ზოგადად, თბილისის ახალი მერი დამოუკიდებელ თამაშს რომ თამაშობს, ეს ახალი არავისთვის არის. „ნიუპოსტს“ ისიც უთხრეს, რომ უახლოეს მომავალში კახა კალაძე მერიაში დიდ საკადრო წმენდას დაიწყებს და ყველა სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც თანამდებობა დავით ნარმანიას მერობის დროს მიიღო, „პენსიაში გაუშვებს“. ისე, ამ კონტექსტში ყურადღებამისაქცევია, რომ ყოფილი მერიც აფსაითში დარჩა, ანუ არსებობდა მოლოდინი, რომ დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩი გახდებოდა, მაგრამ ახალი ელჩების ჩამონათვლაში, რომელიც საგარეო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, ის არ ფიგურირებს. ზუსტად ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ნარმანიას და, ზოგადად, მასთან ასოცირებული ხალხის „ოცნებური კარიერა“ დამთავრდა.
ამის პარალელურად, გაზეთ „ქრონიკა+“ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ რამდენიმე დღის წინ „ფესიბუქში“ საგულისხმო პოსტი გამოაქვეყნა და პირდაპირ დაწერა, რომ კალაძის მამას და სხვა ახლობლებს უსმენენ.
ფარული მოსმენა, თვალთვალი და მიყურადება ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იღებს - მათ, ვინც ქართულ პოლიტიკას ორ ათეულ წელზე მეტია ადევნებს, ემახსოვრება, რომ თავის დროზე ზუსტად ფარული მოსმენები გახდა უშიშროების მინისტრის, შოთა კვირაიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი.
რაც შეეხება დღევანდელობას, ვის უნდა აწყობდეს ან ვის შეუძლია კალაძის ახლობლების მოსმენა? მოგეხსენებათ, 21-ე საუკუენე ტექნოლოგიების საუკუნეა და შესაბამისად, მოსასმენი აპარატურის შეძენა რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ, მაგრამ ახლა, იმის თქმა, რომ თბილისის ახალ მერს მოქალაქეები უსმენენ, რასაკვირველია, დილეტანტობა იქნება. კალაძე, თუ ზემოთხსენებული ინფორმაცია მართალია, ალბათ, სახელმწიფო უწყებების დაკვირვების ქვეშ არის, ანუ როგორც ჩანს, ზევითაც მიაღწია ხმებმა, რომ თბილისის მერი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას გეგმავს და ალბათ, უნდათ, მისი ყველა ქმედების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი.
იმ შემთხვევაში, თუ კალაძის პატრონაჟის ქვეშ ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, ეს „ოცნებისთვის“, მართლაც, სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან ჯერ ერთი, მმართველი გუნდი ერთიანი და მონოლითური არც ახლა არის. მეორეც, პოლიტიკურ ავანსცენაზე ახალი ძალის გამოჩენა ისედაც მყიფე ვითარებას უარესად „აჭრის“, ანუ „ოცნების“ სახეებს გაუჩნდებათ განცდა, რომ მათი დრო მთავრდება და შეეცდებიან, ახალ ორბიტაზე საკუთარი ადგილი მოძებნონ.
სხვათა შორის, „ნიუპოსტი“ უკვე წერდა, რომ ზაქარია ქუცნაშვილს, მას შემდეგ, რაც ღია ეთერში, პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა და „ოცნებაში“ არსებული ნეპოტიზმი გამოაშკარავა, „შუშის სასახლიდან“ არასასიამოვნო მესიჯები მიუვიდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლომ თიანეთის მერობა საბოლოოდ თამაზ მეჭიაურს მიაკუთნა. ეს ამბავი დამატებითი არგუმენტია იმ ვერსიის გასამყარებლად, რომ მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებები მწიფდება და ახალ წელს შესაძლოა, ახალი პოლიტიკური რეალობით შევხვდეთ.
ამ ფონზე, ალბათ, შემთხვევითი არც ის არის, რომ „ქართულმა მარშმა“ ჭიქაში ქრიშხალი ატეხა და გურამ კაშიას ბულინგიდან იერიში პირდაპირ „ოცნების“ სახეებზე მიიტანა. „მარშელებისგან“ დარტყმის ობიექტი განსაკუთრებით ლევან კობიაშვილი აღმოჩნდა, რომელიც იდეაში, ალბათ, კალაძის თანამოაზრეა. იგივე „ფეისბუქში“ უკვე ღიად იწერება, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები რაღაც დიდის დასაწყისია. ასევე კეთდება მინიშნება, რომ ეს „რაღაც დიდი“ შესაძლოა, მართული ქაოსი იყოს.
ზოგადად, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ადვილია. ამღვრეული პოლიტიკური სიტუაციიდანაც ხეირის ნახვას, ალბათ, ვიღაცეები ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები






