მათი თქმით, წინასაარჩევნო გარემო ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა მაგრამ "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა.
"2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 22 აგვისტოს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო.
განსაკუთრებულად აქტიური წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამოიკვეთა. დედაქალაქის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისთვის ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე იყო ცნობილი და მათი კამპანია შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა.
კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის შემთხვევებს, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ. ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ არ გამხდარა ცნობილი"- აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






