რატომ არ ითვალისწინებს გენგეგმა თბილისის გეოსტრატეგიულ ფუნქციას
პოლიტიკა - 11:02, 06 Nov, 2017     1140
სითი ინსტიტუტ საქართველოსმიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი, დაწუნებული როგორც ადგილობრივი სპეციალისტების, ისე აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ფრანგი ქალაქმგეგმარებელის, ერიკ ჰიუბრეხტის მიერ, მერიის შესაბამისმა სამსახურმა 13 ნოემბერს უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, გამოდგება თუ არა ის დედაქალაქის განვითარების დოკუმენტად. თუმცა ჩვენ ამჯერად გენგეგმის იმ ასპექტზე ვისაუბრებთ, რომელიც უნდა იყოს და საერთოდ არ არის ნახსენები თბილისის განვითარებისთვის შექმნილ დოკუმენტში, კერძოდ: თბილისის, როგორც საქართველოსა და რეგიონის, ცენტრის ფუნქციაზე.


არქიტექტორი გიგა ბაიაშვილი იმთავითვე შენიშნავდა გენგეგმის პროექტის შეფასებისას, რომ: „საქართველოზე გადის რეგიონისა და აზია-ევროპის დამაკავშირებელი არტერიები. ესე იგი, ჩვენ ვჭირდებით დანარჩენ სამყაროსაც და ჩვენ საშუალება გვეძლევა, აქედან მივიღოთ დივიდენდები. საქართველო არის რეგიონის საკვანძო ქვეყანა, რომელზეც უნდა გაიაროს არა მხოლოდ რეგიონულმა ტრანზიტმა, არამედ აზია-ევროპის ორმხრივმა ტრანზიტმაც. მაშასადამე, საქართველოში დაილექება ფინანსები, ინტელექტი... გარდა ამისა, ეს ზრდის აუცილებლობას, რომ შენს ქვეყანაში გაჩნდეს დიდი, საქმიანი ორგანიზმები, რასაც დღეს „სითის“ უწოდებენ, რომლებიც არა მხოლოდ შენთვის იმუშავებენ, არამედ დაინტერესებული ქვეყნებისთვისაც და მათი ინტერესი უნდა შეაჯერო შენსას. ეს ახალი საქმიანი უბანი – „სითი“ სად განთავსდება, სად იქნება უკეთესი ქალაქისა და ქვეყნისთვის?! იმის თქმა მინდა, რომ გენგეგმაზე ლაპარაკი ქვეყნის განსახლების გეგმის გარეშე, გამორიცხულია. განსახლების გეგმის ერთ-ერთი ამოცანაა ქვეყნის პოტენციალის შესწავლა და იმის განსაზღვრა, თუ რომელი რესურსის ამუშავებაა საჭირო უახლოესი 10 თუ 20 წლის განმავლობაში... სად მდებარეობს ჩვენი ქვეყანა?! უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეგიონის საკვანძო ზონაში. ეს ახალი ვითარება სრულიად ცვლის დამოკიდებულებას განსახლების, მიწათსარგებლობისა და გენგეგმის მიმართ. სამჯერ მოვისმინე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია და არ შემცვლია დამოკიდებულება, იმიტომ რომ მასში არ არის გათვალისწინებული ეს ახალი ვითარება და ეს არის მთავარი ხარვეზი, რის გამოც არ ვარგა ეს დოკუმენტი და არ შეიძლება, იყოს გამოყენებული.“

საქართველოსა და მისი დედაქალაქის გეოპოლიტიკური ფუნქცია არსადაა ნახსენები თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე უკვე გადის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ენერგოპროექტები, შენდება ახალი მასშტაბური პორტი შავ ზღვაზე და თბილისის რკინიგზის სადგური უკვე ჩაიარა ბაქო–თბილისი–ყარსის სატვირთო შემადგენლობამ, რომელიც ჩინეთს, საქართველოს გავლით. ევროპასთან აკავშირებს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ გაიჭრა პირდაპირი გზა თბილისიდან ევროპისკენ. სწორედ გეოგრაფიული მდებარეობა უნარჩუნებს თბილისსა და საქართველოს სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქციას და ზრდის მის გეოპოლიტიკურ დატვირთვას, თუმცა აზერბაიჯანი გვისწრებს ეკონომიკური მაჩვენებლებითაც და სამხედრო პოტენციალითაც.

