ძველი მერის მიღწევებსა და ხარვეზებზე და, ასევე, მომავალი მერის პერსპექტივაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე გვესაუბრება.
– რაკი უკვე შესაძლებელია ამის შეფასება, რიტორიკულად ვიკითხავ: რა კვალი დატოვა დავით ნარმანიამ, როგორც ქალაქის მერმა, დედაქალაქზე?
– გვახსოვს დავით ნარმანიას 41 საკრალური წინასაარჩევენო დაპირება, რომელშიც ხაზგასმული იყო ორი მომენტი: დედაქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის შექმნა და ყბადაღებული ერთი მილიონი ხის დარგვა. ეგრეთ წოდებული გენგემის პერიპეტიები 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს პროცესი უნდა დაესრულებინა, ანუ გენგეგმა უნდა დაემტკიცებინა ამ მოწვევის საკრებულოს, მაგრამ იმის გამო, რომ დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი, თუმცა ის დასამტკიცებლად 26 სექტემბერს უნდა გაეტანათ საკრებულოს სხდომაზე, რამდენადაც ვიცი, ახალი მოწვევის დეპუტაციამ და მერობის ახალმა კანდიდატმაც დიდი წინააღმდეგობა გასწიეს, რომ ის ამ ფორმით არ დამტკიცებულიყო. ვერც დამტკიცდებოდა, რადგან, როდესაც სექტემბრის დასაწყისში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა დავით ნარმანიამ, ორ კვირაში გაითვალისწინებდნენ მიღებულ შენიშვნებს და დოკუმენტს გაიტანდნენ საკრებულოში. დათქმულ ვადაში ვერ ხერხდებოდა შესწორება, ვერც მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა–განხილვა, ამიტომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ავტორს, კიდევ ათი დღე მიეცა ამისთვის. საბოლოო ვადა კი ამ ეპოპეის დასრულებისა არის 22 ნოემბერი, როდესაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ან გაფორმდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ან შეწყდეს ხელშეკრულება.
– ვისგან მიღებული შენიშვნების ჩასწორებაზეა ლაპარაკი?
– მთელი რიგის სამინისტროების მიერ გამოთქმული შენიშვნები, სპეციალისტების და საზოგადოების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები… ამ შენიშვნებს დიდ ყურადებას არ მიქცევდნენ, რომ არა ერთი უმთავრესი დოკუმენტი: თბილისი მერიამ მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ექსპერტიზისთვის მიმართა აზიის განვითრაების ბანკს, მათ დაიქირავეს ფრანგული კომპანია დოკუმენტისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად. ფრანგი ექსპერტის დასკვნით კი, ამ დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს მიწათსარგებლობის გენეგმასთან და შეფასება ცალსახად უარყოფითია. ესე იგი, მათ მიერვე დაქირავებულმა ექსპერტმა მოამზადა უარყოფითი დასკვნა და, რაც მთავარია, ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ადგილობრივი სპეციალისტების მიერ გამოთქმული შენიშვნები მთლიანადაა ასახული და თავმოყრილი ამ საექსპერტო დასკვნაში. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და, ბუნებრივია, არაფერში სჭირდებოდა კახი კალაძეს ამ ტიპის დოკუმენტის მიღება მემკვიდრეობად. სავარაუდოდ, ახლად არჩეული მერი და ახალ არჩეული საკრებულო იმუშავებენ ამ დოკუმენტის განახლებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით ნარმანიას ეს დაპირება ვერ შესრულდა.
– დავით ნარმანიამვე შეუკვეთა ეს საექსპერტო დასკვნა. არ იცოდნენ, ვერ მიხვდნენ, რა ეწერა იმ დოკუმენტში, თუ რატომ მოიწვიეს უცხოელი ექსპერტი შემფასებლად?
– დოკუმენტის ექსპერტიზა კონკურსის პირობებით იყო გათვალისწინებული, თან როგორც ვხვდები, მერია და პროექტის ავტორები დარწმუნებულები იყვნენ დოკუმენტის „სრულყოფილებაში“ და იმის იმედიც ჰქონდათ, რომ საერთაშორისო საექსპერტო დასკვნა გამოადგებოდათ ადგილობრივი მოკრიტიკეების გასაჩუმებლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის კარგი დოკუმენტი, შედეგენილია არაპროფესიულად, მასალები პირდაპირაა გადმოკოპირებული ძველი გენგეგმებიდან და ის ხალხი, რომლებიც ამ დოკუმენტს აკრიტიკებდნენ, მართალია. თუმცა ეს ჩვენი სიმართლე, სულაც, არ გვახარებს, იმიტომ რომ დავკარგეთ სამი წელი, დავკარგეთ თითქმის სამი მილიონი ლარი – ამდენი თანხა გადაუხადა მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის მომზადებაში და ქალაქმა ვერ მიიღო დოკუმენტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი განვითარებისთვის.
