მერის არჩევნების მეორე ტური ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ქუთაისსა და მარტვილში ჩატარდება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია და საარჩევნო უბნებზე ყველა საჭირო ინვენტარი გადაგზავნილია.
ხვალინდელი არჩევნებისთვის აღნიშნულ უბნებზე რეგისტრირებულია 328 272 ამომრჩეველი.
ანა მიქელაძის თქმით, მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს ექვსი საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
"საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე. მათ შორის, ერთი უბანი არის ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი" - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები ხვალ, ქუთაისის გარდა, 5 თვითმმართველ ოლქში ჩატარდება. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი - ამ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა, პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






