ოფიციალურად, არქიტექტურის სამსახურმა 28 ოქტომბრამდე უნდა განიხილოს „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი პროექტის შესწორებული ვარიანტი და ან გაუფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი, ან კვლავ დაწუნების შემთხვევაში, მისცეს გამოსწორების არანაკლებ 10-დღიანი ვადა.
07 ნოემბრამდე კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ხელმეორედ შესწორებული ვარიანტი. 22 ნოემბერი კი არის ბოლო ვადა, როცა სამსახურმა ან უნდა გააფორმოს საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი და წარუდგინოს დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს,ან შეწყვიტოს ხელშეკრულება.
თურმე, ტყუილი ყოფილა ქალაქის ყოფილი, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედი მერის, დავით ნარმანიას დაპირება, რომ ოქტომბერში ძველი მოწვევის საკრებულო მოახდენდა ამ გენგეგმის განხილვას და დამტკიცებას.
სამწუხაროდ, მისი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის გენგეგმის მიღებასთან დაკავშირებით, მითიურ 1 მილიონ ხის დარგვასთან ერთად, განუხორციელებელი დარჩა და თბილისელებს არაფერი შეგვრჩა ხელში მისი მმართველობის გასახსენებლად.
ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ შენიშვნები და წინადადებები 4 მილიონ ლარად ღირებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ დოკუმენტის მიმართ იმდენად ბევრია, რომ მათი გათვალისწინება საერთოდ ახალი ტიპის დოკუმენტის შექმნას ითხოვს და ძველი დოკუმენტი შესაბამისად კრიტიკას ვერ უძლებს.
ჩვენი ორგანიზაცია თითქმის სამი თვეა ჩართულია ამ პროცესის მონიტორინგში და თუ ამ დოკუმენტის მიღების ისტორიას (კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა) და მის შინაარს გავაანალიზებთ, აშკარად დავინახავთ, რომ ეს არის კეთილი სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული ანალიტიკური მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც კარგად შენიღბულ კორუფციულ მომენტების არსებობასაც არ გამორიცხავს. უკეთეს შემთხვევაში, ეს დოკუმენტი წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია 2005 წლის გენგემის მასალებიდან და ა.შ. დღეს კი 2017 წელია და ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, რეგიონში, საქართველოში და თანამედროვე მოთხოვნები სულ სხვა რეალობის გათვალისწინებას საჭიროებს. დოკუმენტიდან კარგად ჩანს, რომ ამ გენგეგმის ე.წ. ავტორებს არანაირი მეთოდოლოგია არ გააჩნიათ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და მათი „ანალიტიკაც“ ყოველგვარი მეცნიერული საფუძვლების გარეშეაა გაკეთებული. (იხ. პუბლიკაციები - http://www.newposts.ge/?l=G&id=152129; http://www.newposts.ge/?l=G&id=152615; http://www.newposts.ge/?l=G&id=154381; http://www.newposts.ge/?l=G&id=153668).სიტუაციაში საბოლოოდ გარკვევის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა თხოვნით მიმართა აზიის განვითარების ბანკს, დახმარება გაეწია საბოლოო დოკუმენტის შეფასების პროცესში. საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად აზიის განვითარების ბანკმა დაიქირავა საერთაშორისო ორგანიზაცია Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-de-France, რომელიც დაფუძნებულია პარიზში. IAU- მა შეფასების ჩასატარებლად საქართველოში უფროსი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, ბატონი ერიკ ჰიუბრეხტი გამოაგზავნა, რომელმაც 12 სექტემბერს დაასრულა და დამკვეთს ჩააბარა დოკუმენტი სახელად - „თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასება“.
საექსპერტო დასკვნა ითვალისწინებდა შემდეგ სამუშაოებს:
• თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის საექსპერტო დასკვნისა და შესაბამისი
რეკომედაციების მომზადება
• მგგ- ს გეგმარებითი დავალების საფუძველზე შემუშავებული GIS რუკების თვისობრივი შეფასება
• საექსპერტო შეფასების/ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვენებისა და რეკომენდაციების საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა
• თბილისის მერიის ხელმძღვანელებისთვის, (მერი, ვიცე-მერი და მოადგილეები და ა.შ.) და თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა პრეზენტაციის, Power Point - ის ფორმატში.
