებული ანალიტიკური მასალით შეზავებული დოკუმენტი, რომლის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალური ზონები კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც კარგად შენიღბულ ჯგუფური, პარტიული და კორუფციული მომენტების არსებობასაც არ გამორიცხავს. უკეთეს შემთხვევაში, ეს დოკუმენტი კვლავ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ კი, ეს უკანასკნელი გადმოწერილია 2005 წლის გენგეგმის მასალებიდან.
უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ პირველად გასაჯაროებული დოკუმენტი, რომელიც ატვირთული იყო არქიტექტურის სამსახურის საიტზე, შეგნებულად თუ შეუგნებლად არ იყო წარმოდგენილი სრული სახით და მას აკლდა მთელი რიგი მასალები, რომლებიც უკვე ფიგურირებს 13 ნოემბრის დოკუმენტში. აღნიშნული მასალები იმდენად დიდი მნიშვნელობის არის, რომ მათი თავის დროზე გაუსაჯაროება ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ არქიტექტურის სამსახურის მესვეურებმა, ვიღაცის მითითებით , ეს შეგნებულად გააკეთეს. საქმე ეხება კერძო საკუთრების და ბიზნესის გადანაწილების სქემებს, რომლებიც ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო ჩაფიქრებული და თბილისში სხვადასხვა ჯგუფების და ქვეყნების ბიზნეს ინტერესების გატარებას ეხება.
სწორედ ამის გამო უნდოდათ გენგეგმის მიღება, ყოველგვარი განხილვის გარეშე ჯერ კიდევ სექტემბერში და მიიღებდნენ კიდეც, რომ არა საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში და მერობის კანდიდატის ბ-ნი კახა კალაძის საარჩევნო დაპირება, რეალური მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის შესახებ.
როგორც ავღნიშნეთ წარმოდგენილი დოკუმენტი ძალიან ზოგადი ხასიათისაა, არ ეყრდნობა არანაირი კვლევებს, მის უკან არანაირი ეკონომიკური გაანგარიშებები არ დგას ,რაც ეჭვის ქვეშ აყენებს გენგემით შემოთავაზებული მთელი რიგი უტოპიური პროექტების პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას. რასაც ვერაფრით ვერ ვიტყვით გადამალულ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან დეტალურად არის გაწერილი და საკმაოდ დიდ ხნის წინ იქნა მომზადებული.
ეს არის - „ ელიავას ბაზრობის რელოკაციისა და ტერიტორიის სარეკრიაციო გამოყენების კონცეპტუალური პროექტი“.
ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ ამ საკითხს, როგორც ამ კონკრეტული სავაჭრო ცენტრის გადატანა არ გადატანის საკითხს. ეს არ წარმოადგენს ჩვენი განხილვის საგანს. ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ დისლოკაციის პრობლემა უშუალოდ მესაკუთრეების და ქალაქის მმართველობის შეთანხმების საგანს უნდა წარმოადგენდეს, როგორც ეს მიღებულია ცივილიზირებულ სამყაროში. ამაზე საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა თბილისის მერმა ბ-ნმა კახა კალაძემ: - „"ელიავას" ნამდვილად რეკრიაციულ ზონას ვერ მივანიჭებთ, ისეთი მდგომარეობაა აქ. თქვენ იცით, რომ ეს კერძო საკუთრებაა, შესაბამისად ის მოსაზრება, სამომავლოდ თუ მოხდება გადატანა ამ კონკრეტული ბაზრობის, რომ რეკრიაციული ზონა იყოს, აქაც საჭიროა მოლაპარაკებები მფლობელებთან, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს თუ პარკის გაშენების შესაძლებლობა იქნება...მივესალმები ქალაქში ახალ მწვანე სივრცეს".
