„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა, მხარეებმა ფონდისა და OPIC-ის ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის განვითარების ბანკის მიერ წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის“ ფინანსირების საკითხი განიხილეს. OPIC-ის მმართველმა დირექტორმა ქენეთ ენჯელმა აღნიშნა, რომ „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ პროექტისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიცია ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა“ და ამერიკული მხარის ინვესტიციებით შეიქმნა.
მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ და საქართველოში OPIC-ის მონაწილეობით, ამერიკული საავადმყოფოების ოპერატორების შემოყვანის საკითხი განიხილეს. ამასთანავე, იმსჯელეს სხვადასხვა დარგში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ: კერძოდ, სამშენებლო მასალების წარმოებისა და სამაცივრე მეურნების განვითარების მიმართულებით.
„საპარტნიორო ფონდსა“ და აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით, OPIC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
„საპარტნიორო ფონდი“ და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკაში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობის გასააქტიურებლად და ერთობლივად მუშაობენ ქართულ-ამერიკული პროექტების მოსაზიდად.
OPIC-ის შესახებ:
„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია კერძო კაპიტალს უყრის თავს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. ვინაიდან, OPIC–ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე და ამ გზით, ხელს უწყობს შემოსავლებისზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე -საზღვარგარეთ.
OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს.
OPIC–ის ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. OPIC-ის სერვისებით სარგებლობა 160-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. 1971 წლიდან დღემდე OPIC-მა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
OPIC–ი წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და „ფრენჩაიზის" ქსელების მიმართულებით. დღევანდელი მონაცემებით, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები






