რუსეთი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს, თუმცა ვადებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებზე საუბრობს. ამ საკითხზე „იზვესტიასთან“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარეობს სავიზო რეჟიმმის ლიბერალიზაციის პროცესი და მოსკოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში კოლეგებს კონკრეტული წინადადებები გაუგზავნა, კერძოდ საქმე ეხება ავიაეკიპაჟების წევრებისთვის ვიზების გაუქმებას.
„არ გამოვრიცხავთ გრძელვადიან პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას , სხვა საკითხია ის რომ ამ მიმართულებით წინსვლა გაძნელებულია. მთავარი დაბრკოლება დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა, რომელიც თბილისის ინიციატივით შეწყდა. ასევე გავლენას ახდებს მსოფლიოში არსებული რთული ვითარებაც, რაც ტერორიზმის და სხვა საფრთხეების ზრდით ხასიათდება, ასევე არალეგალური მიგრაცია. ყველაფერი ეს არ შეიძლება იგნორირებული იყოს.“- გაანცხადა კარასინმა. მისი თქმით ის მოხარულია იმ ფაქტით რომ 2016 წელს თბილისში რუსეთის სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 40 ათას მიაღწია.
რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება მოჰყავს, აბაშიძის თქმით აღნიშნული საკითხი 15-16 ნოემბერს რეგულარულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილება.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ, ამ დროს ქართველებისთვის რუსეთის გამგზავრებისთვის ვიზის ქონა აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






