„საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ საზღვარი აქ არ გახლავთ. საქართველოს რუსეთთან საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის. ეს არალეგიტიმურია.
„დღესაც, არსებულ ვითარებაში, ძალიან ბევრი შეზღუდვაა, რომლის ფონზეც მოსახლეობას გადაადგილება ძალიან რთულ პირობებში უხდება. ასევე მცირე ვაჭრობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც მავთულხლართებით იზოლირებულ ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ.
„რა განცხადებებიც პოლიტიკური სიმბოლიკის მიღმა კეთდებოდა - რომ ვაჭრობის მოცულობა ახალგორის მონაკვეთზე საკმაოდ დიდია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცვლა-გამოცვლა, გადაადგილება, გარკვეული ტვირთებითა და პროდუქტებით მომარაგება იმ ერთადერთი არხიდან, რომელიც დღეს მთელი საოკუპაციო ზონის პერიმეტრზე ფუნქციონირებს - ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს, რადგან მოსახლეობას მავთულხლართების მიღმა რეალურად ძალიან მძიმე ჰუმანიტარული და ეკონომიკური გამოწვევები აქვს. არსებული ვითარებისა და ისედაც რთული პირობების ნებისმიერი ფორმით კიდევ უფრო დამძიმება მიუღებელია. ჩვენი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდეს“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლება საქართველოდან შესული ტვირთების აღრიცხვას ახალგორთან აპირებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. მურატ ცხოვრებოვმა, საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით იდგმება. საბაჟოს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ პუნქტის გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საქართველოდან შემომავალი ტვირთების ინტენსიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის არ იბეგრება.
მასალის გამოყენების პირობები