– სხვათა შორის, იმ საექსპერტო დასკვნაში ისიც წერია, რომ ანაზღაურება არაადეკვატურად მაღალია.
– ეს კიდევ სხვა თემაა... თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამა იმაზე იყო აგებული, რომ თავის გუნდთან ერთად ახალ გენერალურ გეგმას მოამზადებდა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტი განწირულია. თუმცა ბოლოს კალაძემ გაანცხადა, რომ მერიაში მომზადებულ დოკუმენტს გამოვიყენებთო, მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს. მეორე მხრივ, ახალი დოკუმენტის შექმნაც ფული დაჯდება: ისევ რამდენიმე მილიონის დახარჯვაც მოგვიწევს და დროისაც. სიცოცხლით სავსე ქალაქს ლოზუნგებით ვერ ააშენებ, საჭიროა კონკრეტული გათვლები, კონცეპტუალური ხედვა და ასე შემდეგ.
დავით ნარმანიას მეორე მთავარი დაპირება იყო ყბდაღებული ერთი მილიონი ხის დარგვა, რაც, ჩემი აზრით, გაუაზრებელი წამოცდენა იყო მხოლოდ.
– რაოდენობა შეიძლება, ავიდეს მილიონამდე, უბრალოდ ეს საკმარისი არ არის.
– ვერ ავიდა, მაგრამ, რაოდენობასაც რომ თავი დავანებოთ, საქმე ეხება ცოცხალ ორგანიზმს, მცენარეს და ნარმანიამ თვითონ აღიარა, იქნებ წლის ბოლომდე 700 000-მდე ავიდეს დარგული ხეების რაოდენობაო. ციფრებს ნუ გამოვეკიდებით, მაგრამ თავად პროცესი წარიმართა არასწორად. დედაქალაქში არ არის გაკეთებული მწვანე სივრცეების ინვენტარიზაცია, არ არის აღრიცხული მწვანე ნარგაობების რაოდენობა, არ ჩატარებულა პასპორტიზაცია, არ მომხდარა კლასიფიკაცია, სად რა უნდა დაირგოს და რატომ. რადგან ითქვა „მილიონი ხე“, ოღონდ სადმე დაერგოთ, სხვას არაფერს აქცევდნენ ყურადღებას. და საწყის ეტაპზე მართლაც გაუაზრებელი იყო პროცესი: სადაც მოუხერხდებოდათ, იქ რგავდნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინასწარ ნახულობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს სანერგეში ნერგებს და ამის მიხედვით აცხადებდნენ ტენდერს. არადა არც ერთ შემთხვევაში არ იყო დაცული ის ტექნიკური მახასიათებლები, რაც აუცილებელია მცენარის გადარგვისთვის. ამიტომაც გადახმა ქალაქში ახალი ნარგავები და მეორე მიზეზია სარწყავი სისტემის არარსებობა. ტენდერში ეწერა, რომ წელიწადში ორჯერ უნდა მოირწყას ნარგავები, არადა მცენარე, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ სჭირდება მორწყვა, უბრალოდ არ არსებობს. ამ ტალღამ რომ გადაიარა და გამოცდილება შეიძინეს, თურქეთიდან შემოიტანეს ისეთი ნერგები, რომლებიც აქ არ იყო ადაპტირებული და მეორე პარტიაც გახმა და ბოლოს უკვე რეალური ტენდერები გამოაცხადეს და სწორედ იმ ნარგავებმა გაამართლა ზოგ ადგილას. ოღონდ ისინიც ქაოტურად ირგვებოდა, ძველი კომუნისტური ლოზუნგით: ხუთწლედი სამწლედში. იყო კიდევ ერთი მომენტიც: საწყის ეტაპზე ტენდერებიც არაადეკვატური ფასებით ჩატარდა. ამ ყველაფერმა შექმნა უარყოფითი დამოკიდებულება, გააჩინა ეჭვები კორუფციაზე, რაშიც პირადად მე ნარმანიას ვერაფრით დავადანაშაულებ; შეიქმნა არაკვალიფიციურობის შთაბეჭდილება და, საბოლოოდ, დავით ნარმანიას საარჩევნო დაპირების ორი საკვანძო დაპირება ვერ განხორციელდა: არც გენგემა გვაქვს და არც მილიონი ხე…
– მილიონი ხე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქში უკვე შეუძლებელია სუნთქვა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია თბილისის განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს მილიონ ხესაც და უფრო მეტსაც. კახი კალაძე და დავით ნარმანია, მიუხედავად პარტიული ერთობისა, მაინც სხვადასხვა ადამიანია. რა არის იმის გარანტია, რომ კახი კალაძის გუნდი გაითვალისწინებს უცხოელი ექსპერტისა თუ ადგილობრივი სპეციალისტების შენიშვნებს და დედაქალაქის განვითარების ისეთ გეგმას შემოგვთავაზებს, რაც, მართლაც, განავითარებს დედექალაქს? როგორ შეუძლია საზოგადოებას ზეგავლენის მოხდენა?
– რაც საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, იმას ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე ვაკეთებთ: ვავრცელებთ ინფორმაციას, ვაქვეყნებთ პუბლიკაციებს, ინტერვიუებში ვლაპარაკობთ პრობლემებზე, ვცდილობთ, ჩვენი შენიშვნები მივაწოდოთ. მათი რეაქციით ეტყობა, რომ ამ შენიშვნებს უსმენენ. კალაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ უნდა შემუშავდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. არადა მხოლოდ ეს დოკუმენტი არ არის იმის გარანტია, რომ თბილისი სწორად განვითარდება, თუმცა ეს კანონმდელობის ხარვეზიცაა. ამიტომ, ვფიქრობ, კალაძემ არ უნდა იჩქაროს. კარგად უნდა დაფიქრება და შესწავლა საკითხს: უნდა შემუშავდეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც განსაზღვრავენ ქალაქის განვითარებას. კონკრეტული დაპირებების განხორციელება სხვაა და და ქალაქის განვითარება – სხვა. ეს დოკუმენტებია: მიწათსარგებლობის გეგმა, ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა და თბილისის განვითარების სტრატეგია. ამათ თან ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემაც უნდა ერთვოდეს, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ჩამოთვლილი სამი დოკუმენტის შექმნა იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ეს ყველაფერი იქნება სინქრონიზებული და ქალაქს მიეცემა სტაბილურად განვითარების საშუალება. რადგან, ვინც არ უნდა მოვიდეს მერად, ეს სამი დოკუმენტი მისთვის უნდა იყო სამოქმედო გეგმა. შესაძლოა. ქალაქის რომელიმე ხელძღვანელმა დამატებით რამე ახალი პროექტიც განახორციელოს, მაგრამ ამ სამი დოკუმენტით განსაზღვრულ ზოგად სქემას ვერ უნდა გასცდეს. ქალაქის კონსტიტუცია უნდა იყოს ძალიან რთულად შესაცვლელი.
ჩემი ხედვით, ასეთი განწყობა არის კალაძის გუნდში და დიდი იმედია, რომ ისეთ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც საერთო თანხმობის დოკუმენტი გახდება და თბილისელების აზრსაც მოუსმენენ, თუ როგორი დოკუმენტის სჭირდებათ მათ.
– და ადგილობრივ სპეციალისტებსაც.
– რომელთა აზრი სრულადაა იგნორირებული. ნარმანაის გენგეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა და ფრანგმა სპეციალისტებმა, რომლებიც რეალურად ვერ ვნახეთ და არ ვიცით, ვინ არიან, ნამდვილად არსებობენ თუ ვირტუალურად; თუმცა გვეუბნებიან, რომ გენგეგმაში გადახდილი ორი მილიონ 800 ათასი ლარიდან უმეტესი თანხა სწორედ მათ მომსახურებას მოხმარდა. თუნდაც ისინი რეალურად არსებობდნენ, ვერც გერმანელი და ვერც ფრანგი, რაოდენ მაღალი დონის სპეციალისტი, ჩემი ქალაქის განვითარების გეგმას ვერ მოამზადებს, იმიტომ რომ ის სხვა კრიტერიუმებით აზროვნებს. ჩვენ შეიძლება, გავიზიაროთ ის ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები, რაც მსოფლიოში არსებობს ურბანული განვითარების კუთხით. თორემ ვერ ეტკინება ეს ქალაქი უცხოელს ისე, როგორც ეტკინება გიგა ბათიაშვილს; ვერ დაინახავს ამ ქალაქს ისე უცხოელი, როგორც ხედავს ზურაბ ბაქრაძე და ასე შემდეგ. აი, ესაა მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი, თუ მაინცდამაინც, ტექნიკური დახმარება მივიღოთ უცხოელებისგან.
