როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, ნინო გვენეტაძეს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გულისხმობს 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას
იუსტიციის საბჭოს წევრებმა ნინო გვენეტაძისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.
”თქვენ ახლაც აგრძელებთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას. ამბობთ, რომ ჩვენს შეკითხვაზე გაგვცემთ პასუხს სხდომის დასრულების შემდეგ, თუმცა ვერ მეუბნებით და ვერ მიმითითებთ კანონის ვერც ერთ მუხლს, თუ პუნქტს, თუ რატომ არ გვცემთ პასუხს ახლა. ნუ გვექცევით ისე, როგორც მეფე ვეზირებს”, - მიმართა გვენეტაძეს საბჭოს წევრმა რევაზ ნადარაიამ.
”მე არაერთხელ განვმარტე, რომ ჩემს პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ გავაჟღერებ. ამჟამად თქვენ ულტიმატუმის ენით მესაუბრებით, რომელსაც მე არ ვიზიარებ”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
განცხადება გააკეთა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც, მისი თქმით ის საკუთარი განსხვავებული პოზიციის გამო საბჭოს სხვა წევრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი ხდება. საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ ჯანეზაშვილს უპასუხა და განაცხადა, რომ ჯანეზაშვილმა არ იცის რა არის ბულინგი.
„როდესაც ამბობთ, რომ ჩრდილი ადგება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პირველ რიგში, თქვენ გაგაქვთ საბჭოს სხდომიდან საკითხები ჟურნალისტებთან.” - განაცხადა ლევან თევზაძემ
კამათის გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენება უკვე მეორედ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






