ე.წ “ქართული მარშის“ ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უპირისპირდებიან. კობიაშვილის საწინააღმდეგო განცხადებები დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე გაკეთდა.
ლადო სადღობელაშვილი ლევან კობიაშვილს საქართველოს მტერს უწოდებს და მისი პარლამენტიდან გაშვებას ითხოვს:
„კობიაშვილი უნდა დაემშვიდობოს პარლამენტარობას, ის არის საქართველოს მოქალაქეების მტერი“ - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
ლევან კობიაშვილს ზონდერ ჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს სანდრო ბრეგაძე:
„კაშია არ მაინტერესებს საერთოდ. კაშია არ წარმოადგენს ისეთ ფიგურას, რომელიც ჩვენი ინტერესის სფერო იყოს. აქ არის საუბარი, რომ შეწყდეს LGBT პროპაგანდა ქართულ სპორტში. LGBT პროპაგანდაზე უარესი არის ის ზონდერდაჯგუფებები, რომელიც ფეხბურთელებისგან შექმნა ზოგ-ზოგიერთმა და ამ ზონდერდაჯგუფებებს გადავუტეხავთ ხერხემალში,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით გამოსვლის გამო ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში და ლგბტ პროპაგანდაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა“ მოითხოვა. ამ მოთხოვნით ე.წ ქართული მარში ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართა. აქციამდე კაშიას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს, როგორც მოქმედმა ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმაც.
აქციაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების დაკავება პიროტექნიკის გამოყენების გამო სცადეს, რასაც აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






