ისტორიის გაყალბება გრძელდება - ანტიქართული პროპაგანდის წამყვან ინტერნეტპორტალ sputnik-abkhazia.ru-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ვინმე ბლოგერი რისმაგ აჯინჯალი, მამამისზე, "ისტორიკოს" ერმოლე აჯინჯალკზე დაყრდნობით აცხადებს, რომ XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი, აფხაზეთში, სოხუმთან, მდ. ბესლეთზე გადებული ერთმალიანი თაღოვანი ხიდი არა ქართული, არამედ აფხაზური კულტურის ძეგლია და ქართველებმა, მისი მითვისების მიზნით, ხიდზე, 1935 წელს რეკონსტრუქციის დროს, ამოტვიფრეს ქართული ასოები.
შეგახსენებთ, რომ ხიდის თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთვრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „ქრისტე მეუფეო ყოველთა..... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი.“ (საუბარია საქართველოს გამაერთიანებელ მეფე ბაგრატ III-ზე, რომელმაც პირველად მიიღო ტიტული „მეფე აფხაზთა და ქართველთა“).
იმის დასამტკიცებლად, რომ წარწერებ ხიდზე ქართველმა რესტავრატორებმა 20-ე საუკუნეში სტატიაში მოყვანილია ხიდის მიმდებარედ, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მცხოვრები ბერძენი მოსახლეობის მონაყოლი, რომელთაგან უმრავლესობა ცოცხალი არაა და შავთეთრი ფოტოსურათი.
აჯინჯალი აცხადებს, რომ ანალოგიური მეთოდებით ცდილობდნენ ქართველები აფხაზური კულტურისა და ისტორიის გაყალბებას. მისი განცხადებით, ხიდს წმ. მეფე თამარის სახელი ვერაფრით მიენიჭებოდა, რადგან ხიდი აფხაზების აშენებულია. თუმცა, სეპარატისტებს ავიწყდებათ, რომ X-XII საუკუნებში აშენებული მსგავსი ქვისთაღოვანი ხიდების ძირითადი ნაწილი გვხვდება ლაზეთსა და ჭოროხის აუზში, აჭარაში, იმერეთში და სხვაგან. შესაბამისად, ის სწორედაც შუასაუკუნეებში ქართული ხიდმშენებლობის ტრადიციაა.
სეპარატისტული სულისკვეთბით გაჟღენთილი, პროპაგანდისტული სტატია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული კულტურის კვალის წაშლის მცდელობის მორიგი მაგალითია. იგი არამარტო "შიდა მოხმარებისთვის" არის განკუთვნილი, არამედ მთელ მსოფლიოში არსებული რუსული საინფორმაციო წყაროების მომხმარებლისთვის.
(ქვისთაღოვანი ხიდები აჭარასა და იმერეთში)


მასალის გამოყენების პირობები