მეორე მხრივ, მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა არ არის საკმარისი ლიდერობის შესანარჩუნებლად. ჩვენ არ ვიცით, რატომ გამორჩა თუ გამოტოვა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ეს დეტალი, მაგრამ ვიცით, რომ ამ ფაქტორის გააუაზრებლობა საბედისწერო შეცდომად შემოუტრიალდება ქვეყანას. თბილისის მნიშვნელობასა და მისია–ფუნქციების შესახებ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესა და კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს გავესაუბრეთ (იმ იმედითაც, რომ თბილისის გენგეგმის ავტორებიც გაეცნობიან საკითხს).

ბატონო რამაზ, ის, რომ არ არსებობს თბილისის მოსახლეობის დაცვისა და ევაკუაციის გეგმა სამხედრო მოქედებებისას ან სტიქიური უბედურებისას, ეს ერთ უბედურებაა. ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თბილისის გეოპოლიტიკური ფუნქცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი. როგორია თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქისა და როგორც სამხრეთ კავკასიის ფორმალური და არაფორმალური ცენტრის, თავისებურება? ანუ რა მისია აქვს თბილისს რეგიონისთვის.

რამაზ საყვარელიძე: დიდი მადლობა კითხვისთვის. რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც მერობის კანდიდატები თავიანთ პროგრამებს აცნობდნენ ამომრჩეველს, ეს ასპექტი ან, ფაქტობრივად, არ იყო, ან გადატანილი იყო უკანა პლანზე და ჩემთვის ავხსენი იმით, რომ პროგრამები ამომრჩეველზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ამომრჩევლის ინტერესებს პასუხობს, ამიტომ მეტნაკლებად აბსტრაქტული პოლიტიკური საკითხები გამოტოვეს მერობის კანდიდატებმა თავიანთ პროგრამებში–მეთქი. ამის დეფიციტი აქამდე მომყვება და ამიტომ გიხდით მადლობას კითხვისთვის.

რაც შეეხება თბილისის გეოპოლიტიკურ ფუნქციას: ბუნებრივია, ეს საქართველოს გეოპოლიტიკის ნაწილია. ხშირად იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციაა კარგად გაცნობიერებული, რადგან ის კარდინალური პროცესი, რაც დაიწყო ჩინეთის მატარებლის შემოსვლით თბილისში...

საცდელ მატარებელს გულისხმობთ, რამდენიმე თვის წინათ რომ ჩაიარა თბილსში ჩინეთიდან ევროპსკენ.

–დიახ და ახლახან გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „აბრეშუმის გზის“ ნაწილი ხდება საქართველოს რკინიგზა და მთელი მსოფლიოს ყურადღება ამისკენაა მიპყრობილი.

პრინციპში ამ სარკინიგზო ხაზის პერსპექტივაც ისეთივეა, როგორიც თავის დროზე იყო ბაქო-ჯეიჰანისა და შაჰ-დენიზის მილსადენების პროექტები და შავ ზღვაზე პორტების გაძლიერების საკითხი, ანაკლიას ვგულისხმობ. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო აი, ამ ევროპისა და აზრიის დამაკავშირებელი რგოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასეთ დროს ითქმება ხოლმე, რომ ეს მოიზიდავს ინვესტიციებს, რა თქმა უნდა, უნვესტიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ პროექტებს იმავდროულად აქვს გეოპოლიტიკური ფუნქცია. რუსეთი ძალიანაა შეშფოთებული ამ სარკინიგზო ხაზის გახსნით, რომელიც, ფაქტობრივად, ტრანსციმბირული მაგისტრალის კონკურენტია.

ჩინეთის პოლიტიკაა, რომ დაქსელოს სარკინიგზო გზებით მთელი ევრაზიული კონტინენტი. რუსეთის გავლითაც მიემართება ჩინეთიდან ტვირთები ევროპისკენ.

–მაგრამ ის მაგისტრალი რჩება გვერდზე, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და სატრანზიტო ორიენტაცია იმიტომაცაა აღებული მცირე ზომის ქვეყნებზე, რომ მათ ისეთი პოლიტიკური პრეტენზიები არ ექნებათ, როგორიც დიდ ქვეყნებს. ოღონდ რუსეთი ძალიან ღელავს ამის გამო და მას, ფაქტობრივად, ტოვებენ თამაშგარედ. მეორე მხრივ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც არაფერზე დაიხევს უკან თავისი მიზნების მისაწევად და ვიცით, რომ თბილისიდან 60 კილომეტრში დგას მისი შიარაღებული ძალები.

ამ პროექტით, თბილისი ხდება ამ კვანძების ცენტრალური წერტილი და, ამდენად, შესაძლო რუსული აგრესიისგან თბილისის გადარჩენა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ინტერესია. ასე რომ, ფაქტობრივად, თბილისისა და საქართველოს ბედი ემთხვევა და როდესაც საერთაშორისო ფუნქციაზეა ლაპარაკი, აქ უპირველესად, თბილისის ფუნქცია იგულისხმება. სწორედ იმიტომ, რომ თბილისია გადასარჩენი. თბილისზე რომ აგრესია განხორციელდეს ან საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი გაწყდეს შუაში, რაც, პრინციპში, ნახევარი საათის საქმეა, მთელი ეს პროექტები, მინიმუმ, ყირამალა დგება. არადა, ამ პოლიტიკის მწარმოებელი, თუ როგორ გადარჩეს ეს პროექტები, უნდა იყოს თბილისი, საქართველოს გონი უნდა იყოს თბილისი. ანუ ეს ფუნქცია ეკისრება დედაქალაქს. იმიტომ გავშალე ეს საკითხი, რომ აი, ამ რთულ თამაშში ჩართულ საქართველოს, თვითონაც მოუწევს ძალიან რთული თამაშის წარმოება. მით უმეტეს, რომ ის ეკონომიკურადაცაა დაინტერესებული ინვესტიციებში და იმაშიც, რომ საქართველო გახდეს დასავლური კაპიტალის ჰაბი. აქ უნდა გაიხსნას ის საწარმოები, რომლებიც თავის ბაზარს იპოვის ახლომახლო ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მისადმი ინტერესს, მაგრამ აქამდე პროცესის მიყვანა ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ თბილისის საქმეა.

სამწუხაროდ, ეს ასპექტები ნახსენეიც არ არის თბილისის განვითარების გეგმაში.

– როდესაც ჩვენ ტურისტების თავმოსაწონებლად ვიღებთ კლიპებს, იქ ცენტრალური ადგილი უკავია თბილისს. მაგრამ პოლიტიკური პარტნიორებისთვის შეიძლება, მოსაწონი გახდეს ქალაქი, რომელშიც თითქმის არ არსებობს სამეცნიერო დაწესებულება?! ქალაქი, რომელშიც ცოცხალი შემოქმედებითი პროცესები ძირითადად კერძო ბინებში მიმდინარეობს?! ამ დროს კი თბილისი ყოველთვის იყო არა მარტო გეოპოლიტიკური, რეგიონის კულტურული ცენტრიც, რომელსაც შეეძლო, ზემოდან ეცქირა ბევრისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ სომხური კულტურის მოღვაწეთა დიდი ნაწილი თბილისშია დაბადებული, იმიტომ რომ აქ იყო კულტურული ცენტრი და აი, ამ კულტურული ცენტრის სტატუსსაც კარგავს დედაქალაქი. ხოლო, თუ კულტურული და ინტელექტუალური ცენტრის სტატუსი დაკარგა თბილისმა, ის მართლაც მხოლოდ რკინიგზის ერთ-ერთი სადგური გახდება და თბილისი აღარ იქნება ანგარიშგასაწევი პარტნიორი. როდესაც ამბობენ, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენო. აქ იგულისხმება, რომ შეთანხმდნენ რუსეთისა და ამერიკის პოლიტიკური ელიტები. თბილისზეც რომ თქვან იგივე, პოლიტიკური ელიტა უნდა გყავდეს იმ დონის, რომელსაც შეეძლება ამ ურთიერთობებში თავის წარმოჩენა. თუ არადა მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი იქნები. ანუ იქნები „გეო“ და არ გექნება „პოლიტიკა“. და აი, ამ გეოპოლიტიკის სტრუქტურაში პოლიტიკაა ჩვენი გასაჭირი. ამიტომ ხშირად ქართული მხარე პასიური თანამონაწილეა საერთაშორისო პროექტების. თუ აღმოსავლეთისა და დფსავლეთის ხიდი გახდები და პროცესის მნიშვნელოვანი მოთამაშე, რუსეთი შენდამი უფრო აგრესიული გახდება, ამიტომ მოსაგებად გჭირდება ინტელექტუალური რესურსიც. თუ აღმოსავლეთ-დასავლეთის ხიდის ფუნქცია მარტო სხვების საკეთებელი საქმე იქნა და შენ უბრალოდ ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლივით ხელში ჩაგივარდა შენი აი, ეს ფუნქცია, დიდხანს ვერ შეინარჩუნებ. საკმარისია, რაღაც შეიცვალოს მსოფლიოში და შენ ისევ გვერდზე აღმოჩნდები. ამიტომ თბილისს, როგორც გეოპოლიტიკურ ცენტრს, აკლია ცოტა მეტი აქტიურობა და ცოტა მეტი აქცენტი მსოფლიო პოლიტიკაზე.

