თბილისის მერმა ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში განხორციელდა.
„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ მინდა, ძალიან მოკლედ, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემი მერობის პერიოდში, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 7 მლნ მ2-ზე მეტ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ კაპიტალურად რეაბილიტირდა 755 ქუჩა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.
საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე. თბილისის მერის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა. ასევე მასშტაბური საკანალიზაციო ქსელების მოწყობა კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე.
დავით ნარმანიას განცხადებით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ხიდების სრული საინჟინრო გამოკვლევა და მასშტაბური აღდგენა-გამაგრების სამუშაოები აქამდე არასდროს განხორციელებულა.
თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 472 ობიექტზე.
13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.
„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი, გარდა ამისა კი წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ
თბილისის მერის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები.
„მოვაწყვეთ ავტობუსის ზოლები, კომფორტული გადაადგილებისათვის. რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური - „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; ასევე, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისათვის, რაც თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დავით ნარმანიას თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 ახალი პროგრამა განახორციელა.
„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გეტყვით, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი და სოციალური საცხოვრისი რომლებიც თბილისს არასდროს ჰქონია.
გარდა ამისა, მერიის მიერ უძრავი ქონებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების აშენების პირობით ჯამში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 365 ოჯახი დაკმაყოფილდა.
„ბოლოს მოკლედ გეტყვით განათლების მიმართულებით, რომ აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






