საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ და ქვეყნის მიერთებამ სატრანსპორტო დარგში არსებულ პრიორიტეტულ კონვენციებთან, საქართველოს საშუალება მისცა ამ კუთხით გამხდარიყო რეგიონში ლიდერი.
სხვადასხვა შეთანხმებებმა, კონვენციებმა და ევროდირექტივებმა უნდა მოიტანოს სატრანსპორტო პარკის სტრუქტურული გაუმჯობესება და დარგში დასაქმებული კადრების მომზადება ამაღლება ევროკავშირის ქვეყნების დონემდე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში შესაბამისი ტრენინგი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს:
„საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ და ქვეყნის მიერთებამ სატრანსპორტო დარგში არსებულ პრიორიტეტულ კონვენციებთან თუ შეთანხმებებთან, შექმნა იმის ხელსაყრელი პირობები, რომ საქართველოს გამოეყენებინა თავისი სატრანსპორტო პოტენციალი და გამხდარიყო ლიდერი რეგიონში. ამ შეთანხმებების , კონვენციების და ევროდირექტივების შინაარსმა, რომლის დანიშნულებაა უსაფრთხოების ამაღლება, შედეგად უნდა მოიტანოს სატრანსპორტო პარკის სტრუქტურული გაუმჯობესება და რაც მთავარია დარგში დასაქმებული კადრების მომზადება თუ ამაღლება ევროკავშირის ქვეყნების დონემდე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. 2013 წლიდან, როდესაც საქართველო მიუერთდა შეთანხმებას (ATR ევროპის შეთანხმება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ), გაჩნდა შესაძლებლობა იმისი, რომ მომზადებულიყვნენ მძღოლები ევროკავშირის და სხვა მოწინავე ქვეყნების ტერიტორიაზე, როგორც ორმხრივი, ისე ტრანზიტული და ადგილობრივი დასაქმების მიზნით, მათი შრომისა და დასვენების აღმრიცხავი მოწყობილობების - ტაქოგრაფების გაუმჯობესებული კონსტრუქციის და მაღალტექნოლოგიური პროცესების მოწყობილობების ექსპლუატაციისთვის საჭირო მომზადებისა და პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფისათვის. ამისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში არსებულ საკვალიფიკაციო ცენტრში, დაიწყო ასეთი მძღოლების მომზადება, რომელთაც დაემატა, ასევე ავტოსატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებელი პირების მომზადებაც. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეისათვის უკვე მომზადებულია 1000 - მდე მძღოლი და 100 - მდე კომპანიის თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საქმიანობს ქვეყნის შიგნით, ნაწილი წარმატებულად მუშაობს საზღვარგარეთ. ისინი არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე. ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც.
(შენიშვნა: პლასტიკური ბარათი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით გაცემული ისეთი დოკუმენტები, რომელთა ზუსტი ანალოგი გაიცემა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ამ ბარათების მფლობელი მძღოლების ცოდნა და მათ მიერ მიღებული დოკუმენტი არის სრულიად იდენტური ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაცემული დოკუმენტებისა.)
ამასთანავე, ქვეყნის მიერ აღებული, ზემოაღნიშნული ვალდებულების რეალიზაციის ფარგლებში, სავალდებულო ხდება გადამზიდველების (კომპანიების) სატრანსპორტო საქმიანობა განახორციელონ კომპეტენტურმა მენეჯერებმა.
სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში გადაწყდა ამ სპეციალისტების მომზადება, ერთ - ერთი დირექტივის (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტი) საფუძველზე, მომხდარიყო საავტომობილო ტრანსპორტში ყველაზე ცნობილი და გამოცდილი საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციის IRU - ს (საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი) მიერ აკრედიტაციის გზით. იგი გულისხმობდა IRU - ს ექსპერტების მიერ ქართველი ექსპერტების მომზადებას, კვალიფიკაციის მინიჭებას და ამ სპეციალისტების მიერ მენეჯერების მომზადების შედეგად, მათზე IRU - ს დიპლომების გაცემას. ყველა ამ პროცედურას თავი მოუყარა 2016 წელში IRU - ს მიერ აკრედიტაციის პროცესის დასრულებამ. დღეისათვის საკვალიფიკაციო ცენტრში მომზადებულა 29 პროფესიონალი მენეჯერი, რომლებზედაც გაცემულია IRU - ს აკადემიის დიპლომები.
ამასთანავე, IRU - ს მიერ დასრულდა საკვალიფიკაციო ცენტრის აკრედიტაცია სპეციალობით CPC მძღოლები, რომლის საფუძველიც ასევე არის საქართველოს და ევროკავშირს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივა, (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 15 ივლისის დირექტივა 2003/59/EC) იგი გულისხმობს მძღოლების საერთო მომზადებას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების განსახორციელებლად, რაც ითვალისწინებს მათ სააუდიტორიო მომზადებასთან ერთად რეალურ საგზაო პირობებში (ავტოპოლიგონი) მათ პრაქტიკულ უნარ - ჩვევების გამომუშავებას და ამაღლებას. აღნიშნული სპეციალობა პროფესიონალთა წრეებში ცნობილია, როგორც „კოდი 95“. ამ შემთხვევაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ მძღოლებისათვის საკმაოდ დიდი დოზით მოხდება მათი პრაქტიკული უნარ - ჩვევების სწავლება და ამაღლება რეალურ საგზაო პირობებში, რისთვისაც გამოყენებული იქნება სპეციალურად ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული ავტოპოლიგონი. პრაქტიკული უნარ - ჩვევების სწავლება განხორციელდება სხვადასხვა საგზაო პირობებში. შესაბამისად, მომზადებული მძღოლების ტესტირებაც უნდა მოხდეს ყველა ამ შემთხვევისთვის. დღეისათვის, როგორც გარდამავალ ეტაპზე, საკვალიფიკაციო ცენტრი გამოიყენებს საქართველოში, არა მის საკუთრებაში არსებულ რესურსებს, რაც გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, პარალელურად მიმდინარეობს საპროექტო და პრაქტიკული სამუშაოები ჩვენი ავტოპოლიგონი ასაშენებლად, ამ სფეროში ცნობილი და აღიარებული უცხოელი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილია ტერიტორია და მოძებნილია შესაბამისი სახსრებიც.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, IRU - სთან წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე გვაქვს ჩვენ საფუძვლიანი ამბიცია იმისა, რომ ამ ცენტრმა თავისი ინფრასტრუქტურული და საკადრო პოტენციალით მოიპოვოს რეგიონალური სტატუსი“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.



მასალის გამოყენების პირობები






