ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები მისი განცხადებით: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.“
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.
ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება - „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ქვეყნის მდგრადობისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.
მასალის გამოყენების პირობები