ბატონი ერიკ ჰიუბრეხტის შეფასება საკმაოდ არასახარბიელოა და თუ ყურადღებით გავეცნობით მის დასკვნას, აღმოჩნდება რომ ის პრინციპულად ახალი დოკუმენტის შექმნას ითხოვს.
მისი თქმით, შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგი ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პუნქტთან დაკავშირებით, ხოლო მისი დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით დაუშვებელია. იგი შეიძლება მიღებულ იქნას, საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტის სახით, როგორც იდეების ყუთი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია. იგი არ გვთავაზობს სივრცითი მოწყობის სტრატეგიის ნათელ ხედვას, რომელიც შეიძლება დამტკიცებული იყოს თბილისისთვის. დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალური, რომ იგი გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ამასთან, გვხდება როგორც მნიშვნელოვანი შეცდომები, ასევე, ნაკლოვანებები კონცეფციისა და მისი იმპლემენტაციის კუთხით (როგორიცაა, ურბანული გაფართოების შეზღუდვა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სარკინიგზო ხაზის გაუქმება, ქალაქის ცენტრში ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, ურბანული განახლებისთვის ოპერატიული ინსტრუმენტების არარსებობა და სხვ.), რომლებიც სერიოზულ პრობლემებს შექმნის მისი განხორციელების შემთხვევაში. დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში იუნესკოსა თუ გაეროს ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან.
აი, ასეთი "საჩუქარი" ერგო წილად ე.წ. გენგემის სახით ქალაქის ახალ მერს და საკრებულოს.
ბატონი კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის უმთავრესი მესიჯი, ისე როგორც მისი წინამორბედისა, არის დაპირება, რომ შეიქმნება ქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა. რამდენიმე გამოსვლაში მან ასევე აღნიშნა, რომ მერიაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამ დოკუმენტზე და არსებული შენიშვნების გათვალისწინებით, მისი მერად გახდომის შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის წარდგენა საკრებულოში დასამტკიცებლად.
ქალაქის მომავალ მმართველობას, ზედმიწევნით კარგად მოუწევს ამ დოკუმენტის შესწავლა, გასათვალისწინებელი იქნება უამრავი შენიშვნა და წინადადება, რომლებიც გააჩნიათ მთელ რიგ სამინისტროებს, პარლამენტის კომიტეტებს, მეცნიერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო მესაკუთრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება - არის თუ არა მიზანშეწონილი არსებული დოკუმენტის თუნდაც განახლებული სახით წარდგენა დასამტკიცებლად, ან დადგება თუ არა ახალი კონურსის ჩატარების აუცილებლობა, რომელიც გაითვალისწინებს ძველ შეცდომებს და გადაცდომებს.
ამავდროულად, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ“ მოთხოვნაც. კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან. სპეციალისტების განმარტებით, მხოლოდ ეს მოთხოვნაც არ არის საკმარისი და ზემოთ ხსენებული დოკუმენტების გარდა უნდა არსებობდეს ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა და თბილისის განვითარების სტრატეგია.
სწორედ ამ დოკუმენტების ერთობლიობის არსებობა იქნება გარანტია დედაქალაქის გეგმაზომიერი და სისტემური განვითარებისა.
ბუნებრივია, ყოველივე ამას დასჭირდება დრო და სახსრები, მაგრამ ალბათ ღირს ერთისა და მეორის ხელმეორედ (სამწუხაროდ) დახარჯვა რომ როგორმე მოვახერხოთ და მივიღოთ კვალიფიცირებული დოკუმენტი დედაქალაქის მომავალი განვითარების შესახებ.
რაც შეეხება არსებულ დოკუმენტს, ალბათ ვიღაცამ მაინც უნდა გაგვცეს პასუხი თბილისის ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონის არაეფექტურ ხარჯვასა და დაკარგულ 2 წელიწადზე.
გოგი ლორთქიფანიძე, „სახალხო თვითმმართველობა“
მასალის გამოყენების პირობები






