ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც პარტიების ლიდერებმა არცევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათ ასევე მოუწოდეს მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა მრავალი დარღვევა. მისი თქმით, აქტიურობენ სპეცსამსახურები და სუსი:
„ეს არ არის პირველი არჩევნები, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას და ყველას გვაქვს გამოცდილება თუ რა შეიძლება მოიფიქროს ხელისუფლებამ, გამოიყენოს ახალი ან ძველი გზები არჩევნების გასაყალბებლად. მსურს მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ, რადგან ამ წუთისთვის ყველაზე მეტად აქტიურობს სუსი და სახელმწიფო სპეცსამსახურები. დღეს ძალაუფლება არის ხალხის ხელში და ის იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, სუსი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ დღესაც წაართვას ძალაუფლება ხალხს.
საუბნო კომისიებში სუს-ის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით დგანან იმ ადგილებში, სადაც არ უნდა იდგნენ წესით. ისინი ქმნიან ისეთ განწყობას, რომ აკონტროლებენ ყველაფერს. მსურს ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, ისინი ვერაფერს აკონტროლებენ, თუ ვის მიეცით ხმა, ამის გაგება მათ პრაქტიკულად არ შეუძლიათ.
ამ აქტივობებით სპეცსამსახურები ცდილობენ განახორციელონ ზეწოლა კომისიის წევრებზე, რომელთა უმრავლესობა დანიშნულია ხელისუფლების მიერ და ცდილობენ ამ ადამაინების გაკონტროლებას, რაზეც ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება.
პოლიციის თანამშრომლები, მასობრივად ყველა უბანში და არა მხოლოდ თბილისში მიდიან ოჯახებში და მეტნაკლებად კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები გამოჰყავთ გარეთ, რათა მოახდინონ მათზე ზემოქმედება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ამ წუთისთვის ასეულობით საჩივარი იწერება უბნებზე, ასე გაგრძელდება დღის ბოლომდე, ვიბრძოლებთ სამართლებრივად ამ ეტაპზე, სხვა არჩევნების დროს შეიძლება ჩვენ ვიყავით ნაკლებად აქტიურები, მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, მთელი დღის განმავლობაში უბანზე არც ერთ დარღვევას არ გავატარებთ საჩივრის გარეშე, შემდგომ უკვე შესაბამისი მოქმედებები დაიწყება ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