ეკოლოგია და გამწვანება ვახსენეთ და ერთსაც დავამატებდი: ბუნებრივია, ყველას აქვს გამწვანების სურვილი და, საერთოდაც, ყველას გვინდა გამწვანება. „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც არის რეკრეაციული ზონები, რომლებიც შეცვალეს ლანდშაფტური–რეკრეაციული ზონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადგილების მხოლოდ გამწვანება შეიძლება და იქ მშენებლობა იზღუდება, მაგრამ რეკრეაციული ზონები არ არის ადაპირებული გამწვანებისთვის, იმიტომ რომ არ არის სარწყავი სისტემები. როგორც მოგახსენეთ, სწორედ სარწყავი სისტემი არარსებობამ გამოიწვია მცენარეების გახმობა და განადგურება. შეუსწავლელად, მექანიკურად რომ აძლევ სივრცეს ლანდშაფტური-რეკრეაციული ზონის სტატსუსს, როდესაც იქ არ არის წყალი და სარწყავი სისტემა, რის შექმნაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, როგორ უნდა გამწვანდეს?! არც ამას იაზრებს არავინ და არც იმას, არის თუ არა შესაძლებელი იქ მოეწყოს სარწყავი სისტემა, საიდან უნდა აიღო წყალი. ამაზე არავის აქვს ნაფიქრი.
– გენგეგმას ლაიტმოტივად გასდევს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა და ყველა დასკვნა თეორიულია, სურვილის დონეზე.
– რატომ ვახსენე სარწყავი სისტემები: კალაძეს აქვს დენდროოგიური პარკის რეაბილიტაციის ინიციატივა, თუმცა, რეალურად, ეს პროექტი ნარმანიას მერობის პერიოდში გაკეთდა. ანუ დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია ყველა თავისი ატრიბუტით, ზუსტად ის, რაც კალაძეს ჰქონდა თავის წინასაარჩევნო რგოლში. არადა ეს პროექტი დასრულებულია და მერიის რომელიღაც თაროზე დევს. ამდენად, კალაძეს შეუძლია, გადმოიღოს, მის ავტორებს დაელაპარაკოს, რადგან უკვე მზა პროექტია. როდესაც იმ პროექტის განხორციელებისთვის წყლის საჭიროება დადგა, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უნდა მორწყულიყო, თბილისის წყლის კომპანამ, GWP-მა წყალი არ მისცა იმ კონკრეტული ადგილიდან, საიდანაც ირწყვებოდა ის ტერიტორია და სხვა ადგილი შესთავაზა. იმის თქმა მინდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამწვანებისას წყლის პრობლემის მოგვარება. სხვა ადგილიდან წყლის გამოყვანას და სარწყავი სისტემის მოწყობას კი დამატებითი თანხა სჭირდება. და აი, ეს პროექტი, რომლის შემუშავებისთვისაც 15 მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო, შესაცვლელია, იმიტომ რომ წყლის კერძო კომპანიამ განაცხადა უარი ძველი, არსებული სარწყავი სისტემის სათაო ნაგებობიდან წყლის მიწოდებაზე. ესეც ნონსენსია, როდესაც კერძო კომპანიას აქვს ასეთი უფლებები. ის უნდა იყოს ოპერატორი და არა – მესაკუთრე. ეს ჩვენი ქონებაა და ჩვენ უნდა განვკარგავდეთ. ამდენად, კიდევ სხვა პრობლემაა, რომ კომუნალური მომსახურებები კერძო კომპანიების საკუთრებაა, მაგრამ ეს ქმნის პრობლემებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისას და ამის გათვალისწინება პროექტის შემუშავებამდე აუცილებელია.
– საკმაოდ ამბიციური სახელწოდება აქვს თქვენს ორგანიზაციას: „სახალხო თვითმმართველობა“, აპირებთ, შეხვდეთ დედაქალაქის ახალ ხელმძღვანელობას?
– სურვილი დიდი გვაქვს, ღია წერილითაც მივმართეთ, ჩვენი მოსაზრებები შევთავაზეთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეცნობიან, რეაქციას ვხედავთ. ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით დედაქალაქის განვითარების პროცესში.
ნანა მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






