რატომ მიიჩნია აზიის განვითარების ბანკის ექსპერტიზამ გენგეგმის მიღება დაუშვებლად - თბილისის ძველი უბნებიდან თბილისელებს გასახლებას უპირებენ
პოლიტიკა - 12:25, 24 Oct, 2017     4535
რაკი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განხილვის საბოლოო ეტაპზეა, თბილისის მუნიციპალიტეტმა თხოვნით მიმართა აზიის განვითარების ბანკს, რომ ეს უკანასკნელი დახმარებოდა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებაში (შეფასება ითვალისწინებს: თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის საქსპერტო დასკვნისა და შესაბამისი რეკომედაციების მომზადებას; მგგ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შემუშავებული GIS რუკების თვისებრივი შეფასებას; საექსპერტო შეფასება-ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვენებისა და რეკომენდაციების საბოლოო ანგარიშის წარმოდგენას).

ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა დაიქირავა Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance, პარიზში დაფუძნებული კომპანია (გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეული). შერჩეულმა კომპანიამ შეფასება ერიკ ჰიუბრეხტს დაავალა, უფროს არქიტექტორსა და ქალაქმგეგმარებელს, რომელსაც „აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება მსხვილ მეტროპოლისისებზე მუშაობის, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის ქალაქებში“. ერიკ ჰიუბრეხტი, ასევე, ასევ არის პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ლექტორი.

შეფასება, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, უარყოფითია (თუმცა ეს სავსებით მოსალოდნელი იყო), ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები იმეორებს ქართველი სპეციალისტების აზრს, რომლებსაც ყურად არავინ იღებს.

უფრო დეტალურად აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტის შეფასებებზე თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის შესახებ ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე გვესაუბრება.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობის პროცესი ითვალისწინებს საერთაშორისო საექსპერტო დასკვნას?

–ექსპერტიზის გაკეთება პროექტზე მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის მერიამ იმთავითვე შექმნა მიწათსარგებლობის გენგეგმაზე ზედამხედველობის, ანუ მონიტორინგის ჯგუფი და ეს აუცილებელიც იყო. ამ ჯგუფს თვალყური უნდა ედევნებინა პოექტირების პროცესისთვის და ამ პროცესში შესაძლებელია გარე ექსპერტების მოწვევაც. ამდენად, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა სექტემბერში, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ გენგემაზე მომუშავე ჯგუფი ვერ ასწრებდა პროექტის დათქმულ ვადაში ჩაბარებას. იცით, რომ აპრილში უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ რამდენჯერმე გადაიწია და, საბოლოოდ, ნოემბერი დასახელდა ჩაბარების ვადად. სექტემბერში კი მერიამ შეუკვეთა ექსპერტიზა, რის გაკეთებაც, ალბათ, ადრე ჯობდა. ერთი სიტყვით, ეს მონიტრინგის პროცესის შემადგენელია. უცხოელი ექსპერტის დასკვნაშიც წერია, რომ მონიტორინგის ჯგუფში ხშირი ცვლილებები ხდებოდა და ეს უაროფითადაა შეფასებული. მაგალითად, ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაითხოვეს კიდეც, იმ მიზეზით, რომ ის ხედავდა მნიშვნელოვან შეუსაბამობებს პროექტირებასა და მიზნებს შორის. ამ ყველაფერმა ნეგატიურად იმოქმედა მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის მონიტორინგზე და ფრანგი ექსპერტიც იმავეს აღნიშნავს. უნდა ჩატარებულიყო მძლავრი მონიტორინგი, სტაბილური შემადგენლობის ჯგუფის მიერ, რომლებიც უფრო საფუძვლიანად ადევნებდნენ თვალყურს გენგეგმის შემუშავების პროცესს.

ძირითადად, რამ გამოიწვია უცხოელი ექსპერტის უარყოფითი შეფასება. რომელი მთავარი საკითხები გამოიკვეთა მან?

