მალე დასრულდება ეს საარჩევნო მარათონი, იქნებ მოვახერხოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან.
არჩევნებმა დაგვანახა, რომ, საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო თვითშეგნება ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს სცენაზე მოქმედი პოლიტიკური აქტიორებისა და ეს იძლევა იმედს, რომ ეს არჩევნები არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი აქტი და ამომრჩეველი უწყვეტ რეჟიმში მოსთხოვს პასუხს, მის მიერვე არჩეულ მმართველობის თუ თვითმმართველობის წევრებს. პასუხსაც მოსთხოვს და დაპირებების შესრულებასაც მუდმივად შეახსენებს.
დემოკრატიის ამერიკული ფორმულაა: "თითოეული მოქალაქის თავისუფლება არის წინაპირობა ყველა მოქალაქის თავისუფლებისა". აშშ–ში წარმოუდგენელია რომ ყოვლისშემძლე პრეზიდენტმა ან გუბერნატორმა დანიშნოს ან მოხსნას მერი , შერიფი , ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში და ა.შ.
აშშ-ში მოქმედებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციები, კოოპერატივები, კლუბები, კომიტეტები, თემები და მუნიციპალიტეტები. ყველა ეს ორგანიზაცია მოქმედებს თვითმმართველობის პრინციპების დაცვით და საკუთარი შიგა კონსტიტუციის მიხედვით...
აშშ-ის მოქალაქეების 70%-ი ასეთი ასოციაციების და ორგანიზაციების წევრია, ხოლო 50%-ზე მეტი აქტიურად მონაწილეობს ორი ან მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში.
მოქალაქეთა ასეთი ტიპის ჯგუფებისა და ასოციაციების ქსელი ყოველდღიურად ფუნქციონირებს და მათი მიზანია, შექმნან პირობები მოქალაქეების და მათი ჯგუფების თვითრეალიზაციის, შეხედულების გამოხატვისა და ინიციატივების განხორციელებისათვის.
დიდი იმედია, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ამოქმედდება მსოფლიოში აპრობირებული დემოკრატიის უმთავრესი იარაღი - უშუალო დემოკრატია, რაც გამოიხატება სამოქალაქო პროცესებში ამომრჩევლის მუდმივ ჩართულობაში კრებების, რეფერენდუმის, სათემო ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნასა და სხვა საშუალებით განხორციელებაში.
საბედნიეროდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ წარსულს ბარდება ის დრო, როცა საზოგადოება ერთგვარ სამოქალაქო ნიჰილიზმში იმყოფებოდა და მისი აქტიურობა მხოლოდ „ჩვენ არავინ არაფერს არ გვკითხებათი“ შემოიფარგლებოდა.
სამოქალაქო ნიჰილიზმს განაპირობებდა ის გარემოებაც, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა --გაძლიერების გზით ხდებოდა, ხოლო მათი დაფინანსების ძირითადი წყარო საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ. სამწუხაროდ, მათი უდიდესი უმრავლესობა შორს იყო და არის საქართველოს სინამდვილისაგან, რის გამოც არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ძირითადი მიმართულებები, ხშირად არ ემთხვეოდა საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის ცხოვრებით ცხოვრობდა და არასამთავრობო სექტორი თავისი ცხოვრებით. მან ვერ მოახერხა ეტვირთა თავის თავზე სამოქალაქო საზოგადოების მაორგანიზებელი როლის აღება.
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გარედან ნაკარნახევი წესებითა და პრინციპებით ვერ შეიქმნება. იგი უნდა ჩამოაყალიბოს თავად საზოგადოებამ და ქვეყნის მოქალაქეებმა.
ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება იქედანაც კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, იძულებულია მოუსმინოს ხალხს.
ამის ნათელი მაგალითია სოციალური ქსელები. როდესაც საკითხის სიმწვავე სოციალურ ქსელში მაქსიმუმს აღწევს, თან ეს არა ვინმეს დაკვეთით ორგანიზებული ქმედებაა, არამედ მოქალაქეების მკაფიო პოზიცია, ხელისუფალი ახდენს მყისიერ რეაგირებას ამ საკითხის მოსაგვარებლად.
გონიერი სამოქალაქო პროტესტი ან შეთავაზება, რომელიც კონცენტრირდება ერთ კონკრეტულ საკითხზე, კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სივრცეში, ყოველთვის აღწევს თავის მიზანს.
დადგა დრო, როდესაც ერთნაირი ინტერესის მქონე ჯგუფებმა (თემის, უბნის, რაიონის წევრებმა. ბიზნესის, კულტურის, განათლების და საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებმა) უნდა შეძლონ თვითორგანიზება და საკუთარი ინტერესების დაცვა ყველა ხელმისაწვდომი დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით.
რეალურ ცხოვრებაში რეალური დემოკრატიის განხორციელების მიზნით, არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სახალხო თვითმმართველობა" იწყებს ავანსად გაცემული საარჩევნო დაპირებების მონიტორინგს და ხელისუფლებისთვის საკუთარი ხედვების შეთავაზებას თვითმმართველობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
ომი (არჩევნები) დამთავრდა - მშვიდობის (დაპირებების შესრულების კონტროლი) გეშინოდეთ პატივცემულებო!!!
P.S . კონსტრუქციულებიც აუცილებლად ვიქნებით
გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძე,
სამოქალაქო მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობა“
მასალის გამოყენების პირობები






