ზოგადად, ის, რომ მეჭიაურ-ქუცნაშვილს ერთმანეთი არ „ევასებათ“, როგორც იტყვიან, არ ახალია, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი პოლიტსუბიექტი, რომელიც ერთმანეთის ღვიძლი ნათესავიცაა, საჯაროდ, მთელი ქვეყნის დასანახად „რაზობრკებზე“ გადავიდოდა. ისე, „რაზბორკებიც“ არის და „რაზბორკებიც“, ანუ ნებისმიერ „გარჩევას“ თავისი პეწი და ლაზათი აქვს, მაგრამ თამაზმა და ზაქარიამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს. შესაბამისად, ღია ეთერში უხვად და მოჭარბებულად ისმოდა ისეთი უცენზურო და მაკომრომიტირებელი სიტყვები, როგორიცაა: „ნაბიჭვარი“, „ცუილა“, „წარაკუა“ (ფართო საზოგადოებამ ამ სიტყვის ეტიმოლოგია ვერ ახსნა), „ლოთი“, „კორუმპირებული“ და სხვ.
ვინ „წარაკუაა“ და ვინ - „ცუილა“, ამის გასარკვევად დროის დახარჯვა ნამდვილად არ ღირს. აგრეთვე, ალბათ, არც იმის განხილვას აქვს აზრი, „კაპოტზე“ პურ-მარილის გაშლა პოლიტიკურ პროტიკოლში ჯდება თუ არა. ან რა დროს „კაპოტის სუფრის“ ანალიზია, როცა საქმე გაცილებით მძიმედაა.
დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ის, რაც „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, წესით და რიგით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
რატომ? რატომ და, დეპუტატმა ქუცნაშვილმა, რომელიც თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი და „ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა სახეა, მმართველ გუნდში ნეპოტიზმის ფატქები აღიარა, ანუ მან თქვა, რომ მეჭიაური, რომელიც გალოთებული იყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციას აშანტაჟებდა და რადგან ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელია, „ოცნებაში“ მიიყვანა!
ასეთი განცხადება სხვა რომელიმე პოლიტიკოსს რომ გაეკეთებინა, მაშინვე თავზე სამართალდამცავები დაადგებოდნენ, მაგრამ „ქუცნას“ აღიარებითი ჩვენება დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ იგივე მმართველი გუნდის კულუარებში უთხრეს, ზაქარიას ამ თვითაღიარებამ ბატონი ბიძინა, რომლის სწავლებაზეც მთელი „ოცნებაა“ გაზრდილი (მოგეხსენებათ, ქუცნაშვილმა ასეთი ფრაზაც წამოისროლა - „როგორც ბატონი ბიძინა გვასწავლიდა“), ერთობ გაბრაზებულა. ჰოდა, როგორც ამბობენ, ზუსტად ამ გაბრაზების შედეგია ის, რომ სააპელაციო სასამართლომაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და თიანეთის მერის სავარძელი მეჭიაურს მიაკუთვნა.
„ქართული ანდაზა ხომ გაგიგიათ? - თაგვმა თხარა, თხარა, კატა გამოთხარაო. აი, ზუსტად ასე დაემართა ქუცნაშვილს, რომელსაც იგივე ხელისუფლების შიდა შეკრებებზე თავი იმით მოჰქონდა, რომ ივანიშვილისთის სიტყვის შებრუნება შეეძლო, მაგრამ ხომ იცით, მარადიული არაფერია. ჰოდა, „ქუცნამაც“ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა „ოცნების“ შიდა ამბები სარეცხივით გამოფინა და სანაცვლოდ ის მიიღო, რომ თიანეთის თავზე მეჭიაურის დროშა აფრიალდა. არადა, იგივე ივანიშვილი „მეჭიზე“ ძალიან გაბრაზებული იყო, - უყვება „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო. - ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა მეჭიაურმა „ოცნება“ დატოვა და თავისი პარტია შექმნა.
ახლა, ზუსტად არ მახსოვს, ამ პარტიას რა ჰქვია, მაგრამ როგორც მე ვიცი, ამ პარტიის ფინანსური უზრუნველყოფა თავის დროზე რაღაცნაირად ყოფილმა პრემიერმა აიღო, ანუ როგორც ყური მაქვს მოკრული, მეჭიაურს ისეთი ოპოზიციური ფლანგი უნდა შეექმნა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, „ოცნების“ ჩანაცვლებისთვის გამოდგებოდა. ამ მიზნით, თუ გახსოვთ, მეჭიაურის გევრდით ისეთი ადამიანები დადგნენ, რომლებიც იმთავითვე ივანიშვილთან ასოცირდებოდნენ, მაგრამ ისიც გემახსოვრებათ, რომ ამ ხალხმა მეჭიაურის პარტია სულ პანტა-პუნტით დატოვა.
რასკავირველია, ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ამბობენ, რომ პარტიული უჯრედების ასამუშავებლად გამოყოფილი ფული კერძო ინტერესებს მოხმარდა, რის გამოც ყოფილი პრემიერი გაბრაზდა და თანაკურსელთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა, მაგრამ ქუცნაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, როგროც ჩანს, ის ძველი წყენა გადაწონა და ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ მეჭიაური სასამართლომ თიანეთის მერად გამოაცხადა“.
ამას გარდა, „ნიუპოსტის“ წყარო იმასაც ამბობს, რომ სანამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაბმას და თიანეთის მერობისთვის ბრძოლას გადაწყვეტდა, მეჭიაურს სურვილი ჰქონდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი გამხდარიყო და ამ მიზნით თანაკურსელთან მისასვლელ გზებსაც ეძებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
„ერთი სიტყვით, გული მიგრძნობს, რომ ქუცნაშვილის „ოცნებური“ კარიერა დამთავრებულია.
ისე, ბიძინამ „ქუცნას“ სატელევიზიო აღიარება რომც აპატიოს, მისი საქმე მაინც წასულია - მაჟორიტარს მუნიციპალიტეტის მერთან, უნდა თუ არა, კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. მეჭიაურსა და ქუცნაშვილს როგორი კომუნკაციაც ექნებათ, გასაგებია. ჰოდა, ყველაფერს, რაც რაიონში გაკეთდება, მეჭიაური მიიწერს და ქუცნაშვილი, უნდა თუ არა, აბსაითში დარჩება.
ამიტომაც გითხარით, ქუცნას იმ თაგვივით დაემართა, რომ თხარა, თხარა და კატა გამოთხარა,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.
იმას, რომ „ქუცნას“ „ოცნებური“ კარიერა სრულდება, ერთი გარემოებაც ადასტურებს: ის ადამიანები, რომლებიც მმართველი გუნდის ფანები არიან, იგივე სოციალურ ქსელში მეჭიაურს გამარჯვებას ულოცავენ და არც ქუცნაშვილის გაკრიტიკებას ერიდებიან, ანუ როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ქუცნაშვილის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და „მეხოტბეები“ მეჭიაურისკენ ამიტომაც იხრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