–ბევრ რამეს ამბობს და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება ამ დოკუმენტის მიღება. ჩამოვთვალოთ ძირითადი მომენტები: პირველი, რასაც შენიშნავს, არის ის, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობდა თანამონაწილეობითი პროცესი. თანამონაწილეობა გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, საუბრებს, პროფესიონალების აზრის მოსმენას და, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას როგორც მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების. და ექსპერტი წერს, რომ ასეთი თანამონაწილეობა არ ჩანს.

განვუმარტოთ მკითხველს: მაგალითად, როდესაც გენგეგმა ამბობს, რომ აქ უნდა აშენდეს ხიდი ან იქ გაგრძელდეს მეტროპოლიტენის ხაზი, უნდა შეუთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს, აქვთ თუ არა საამისო რესურსი, ანუ ფული და ეს ემთხვევა თუ არა მათ ხედვას.

–არა მარტო. თქვენ კონკრეტული სამშენებლო ღონისძიებები ჩამოთვალეთ, მაგრამ იქ სხვა საკითხების დასმაც შეიძლება: მაგალითად, გეზი, რომ პრინციპულად ასე და ასე უნდა განვითარდეს ქალაქი, არის თუ არა მართებულლი. ყველა საკითხი, რომელზეც ლაპარაკობს მიწათსარგებლობის გენგეგმა, უნდა იყოს შეთანხმებული და გააზრებული სხვადასხვა უწყებასთან და მოსახლეობასთან. ექსპერტი კი ასკვნის, რომ ეს, ფაქტობრივად, არ მომხდარა. მაგალითად, მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფი ლაპარაკობს, რომ თბილისში მშენებლობა არ უნდა გავრცელდეს დაუსახლებელ ტერიტორიებზე, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს მოსაზრება სწორი მგონია, უნდა იყოს განმარტებული, თუ როგორ აისახება ეს ქვეყნის სივრცით მოწყობაზე. ქვეყნის სივრცით მოწყობაზე პასუხიმგებელია ცენტრალური ხელისუფლება და ამისთვის შესაბამის სამინისტროში არსებობს სპეციალური დეპარტამენტი. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გაიმართა თუ არა კონსულტაციები ამ დეპარტამენტთან?! როდესაც ასეთ რამეს ადგენს მიწათსარგებლობის გენგეგმა, ეს შეესაბამება ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრობლემებს?! ძალიან უხეშად რომ ვთქვა, ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს ერთ ქალაქში, ანუ დარღვეულია ბალანსი და ამაზე როგორი აზრი აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას? აპირებს თუ არა დეცენტრალიზაციის ღონისძიებების გატარებას და ეხმიანება თუ არა იმ ღონისძიებებს რომლებიც დაგეგმილია გენგემით?! ეს საკითხი არ შეიძლება, გადაწყდეს ლოკალურად ქალაქის დონეზე. ამას სჭირდებოდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც გენგეგმის ჯგუფს უნდა შეეთანხმებინა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მაგალითად, სარეკრეაციო ზონების საკითხი, რომლებიც, ფაქტობრივად, არ გაზრდილა. თუმცა მიწათსარგებლობის გენგეგმა ამბობს, რომ რეკრეაციაა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

გენგეგმის პროექტში წერია, რომ უნდა მოაწყონ სასეირნო ბულვარები, სადაც ხალხი ფეხით ივლის და გაკაჟდებაო. ოღონდ როგორ უნდა მაიძულონ, რომ მაინცდმაინც ფეხით ვიარო, არ ვიცი.

–ბულვარების გაკეთება ძალიან კონკრეტული და ვიწრო რამაა, იქნებ ბაღებისა და სკვერების მოწყობა ჯობდეს?! მაგრამ უნდა აჩვენოადამიანებს, სად ქმნი დამატებით მწანე სივრცეებს და შემდეგ მათი აზრი გაიგო, იქნებ, მართლაც, იქ ჯობს ან სხვაგან?! ასეთი დიალოგი კი არ გამართულა მოსახლეობასთან, არადა სარეკრეაციო ზონები მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან უკვე ყველა ხედავს და გრძნობს, რომ ამ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია და ბავშვს ვერსად გაასეირნებ. ამ თემაზე არავის უსაუბრია მოსაახლეოაბსთან და ექსპერტიც ამბობს, რომ ასეთი თანამონაწილეობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ეს მიწათსარგებლობის გენგეგმის ერთ-ერთი ნაკლია.

