„ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებსა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი აკადემიური ტიპის დისკუსია შედგეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა იყო.
„კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ნებისმიერი საკონსტიტუციო დოკუმენტის, ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანა არის ავტოკრატიის და ავტორიტარიზმის გამორიცხვა. ამ პრინციპზე და მიზანზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი კონსტიტუცია. გვახსოვს, გასული წლებიდან, 90-იანი წლებიდან, შემდეგი ათწლეულიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა არასწორმა, გაუმართავმა კონსტიტუციებმა, ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლის საფუძველი და მთავარი საყრდენი, სამწუხაროდ, სწორედ კონსტიტუციები იყო. ჩვენ გამოვიარეთ ქვეყნის ძირითადი კანონის სამი სხვადასხვა რედაქცია და ამ რედაქციებმა უზრუნველყო საქართველოში, სამწუხაროდ, ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმების ჩამოყალიბება. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ამის გამორიცხვა იყო და ჩვენ ვეფუძნებოდით იმ რწმენას, რომ ამის გამორიცხვა ყველაზე მეტად შეუძლია სწორედ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ აქაც გამოვიარეთ როგორც საპრეზიდენტო, ასევე, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელები და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე არ გამოგვიცდია, ეს არის სწორედ საპარლამენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემები ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თავიდანვე განვაცხადეთ ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია იმის თაობაზე, რომ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არსებული საპარლამენტო სისტემა და რეფორმის მთავარი მიზანი ამ საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და მისი სრულყოფა იყო“.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






