საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები/პოლიტიკური გაერთიანებები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემო, რაც უხეშად არღვევს საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენი შეფასებით:
• ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მიერ;
• არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოში საარჩევნო გარემო ყოველწლიურად უარესდება და ფაქტობრივად მივიდა იმ ნიშნულზე, რომლის მიღმა ხელისუფლების გადაცემა შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით.
ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის ჩამოყალიბდა მძიმე დარღვევების შედეგად სარჩევნო ციკლის სამივე ეტაპზე.
კერძოდ:
• მკვეთრად გამოხატული უთანასწორო გარემო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში;
•არჩევნების დღეს სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების მხრიდან გამოხატული უპრეცედენტო ტოტალური ზეწოლა ამომრჩეველებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის მრავალრიცხოვანი ფაქტები;
• არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დაწყების დაგვიანება.
ზემოაღნიშნული შედეგი განაპირობა შედეგმა მანიპულაციებმა:
• არჩევნებისწინა პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები მმართველი პარტიისათვის კიდევ უფრო მეტი საარჩევნო უპრატესობის მინიჭების მიზნით;
•წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის ფართოდ გამოყენება;
•საარჩევნო ადმინისტრაციით სრულად დაქვემდებარება პოლიტიკურ ხელისუფლებაზე;
•ხელისუფლების მიერ მედია სივრცის უკანონო რეგულირება მმართველი პოლიტიკური ძალისათვის წინასაარჩევნო უპირატესობის მინიჭების მიზნით;
• უპრეცენტო მრავალჯერადი დისპროპორცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო სუბიექტების მიერ ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაში. დეკლარირებულზე არსებითად აღმატებული „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული საარჩევნო „შავი ფული“, რომლის არსებობის საკითხი ყურადღების მიღმა რჩება როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს;
•მმართველი პარტიის აქტივისტებისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებსა და აქტივისტებზე ფართოდ გამოყენებული უხეში ზეწოლა, ისევე როგორც კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლისა და სააგიტაციო მასალების დაზიანების პრაქტიკა;
•არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სტრუქტურების ფიქტიურობა და ანგაჟირებულობა. კერძოდ, არაეფექტური უწყებათაშორისი კომისია, უმაღლესი თანამდებობის პირთა მიერ დარღვევების ჩადენაზე გაკეთებული გამამართლებელი და წამახალისებელი საჯარო განცხადებები, ხოლო სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ამგვარ დარღვევებზე იგნორირება;
•არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლებზე ტოტალურად განხორციელებული ზეწოლა, რომელიც იწყებოდა საარჩევნო უბნების მისასვლელებთან და გრძელდებოდა ხმის მიცემის დასრულებამდე;
•ამომრჩეველთა მოსყიდვის მრავალრიცხოვანი ფაქტები, რომლებიც მუდმივად შუქდებოდა მედიის მიერ არჩევნების დღეს, რაც სამწუხარო სიახლეს წარმოადგენდა ამ არჩევნებისათვის;
• არჩევნების დღეს ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებლების მიერ მრავალრიცხოვან დარღვევებზე საჩივრების იგნორირება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ;
• არჩევნების შედეგების გამოცხადების დაგვიანებული დაწყება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არასამართლიან და არადემოკრატიულ გარემოში, ტოტალური დარღვევების და გაყალბების ფონზე. არ ვცნობთ და არალეგიტიმურად ვაცხადებთ არჩევნების შედეგებს.
ანგარიშის შესახებ
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველო-ბის ორგანოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების/პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო მონიტორინგის ერთობლივ ანგარიშს, რომლის მიზანია გააერთიანოს სუბიექტების ძალისხმევა არჩევნების მონიტორინგისა და შეფასებისათვის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მზარდი ზეწოლის პირობებში.
ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდა 14 პოლიტიკური გაერთიანება:
• ახალი მემარჯვენეები;
• ახალი საქართველო;
• ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
• გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა;
• დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო;
• ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
• ეროვნული ფორუმი;
• თავისუფალი საქართველო;
• თავისუფლება;
• სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის;
• საქართველოს ევროპელი დემოკრატები;
• საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
• ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;
• ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები






