ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ რეგულაციებს ხსნის, რომლებიც 2020 წლიდან ამოქმედდება.
„აი, რა მინდა ვუთხრა ქართველებს, რომლებიც აპირებენ შენგენის ზონაში მოგზაურობას. პირველი, ახალი რეგულაციები 2020 წლამდე არ ამოქმედდება, ამოქმედების შემდეგ კი უნდა შეხვიდეთ ვებ-საიტზე და შეავსოთ აპლიკაცია. ეს 10 წუთს წაგართმევთ. გადასახადი 10 ევრო იქნება. დღეს 29 ლარია, თუმცა არ ვიცი დღევანდელი კურსი 2020-შიც თუ იგივე დარჩება. აპლიკაციის შევსებიდან რამდენიმე წუთში მიიღებთ პასუხს სისტემიდან და ამ დადებითი პასუხით შეძლებთ მოგზაურობას. ამას პოზიტიური ფაქტორიც ახლავს. მახსოვს, ვიზალიბერალიზაციამდე ბევრი მეკითხებოდა, რომ არ შემიშვან და უკან გამომაბრუნონ? ამას ვიზა ხომ არ მერჩივნა. ახლა ავტორიზაციის გავლით თქვენ უფრო მეტად იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საზღვრის გადაკვეთის პრობლემა არ შეგექმნებათ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
პირველი არხის შეკითხვაზე, რა გახდა მიზეზი ახალი რეგულაციების შემოღების და ხომ არ უკავშირდება ეს ვიზალიბერალიზაციას, ელჩმა განაცხადა, რომ ე.წ. ETIAS სისტემაზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია.
„ახალი რეგულაციები არანაიარად არ ეხება უვიზო რეჟიმს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური სტატისტიკა გვაქვს. ეს ETIAS-თან კავშირში არ არის. ახალ რეგულაციებზე მუშაობა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან. ახალი წესები არც მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილა. ის შეიქმნა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან“, - განმარტა ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






