ლარი ორ დღეში ორი თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.52 ლარია, ერთი ევროს კი 2.94 ლარი. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
ექსპერტები და პოლიტიკოსები აღნიშნულ პროცესს აფასებენ. მმართველი გუნდი განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს.
„ეკონომიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური და მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა არჩევნების შემდეგ, მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა საკმაოდ დამაჯერებლად, შესაბამისად რას უკავშირდება არჩევნებიდან რამდენიმე დღეში კურსის ასეთი ნახტომისებური ზრდა, ეროვნული ბანკის კომპეტენცია და ვალდებულებაა, რომ ჩაერიონ და განცხადება გააკეთონ“, - აცხადებენ მმართველ გუნდში.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ლარის გაუფასურება არჩევნების შედეგია და ასევე ბიზნესის მიერ ბიუჯეტის დაწუნების ფაქტორი:
„ლარის დაცემა არის ეკონომიკის რეაქცია არჩევნების შედეგებზე, რომ დარჩება მთავრობა, რომელსაც პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ქვეყანამ მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებიდან გამოიყვანოს და ასევე ბიზნესმა ნახა ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, პრინციპულად ასევე აქაც არაფერი არ იცვლება, მთავრობა არ აპირებს გადასახადების დაწევას“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






