2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებით შემოღებულ პროცედურებში, ასევე დისციპლინურ პროცედურებში არ არის სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება:
„2017 წლის მაისში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო სასამართლოების სისტემის პირველი ყოველმხრივი სტრატეგია და მისი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტებში დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ეფექტიანობის, ასევე მართლმსაჯულებაზე წვდომის შესახებ თავებში ჩამოყალიბებულია ხედვა და კონკრეტული ზომები და ინდიკატორები. რაც შეეხება მართლმსაჯულებაზე წვდომას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებით შემოღებულ პროცედურებში, ასევე დისციპლინურ პროცედურებში არ არის სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ახალმა კონსტიტუციამ შემოიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დასახელების შემდეგ, ასევე შემოიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესება. 2017 წლის იანვარში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წელს იქნა დანერგილი, საქართველოს სხვა რეგიონებშიც და უფრო მეტი ტიპის დანაშაულისთვის შემოიღეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






