ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას რკინის გალავანს უშენებენ. პარკინგის ტერიტორიის შემოღობვა საარჩევნო ადმინისტრაციამ შენობაში გადასვლიდან 6 წლის შემდეგ გადაწყვიტა. შესაბამისი სამუშაოების წარმოება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. სამუშაოებს ახორციებევს კომპანია, რომელსაც ხელშეკრულება პირდაპირი ტენდერის გზით გაუფორმდა.
საუბარია იმ ადგილზე, სადაც შარშან საპარლამენტო შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა.
აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას უკავშირებენ.
„დემოკრატიის ხარისხზე მეტყველებს ის ამბავი, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ. ადამიანი ღობავს ტერიტორიას, ესე იგი ნათელია მისი განზრახვა, ივანიშვილის ხელისუფლების, არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე, ის უშვებს, რომ შესაძებელია ღიად მოხდეს არჩევნების გაყალბება, ამან გამოიწვიოს აღშფოთება საზოგადოებაში და საზოგადოების ნაწილმა იქ საპროტესტო აქცია გამართოს, სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას რასაც აკეთებს დღეს ივანიშვილის ხელისუფლება დღეს“, - აცხადებს ნიკა მელია.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამყალბებელ ორგანოს უწოდებენ.
„როგორც ჩანს, მომავალი რევოლუციისთვის ემზადებიან, თუმცა არ მგონია, რომ ღობემ გადაარჩინოს. უფრო დიდი გალავნები იყო, რომ ბასტილიიდან დაწყებული და სხვა ადგილებით დამთავრებული, ხალხმა გადაანგრია. ეს არის ცენტრალური გამყალბებელი კომისია და მისმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ჟვანიამ უკვე ჩაირიცხა 10 მილიონი დოლარი ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაში არჩევნების გაყალბებისთვის. გპირდებით, ამ მილიონებს ამოვაშხამებთ,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება:
„კამპანიის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანების დარწმუნება ვერ მოახერხა და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მათ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა არ აქვთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებას მიაღწიონ. შესაბამისად, ისინი სათადარიგო გზებზე, მაიმუნობებზე, მამაძაღლობებზე ფიქრობენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიის შემოღობვა მხოლოდ და მხოლოდ პარკინგის მოწყობას უკავშირდება.
„საჭირო იყო კონკრეტული ტიპის სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა აზომვა, საკადასტრო ნახაზების შედგენა, კოორდინატების დადგენა. აქამდე გარკვეული დრო დაეთმო აღნიშნულ სამუშაოებს. ამის დასრულების შემდეგ მოძიებული იქნა კომპანია, რომელიც შემოღობვის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიის შემოღობვა მხოლოდ და მხოლოდ პარკინგის მოწყობას უკავშირდება,“ - განაცხადა ცესკოს ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ბუსკივაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






