სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ასპინძის გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტს გამგებელი ადასტურებს. ლევან ცაბაძე „ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა იგი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად იღებს.
ცაბაძის თქმით, სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ასპინძაში სუს-ის მხრიდან გააქტიურება. გამგებელი აცხადებს, რომ სუსი ცდილობს გამგეობის თანამშრომლების დაშინებას:
„ამ ადამიანების უმეტესობა იმყოფებოდა შვებულებაში. არანაირი საჭიროება არ იყო იმის, რომ შვებულებაში მყოფ ადამიანებს დაეწერათ განცხადება წასვლაზე. აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არის ზეწოლა, პირად საუბრებში მითხრეს, შვილების დაჭერით ემუქრებიან,“-განაცხადა ლევან ცაბაძემ.
გამგებლის თქმით მასთან პირად საუბარში ყოფილი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება სუს-ის ზეწოლის შედეგად მიიღეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ასპინძის გამგეობის მოქმედი თანამშრომელი:
„როგორც კი დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, ბატონმა ლევანმა, როდესაც თქვა რომ დამოუკიდებელად უნდა იყაროს კენჭი, მეორე დღესვე დამადგა ანტიკორუფციული სამსახური, ფერმა გვაქვს საოჯახო ძალიან დიდი ხანია. დაგვადგნენ, წამიყვანეს. გინდა თუ არა თქვი, რომ ლევანის საქონელი გყავს, მის საქონელს უვლი და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. პირველი ბრძოლა ამით დაიწყო. გყავთ შვილები თბილისში, იმას ჩავუდებთ, ამას ჩავუდებთ,“- განაცხადა გიორგი ბერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