ასევე, ნაკლად მიიჩნევს ექსპერტი რკინიგზის გადატანას. მეც თავიდანვე ვამბობდი, რომ რკინიგზის გადატანა დაუშვებელია და ექსპერტიც ამას წერს: ქალაქის ცენტრში აცილებლად უნდა იყოს რკინიგზა, ქალაქის მომსახურე სატვირთო რკინიგზის ჩათვლით, მხოლოდ სატრანზიტო ტვირთები უნდა გადავიდეს სხვა ადგილას, ანუ ეს ადამიანიც იმავეს ამბობს, რაც ისედაც უნობილია: რკინიგზის გაუქმება ისეთ ადგილას, სადაც მეტროპოლიტენის ორი ხაზი იყრის თავს, ესე იგი, სატრანსპორტო კვანძია, არის უგუნური გადაწყვეტილება.

არსებითად არასწორია რკინგიზის ამოჭრა. ამაზე ლაპარაკობს ეს კონკრეტული ექსპერტი და ძალიან ბევრი სპეციალისტი საქართველოში, მაგრამ მიწათსარგებლობის გენგეგმის ავტორები ჯიუტად იმეორებენ, რომ უნდა გადაიტანონ რკინიგზა. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლების დაკვეთაა. მაგრამ რკინიგზის ამოჭრა უბრალოდ მოკლავს ქალაქს.

და რკინიგზის გასწვრივ კახეთის გზატკეცილი პირდაპირ დაუკავშირდება დიდუბეს. ეს ახალი ავტომაგისტრალი შეღავათს მისცემს ქალაქს?

–ამასაც აფასებს ექსპერტი და ამბობს, რომ ახალი მაგისტრალის მშენებლობა დაუშვებელია. რადგან ასეთი გადაწყვეტილებები – ახალი მაგისტრალების მშენებლობა –დიდი ხანია, მიჩნეულია არასწორად. ახალი მაგისტრალები ზრდის სატრანსპორტო ნაკადებს და ვერაფრით ეშველება მობილობის პრობლემას. ახალი გზის აშენება ქალაქისთვის არის შხამი როგორც მობილობისთვის, ისე ქალაქის მცხვრებლებისთვის.

როგორც ტრანსპორტის სპეციალისტები ამბობენ, ფართო გზა კარგია, მაგრამ, მთავარია, როგორ გაიწოვება ამ გზებისა და მაგიტრალების დაბოლოებები, თუ ისევ ძველ, ვიწრო გზებს მიადგება, მაგისტრალს გაივლი სწრაფად, მაგრამ მაინც „საცობში“ აღმოჩნდები და უფრო გაუვალში.

