საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ცვლილებების შემდეგ საჭირო გახდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და ასევე პერსონალური ცვლილებები მთავრობაში. რაც შეეხება დეტალებს, უკვე დაანონსდა, რომ ხვალ ექნება პრემიერს ბრიფინგი. პრემიერის პრეროგატივაა რა თქმა უნდა ამ ინიციატივის წარდგენა საზოგადოებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში იმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, მინიტრთა კაბინეტში დიდი ცვლილებები იგეგმება. სტრუქტურული ცვლილები ეხება ხუთ სამინისტროს: გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის, ევროინტეგრაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს.
თანამდებობას ტოვებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი.
ეკონომიკის სამინისტრო ფართოვდება. მას ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილი უერთდება. უწყებას ფინანსთა ამჟამინდელი მინსიტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება. "საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი, მამუკა ბახტაძე, ან ქუმსიშვილის მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი ჩაიბარებს.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.
სავარაუდოდ, კახა კახიშვილი ახალ საგამოძიებო სტრუქტურას უხელმძღვანელებს, რომელიც სამართალდამცველების ქმედებებს შეისწავლის. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, არსებული ინფორმაციით, ის იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, რომელსაც კვლავ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება. არსებული ცნობით, იგეგმება კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც, რომლის ხელმძღვანელიც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.
ასევე, შესაძლოა, გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები






