ოკუპირებულ აფხაზეთში ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს:
”ვგმობთ ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
ნაურუ, ვენესუელასა და ნიკარაგუასთან ერთად, წარმოადგენს იმ გამონაკლის სახელმწიფოებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების სრული იგნორირებით, რუსეთის გავლენითა და ზეწოლით, დღემდე აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოადგინონ და მათ კონტაქტებს შეუწყონ ხელი საერთაშორისო არენაზე, არასდროს იქნება დაშვებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ძალის გამოყენებითა და ეთნიკური წმენდის შედეგად შექმნილ ე.წ. სახელმწიფოებს.
ასევე, რუსეთთან ერთად, სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და ავითარებენ არალეგიტიმურ კონტაქტებს ოკუპირებულ რეგიონებთან, მანამ იქნებიან საერთაშორისო წნეხის ქვეშ, სანამ საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს არ აღიარებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ უკანონო ვიზიტთან დაკავშირებით”, - აცხადებენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