–დიახ, ეს სპეციფიკური საკითხია, რომელიც იციან ტრანსპორტის დამგეგმავებმა. ეს ექსპერტიწ ამბობს და მეც ვამბობდი, რომ პრინციპულად არასწორია ახალი მაგისტრალებისა და ესტაკატების აშენება, იმიტომ რომ, რაც უფრო დიდ ფართს შეუქმნი ავტომობილებს, მით უფრო გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამდენი ავტომანქანა არ ეტევა თბილისის ქუჩებში, რადგან არ არის ამდენი ფართი. ევროპულმა გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ფართის გაზრდა ზრდის ავტომობილების რაოდენობას. ესე იგი, ვერაფრით დაეწევა ფართის ზრდა ავტომობილების ზრდას, პირიქით. ამიტომ გასატარებელია ღონისძიებები მანქანების შემსამცირებლად, ანუ უნდა დაიკლოს მოძრავი მანქანების რაოდენობამ. ამისთვის უამრავი ხერხია, ამის შესახებ უამრავჯერ დავწერე და ეს ადამიანიც ამას ამბობს: უნდა შემცირდეს ავტომანქანების რაოდენობა. ადამიანები უნდა გადასხდნენ მეტროში, ავტობუსში, ტრამვაიში, მაღალი ხარისხისა და კარგად მოქმედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაშინ არავინ დადგება „საცობში“. ამიტომაც წერს ექსპერტი თავის ასკვნაში, რომ ახალი მაგისტრალის აშენება არ არის სწორი, ამ ზოგადი მოსაზრებიდან გამომდინარე. მეორე საკითხია, რომ შესაძლებელია, ამ მოსაზრებას სხვა მოსაზრება დაუპირისპირო, მაგრამ მიწათსარგებლობის გენგეგმა არ გვთავაზობს ასეთ რამეს, რომ, მაგალითად, ახალი მაგისტრალის გახსნის პარალელურად გაუქმდება ერთ-ერთი სანაპირო. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა დაფიქრება, თუ რკინიგზას შევუწყვილებდით ახალ მაგისტრალს და გავაუქმებდით ერთ-ერთ სანაპიროს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია რკინიგზის ამოჭრა ამ სქემიდან. ფაქტია, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ რკინიგზა აუცილებლად უნდა დარჩეს ძველ ადგილას და იქ ავტომაგისტრალის აშენება არ არის სწორი.

საინტერესოა, რომ, როდესაც მიწათსარგებლობის გენგეგმა ლაპარაკობს საზოგადეობრივ სატრანსპორტო ქსელზე, ამბობს, რომ ეს არ მოესწრება 2030 წლამდე.

–მეც ვიზიარებ თქვენს აზრს: რა არის მოსასწრები?! საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმვა რა ისეთი რთულია, რომ 2030 წლამდე ვერ მოასწრო?! ავტობუსები ვერ შეიძინო და ტრამვაის ხაზი ვერ გაიყვანო?!

იმის თქმაც მინდოდა, რომ, თუ ვერ მოესწრება, რატომ წერ მაშინ გენგეგმაში, რომელიც 2030 წლამდე გასატარებელ ღონისძიებებს ეხება? ხომ ნონსენსია?

–დიახ, ნამდვილად ნონსენსია. ამას ვიღაცეების გულის მოსაგებად წერენ და იმასაც, რომ ეს არ გამოვა, რადგან ავტომობილების ექსპორტით კეთდება უზარმაზარი ფული როგორც აქ, ისე იმ ქვეყნებში, საიდანაც ეს მანქანები ჩამოჰყავთ. იმ ქვეყნებში ჩვენ ვცლით ცუდი, ექსპლუატაციისთვის უვარგისი მანქანებისთვის ბაზარს, რომელიც ივსება ახალი ავტომანქანებით. ესე იგი, ეს პირდაპირაა დაკავშირებული დიდი ავტოკონცერნების ინტერესთან: რაც მეტი მანანქანა გაიწოვება ევროპიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან, მით მეტი მოგება ექნებათ იმ ბაზრებზე დიდი ავტოკონცერნებს და ამას აკეთებენ ჩვენნაირი ქვეყნების ხარჯზე. ჩვენ ვივალდებულებთ თავს იმ ავტოკონცერნების წინაშე, რომ გამოვაცარიელებთ მათ ბაზრებს მათთვის უვარგისი მანქანებისგან, რომ მათ მეტი ახალი მანქანა გაყიდონ და ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ვღუპავთ ჩვენს ქვეყანას და მარტოც არ ვართ, ბევრი ქვეყანაა ჩვენნაირი, სადაც შეუზღუდავად, ყოველგვარი წესის დარღვევით, ტექდათვალიერების გავლის გარეშე შეჰყავთ მანქანები და ჰყიდიან. მინისტრის მოადგილემ ამას წინათ სიამაყით თქვა, რომ წელაწადში 100 000 მანქანა შემოგვყავს. ათ წელიწადში ეს ხომ ერთი მილიონი მანქანაა სამმილიონიან ქვეყანაში და რომელიც ქვეყანა გაუძლებს ამას?! აქედან პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის ზემდგომების პოლიტიკა. მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფი რომ ამბობს, კი გავაკეთებთ, მაგრამ არ ესწრებაო, ამბობს იმათ გასაგონად, ვინც ხეირობს მანქანების იმპორტით. არადა თბილისში მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შესამცირებელი, რაც გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს და საწვავის კონტროლიცაა შემოსაღები, რაც არ არსებობს. ეს გააძვირებს მანქანასა და მანქანით მოძრაობას, სამაგიეროდ, გაიაფდება და კომფორტული გახდება საზოგადოებრივი ტრასპორტით მოძრაობა. თუ დიდ ქალაქზე ვლაპარაკობთ, ეს არის ერთადერთი გზა. ეს არც მე მომიგონია და არც ამ ექსპერტს: ყველა დიდი ქალაქი ასე იქცევა.

