ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხისთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირებაა.
„ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი ამ სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტებზე. მინდა იცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი არის განსახორციელებელი პროექტები და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით გაიზრდება კიდევაც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტიანობაზე“- აღნიშნა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






