„დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი მიმართულებაა დანაზოგების ზრდა და კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმართულია დანაზოგების ზრდისკენ. ეს არის ფისკალური რეფორმა, რომლითაც, პრაქტიკულად, გავაორმაგეთ მთავრობის დანაზოგები, რომელიც კაპიტალურ ინვესტიციებისა და ვალის მომსახურებისკენ იქნება მიმართული.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ლარის ნდობის შესახებ, დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ვალუტის ნდობა, მაგრამ არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნული ვალუტის ნდობა გვაქვს ჩვენ უცხოური ინვესტირებისაგანაც. სამწლიანი ვადით „საქართველოს ბანკმა“ ლარში დენომინირებული ევრობონდები გამოუშვა, რომელიც ძალიან წარმატებით გაიყიდა. მსგავს პროექტებს ახორციელებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას, საბოლოო ჯამში, რისკის შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
იმ რეფორმებს შორის, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა საპენსიო რეფორმა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის სქემის განვითარება და დეპოზიტების დაზღვევა.
„საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი შეიქმნას და საბოლოო ჯამში, ღირსეული სიბერე ჰქონდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ძალიან მალე საპენსიო კანონთან ერთად შემოვალთ ჩანაწერით, რითაც მოვითხოვთ ბაზისური პენსიის ინდექსაციას. 2019-20 წლებში 20-20 ლარით იქნება ზრდა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კერძო-საჯარო თანამშრომლობის სქემის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად გადაგზავნილი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად ზრდის საინვესტიციო პოტენციალს. აღნიშნული კანონი შეამცირებს ბიუჯეტიდან გასაწევ დანახარჯებს. შესაბამისად, ესეც დანაზოგების ზრდისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა.“
რეფორმებს შორის, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს; გადახდისუნარიანობის რეფორმა; მიწის რეფორმა და სხვ.
„ჩვენ დღეს ფუნდამენტურ პრობლემებს ვებრძვით და მათ ვწყვეტთ ფუნდამენტურად და არა - ზედაპირულად. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან წინსვლას აუცილებლად,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