მიწათსარგებლობის გენგეგმით გაურკვეველია ძველი უბნების მაცხოვრებელთა ბედიც. საიდან მოვიდა ასეთი იდეა?

–მიწათსარგებობლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ჯენტრიფიკაცია მიიღო, როგორც ქალაქის განახლების მეთოდური ინსტრუმენტი. ჯენტრფიკაცია ნიშნავს ქალაქის ისტორიული ნაწილებიდან ხალხის გაყვანას, ანუ გაძევებას და იქ მაღალშემოსავლიანების შემოყვანას. აი, ეს აქვთ აღებული მეთოდად, რასაც ექსპერტი აფასებს დიდ შეცდომად. ჯენტრიფიკაციას ებრძვიან ყველგან, ჩვენთან კი მეთოდად იყენებენ, იმისთვის, რომ გამოცვალონ ქალაქის მოსახლეობა. ეს არის ქალაქგემარებითი ფაშიზმი. რა მნიშვნელობა იმ ადამიანებისთვის, სტალინის დეკრეტით გაასახლებენ თუ ფულით?! მაინც გასახლებულია. ქალაქის ძველ უბნებში მცხოვრებთათვის – და ძველი უბანი არ არის მხოლოდ კალა – ის ძველი უბანი არის მათი სამშობლო. კოლორიტი და ეგზოტიკური ატმოსფერო იმ უბნებს აქვს იმ ხალხით, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ანუ ძირითადია სოციალური ატმოსფერო და ადამიანებს აქვთ უფლება, ცხოვრობდნენ იქ და იქ უნდა გამოუსწორო მათ საცხოვრებელი პირობები. მე შენ დატანჯავ და დაგახრჩობ მაგ სიინძურეში, სანამ არ გაიქცევი და თუ გაიქცევი, ფულსაც მოგცემ, – არის ქალაქგეგმარებითი ფაშიზმი და აი, ეს ქალალაქგეგმარებითი ფაშიზმი აქვთ აღებული ქალაქგანახლების ინსტრუმენტად, რაც გაუგონარი რამაა. და, როგორც გითხარით, ექსპერტიც წერს, რომ ეს დაუშვებელია. და, საბოლოოდაც, ასკვნის, რომ ამ სახით მიწათსარგებლობის გენგეგმის დამტკიცება არ შეიძლება.

თქვენ ჩამოთვალპრინციპულად მიუღებელი საკითხები, რაზეც გენგემის შემკვეთის მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტი წერს. ეს ნიშნავს, რომ გენგეგმა მთლიანადაა შესაცვლელი, ანუ თავიდან დასაწერი თუ ჩასწორებაც გამოასწორებს?

–რა თქმა უნდა, ეს საკითხები პრიციპულად გადასაკეთებელია და აქედან გამოიკვეთება ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ პრიციპულად არასწორ საფუძველზე დგას მიწათსარგებლობის გენგეგმა, პრიციპულად არასწორი მიმართულება აქვს და კონცეპტუალურად არასწორია. და მაშინ, რაღა დარჩა გენგეგმისგან თუ მისი მთელი კონცეფციაა შესაცვლელი?! აი, ამას ამბობს ეს საექსპერტო დასკვნაც.