ბატონო მამუკა, თბილისის, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური და საქართველოს ცენტრის, ფუნქცია თუ არის აწერილი რომელიმე დოკუმენტში და რომელიმე დოკუმენტი თუ განსაზღვრავს დედაქალაქის ამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს?

მამუკა არეშიძე: ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრას თბილისს, როგორც საქართველოს დედაქალაქს და ამით მთავრდება ყველაფერი. სხვა ისეთი დოკომუნტი, რომელიც თბილისის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდის, არ მინახავს პირადად მე.

მაშინ ასე გკითხავთ, როგორია თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრის, მნიშვნელობა?

–თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ გამოცდილებას, თბილისი ყოველთვის იყო გარკვეული ფუნქციის გეოპოლიტიკური ცენტრი, რეგიონული ცენტრი მაინც. ეს ხდებოდა მაშინაც, როდესაც თბილისი იყო დაპყრობილი და რომელიმე მეზობელს ექვემდებარებოდა. და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისი შემთხვევით, მხოლოდ ვიღაცის ახირების გამო, არ გამხდარა დედაქალაქი. მისი დედაქალაქობა განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და შემდეგაც, როდესაც უცხო იმპერიების შემადგენლობაში იყო, თბილისი მაინც ინარჩუნებდა რეგიონული ცენტრის ფუნქციას. მაგალითად, რუსეთის იმპერიის დროს თბილისში იყო განლაგებული იმპერიის ყველა ის უწყება, რომლებიც მართავდნენ მთლიან რეგიონს კავკასიის ქედიდან ვიდრე ჩრდილო თურქეთამდე, ანუ მთელ იმ სივრცეს, რომელზეც ვრცელდებოდა რუსეთის იმპერიის გავლენა. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირის დროს საკვანძო საკავშირო უწყებები თბილისში იყო განლაგებული. მაგალითად, ამიერკავკასიის რკინიგზა.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლ.

–დიახ, კავკასიის სამეცნიერო ცენტრები, მაგალითად, მინერალოგიის ინსტიტუტი. დამოუკიდებლობის პერიოდში კი თბილისი იყო ამიერკავკასიის კონფედერაციის დედაქალაქი.

პირველ რესპუბლიკის დროს.

–დიახ. ასე რომ, თბილისს ტრადიციულად ყოველთვის ჰქონდა რეგიონული დომინანტის ფუნქცია. გასული საუკუნის 90-ან წლებში იყო მცდელობა, რომ თბილისი ყოფილიყო კავკასიის გეოპოლიტიკური ცენტრი. ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას ერთიანი კავკასიის იდეას, რომელიც თბილისს გულისხმობდა პოლიტიკურ ცენტრად და 1993 წელს ჯოხარ დუდაევმა პირადად მითხრა საუბრისას, რომ ჩვენ, ანუ ჩეჩნეთი უნდა ვიყოთ საქართველოსთან ერთიანი წარმოანქმნის შემადგენლობაში, რომლის დედაქალაქიც იქნება თბილისიო. შევარდნაძის მშვიდობიანი კავკასიის იდეაც გულისხმობდა, რომ საქართველო და, მით უმეტეს, თბილისი უნდა ყოფილიყო სამშვიდობო ცენტრი. ახლანდელ მთავრობასაც მივაწოდეთ იდეა, რომ თბილისში შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა და ამით განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინოს ჩვენმა დედაქალაქმა. ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ისტორიული გამოცდილებაც და დღევანდელობაც გვაძლევს იმის საფუძველის, რომ თბილისს სჭირდება დამატებითი ფუნქცია, რადგან ისეთი მდებარეობა აქვს ქალაქს, სადაც იკვეთება არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ინტერესებიც. პრემიერმა, თუ არ ვცდები აპრილში, გამოაცხადა, რომ უნდა შევქმნათ სამშვიდობო პლატფორმა თბილისშიო, მაგრამ ამ წინადადებას რეალიზაცია არ მოჰყოლია. ყველაზე მთავარი კი ის კითხვაა, რომელიც თქვენ დასვით: არის თუ არა განსაზღვრული რომელიმე დოკუმენტში თბილისის ფუნქცია. არც ერთ დოკუმენტში არ არის და ყველაზე საწყენია ისაა, რომ ეს არ ჩანს არც საქართველოს განვითარების სტარტეგიულ გეგმაში.

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42