ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ბლოკებთან დაკავშირებით ჩანაწერზე ისაუბრა, მისი თქმით ბლოკები ერთჯერადად დარჩება და შემდეგი არჩევნები ბლოკების პირობებში ჩატარდება.
კობახიძემ მომავალში დაგეგმილი ბლოკების გაუქმება პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა რომ ამით თავიდან იქნება აცილებული ფიქტიური ბლოკების შექმნის საფუძველზე სახელმწიფო სახსრების მიტაცების მანკიერი პრაქტიკა, ასევე კობახიძის მოსაზრებით პოლიტიკური პროცესის სუბიექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია და არა ბლოკი.
„ბლოკების ინსტიტუტის მიმართ ჩვენ გვაქვს ნეგატიური დამოკიდებულება, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ბლოკები ბლოკები გამოიყენება არსებითად მხოლოდ მანიპულაციისთვის. თუ ავიღებთ ბოლო არჩევნებს, ორმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ - შექმნა ფიქტიური ბლოკი. ერთმა მიიღო დამატებითი დაფინანსება დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობით, მეორემ - დაახლოებით 800 000 ლარი. ერთადერთი მიზანი ბლოკების შექმნის იყო სახელმწიფო სახსრების მითვისება. ასეთი მანკიერი პრაქტიკა არის საქართველოში ჩამოყალიბებული. არც ერთი რეალური ბლოკი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ შექმნილა. რაც ადასტურებს იმას რომ გარდა თეორიული მოსაზრებებისა, ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება პრაქტიკულადაც სწორია. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მივიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება და დავთანხმდით ვენეციის კომისიას იმაზე, რომ ერთჯერადად დავტოვოთ ბლოკი. შესაბამისად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ბლოკების და 3%-იანი ბარიერის პირობებში.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