ჩვენთვის საინტერესოა თუ რატომ დაუმალეს ეს დოკუმენტი საზოგადოებას და რატომ მიიღეს გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების ან თუნდაც ინფორმირებულობის გარეშე სავაჭრო ცენტრის ქალაქის ორ სხვადასხვა ალტერნატიულ არეალში გადატანის შესახებ და ისიც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
გადამალულ დოკუმენტში მითითებულია ორი დისლოკაციის ადგილი, სადაც გენგეგმის ავტორები თავაზობენ „ელიავას ბაზრობას“ გადასვლას. ეს არის დედაქალაქის ჩრდილოეთის არეალში მდებარე ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხანის ტერიტორია და ქ. წამებულსგამზირის გასწვრივ, ორ მეტრო სადგურს (ისანი და სამგორი) შორის არსებული ტერიტორია.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ელექტრო-ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, 2016 წლის 10 მაისის # 3/27 წერილით, ოფიციალურად დაუფიქსირა, რომ დაინტერებულია აღნიშნული არეალიდან გასვლაში. ანუ ქარხნის მეპატრონე თანახმაა დაუთმოს ეს ტერიტორია მერიას (???). ამ წერილის ფარგლებში შეუძლებელი იქნება ელექტრო-ვაგონშემკეთებელი ქარხანის ირგვლივ განვითარებული პერიპეტიების განხილვა, თუმცა, ორიოიდე სიტყვით მოგახსენებთ, რომ ქარხნის ყოფილ სამეთვალყურეო საბჭოს (ჯერჯერობით ყოფილ) თავმჯდომარეს ავთანდილ საყვარელიძეს 2008 წელს, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მითითებით, იძულებით დაათმობინეს წილი საწარმოში და ის დღემდე იმყოფება ემიგრაციაში აშშ-ში. ამ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და 2017 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ყოფილი კანონიერი აქციონერის, ავთანდილ საყვარელიძის, სარჩელი მოქ. ბადრი წილოსანის (ამჟამინდელი ფაქტიური მეპატრონე) წინააღმდეგ. სასამართლომ დამტკიცებულად ცნო ძალადობის ფაქტი, რის შედეგადაც 2008 წლის 17 სექტემბერს, შუაღამისას ნოტარიუს ო.ზოიძის მიერ, აშკარა ძალადობრივი მოქმედებების მიუხედავად, გაფორმდა აქციების გადაცემა ბადრი წილოსანზე 2 ნაწილად .(25,815%+25,815%).
რაც შეეხება მეორე შეთავაზებული დისლოკაციის ადგილს, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდ ირკვევა, ამ ტერიტორიასაც ასევე საზოგადოებისთვის ბიზნესიდან და პოლიტიკიდან კარგად ცნობილი მესაკუთრეები ყავს და მათ შესახებ შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გონივრული ეჭვი გვიჩნდება, რომ მხოლოდ პროექტის ავტორები ვერ მიიღებდნენ ასეთ მასშტაბურ გადაწყვეტილებას და რომ ეს დავალება მათ დაინტერესებული პირთა ჯგუფის დაკვეთით მიიღეს. ასევე ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, რომ პროექტის ავტორები მხოლოდ ელიავას ბაზრობის ბედით დაინტერესდნენ და დედაქალაქში არსებული სხვა ქაოტური და არაორგანიზებული ბაზრობების არსებობა არც გახსენებით. თუმცა, როგორც ინფორმირებული წყარო გვეუბნება, მათ ქონიათ პრივატული შეხვედრები მთელი რიგი სავაჭრო ცენტრების მესაკუთრებთან და მოლაპარაკებების შედეგად მათი სხვა ადგილას გადატანის საკითხი აღარ დამდგარა დღის წესრიგში.
სახეზე გვაქვს კერძო საკუთრების კლასიკური რეიდერული დაპყრობის მაგალითი, როდესაც ერთი კონკრეტულ ლოკაცისა და ბიზნესზე ხდება ორკესტრირებული შეტევა. ამ შეტევის ხილულ ავანგარდში კი დგანან გენგეგმის ავტორები და თბილისის არქიტექტურის სამსახური, ხოლო მათ ზურგს უკან თბილისში კომერციულად მომგებიანი ტერიტორიების და წარმატებული ბიზნესების ხელში ჩაგდების მსურველ პირთა ჯგუფი.
ყველასათვის ცხადია, რომ მსგავსი „საომარი“ ოპერაციის განხორციელება, ჩვეულებრივ მოკვდავთ არ ხელეწიფებათ და რომ ამ ქმედების გახორციელება ყოფილი და მოქმედი უმაღლესი თანამდებობების პირთა უშუალო დაინტერესების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
მოვუწოდებთ ქ.თბილისის მერს- ბ-ნ კახა კალაძეს, რომ დეტალურად შეისწავლოს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ირგვლივ მიმდინარე პროცესი და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მისი ამ სახით დამტკიცება. ასევე გაიმართოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საკითხის ირგვლივ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
მასალის გამოყენების პირობები