სავალდებულოა ეს ექპერტიზის დასკვნა გასათვალისწინებლად თუ უბრალოდ ფორმალურად ჩაითვლება, რომ ექსპერტიზა გაიარა გენგეგმამ?

–ქალაქის მერიამ დაუკვეთა ექსპერტიზა აზიის განვითარების ბანკს და ეს ნიშნავს, რომ ქალაქის მმართველობა დაინტერესებულია ასეთ ექსპერტიზაში. დაუჯერებს თუ არა, მისი საქმეა და, საერთოდაც, თბილისის საკრებულოს კომპეტენციაა, დაამტკიცებენ თუ არა ამ გენგეგმას. ექსპერტი ექსპერტია და მისი დასკვნა სავალდებულო ვერ იქნება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ესპერტიზა დაუკვეთეს, მეტყველებს იმაზე, რომ თავადაც უნდათ კომპეტენტური აზრის მოსმენა, შინაურ მღვდელს კი შენდობა არ აქვს.

არადა დაქირავებული ექსპერტის აზრი სრულად ემთხვევა ქართველი სპეციალისტების აზრს, რომლებსაც ისინი სრულიად უფასოდ სთავაზობდნენ და სთავზობენ მერიას.

–რა თქმა უნდა. დაქირავებული ექსპერტის ის შენიშვნები, რაც ჩამოვთვალე, ემთხვევა ჩემს აზრებს, რომლებზეც დიდი ხანია, ვლაპარაკობ. ერთ დეტალშია განსხვავება. კი ბატონო, ვისაც უნდა დაუკვეთონ, ჩემს აზრებს ნუ გაითვალისწინებენ, მაგრამ იმ ადამიანის აზრი მაინც გაითვალისწინონ.

და კიდევ ერთი საკითხი: ექსპერტი წერს, რომ გენგეგმის იმპლემენტაციისთვის, ესე იგი, განხორციელებისთვის არანაირი ნაბიჯები არ არის გადადგმული. არ არის შემოწმებული, როგორი სიმძლავრეები აქვს თბილისს, როგორც თვითმმართველ ერთეულს; რა ბიუჯეტი აქვს, არის თუ არა შესაძლებელი ბიუჯეტში თანხის გადანაწილებით ამის შესრულება ან დამატებითი თანხის მოძიება. ეს კითხვები არც დასმულა და არც გამხდარა დისკუსიის საგანი. მეტიც, განხორციელება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ბიუჯეტსა და ფინანსების მოზიდვაზე, იმპლემენტაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სამსახურებზე, რომლებიც ქალაქში სხვადასხვა სფეროს არეგულირებენ. გენგეგმა არც მათთანაა შეთანხმებული, არადა, იქნებ, ისინი როგორ ფიქრობენ თავიანთი დარგის განვითარებას, დარგობრივი გეგმებიც ხომ არსებობს?! იქნებ ის უწყებები არ არის მზად გენგეგმით დასახული ღონისძიებების განსახორციელებლად?! გამოდის, რომ გენგეგმის განხორციელება არ არის უზრუნველყოფილი. იგივე შეიძლება, ითქვას, მოქალაქეების ჩართულობაზეც: თუ მოქალაქეები არ არიან მზად და არ უნდათ ასეთი ღონისძიებების გატარება, მაშინ მიწათსარგებლობის გენგეგმას არ ექნება ლეგიტიმაცია ხალხისგან და ესეც განხორციელების პრობლემაა. ამ ექსპერტმა ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც არ არის დამუშავებელი გენგეგმით ან ძალიან ცუდადაა დამუშავებული და რომლებიც ადგილობრივი სპეციალისტებისთვისაც ცნობილია. ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა ვიმეორებ, მისი აზრი მაინც გაითვალისწინონ!

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42