სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ოსორაულების ტრაგედია 10 თვის წინ, 27 იანვარს დაიწყო, როცა მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს სწორედ საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
სოსო ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.
ცნობისთვის, 24 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ირწმუნებოდა, რომ ის ცოცხალია. მოგვიანებით კი გიორგი ოსორაულს საგარეო სამეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მისი ძმა გარდაცვლილია. ოსორაული „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ჯანელიძის უწყებას დასტურად ფოტო-მასალა მოყავს, სადაც თითქოს მისი ძმაა გამოსახული. თუმცა სამხედრო მფრინავის ოჯახი ეჭვობს, რომ სურათი რეალობას არ ასახავს.
გიორგი ოსორაული ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი მფრინავის ოჯახს ოსორაულის ფოტო-სურათს გადაცემაზე უარს ეუბნება რომლის წარმომავლობა ოჯახისთვის ასევე უცნობია.
სოსო ოსორაულის ძმა ხელისუფლებას საყვედურობს და ღიად ამბობს, რომ მისი ძმა „სახელმწიფომ გაწირა“.
ოსორაულის თქმით, საგარეო სამეთა სამინისტროში მას პირადად უთხრეს, რომ ისინი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად საჭირო გამოსასყიდის გადახდას არ აპირებდნენ.
ამასთან, შეარაღებული ძალების ყოფილი წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენლები უარს ეუბნებიან ჩავიდეს კონგოს რესპუბლიკაში და იქ გაარკვიოს სიმართლე.
გიორგი ოსორაული კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა დიდი ალბათობით ცოცხალია.
„მოგეხსენებათ, 27 იანვარს ორმა MI-24 ტიპის შვეულმფრენმა ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ავარიული დაჯდომა განახორციელა. შვეულმფრენი, რომელსაც სოსო მართავდა, ავარიული დაჯდომის შემდეგ აღმოჩნდა კონგოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი 23-მარტის მოძრაობის ამბოხებულთა ტყვეობაში, რომლებსაც გენერალი სულთან მაკენგა ხელმძღვანელობს.
ამ ფაქტის შესახებ 28 იანვარს კონგოში მყოფი ქართველებისგან შევიტვე - მითხრეს, რომ სოსო ცოცხალია და კონგოს მხარე აქტიურად ჩაერთო ამბოხებულებთან მოლაპარაკებებში. 15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, რომელმაც სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა. მითხრა, რომ გენერალი მაკენგა სოსოს სანაცვლოდ, მილიონ დოლარს ითხოვდა”- აცხადებს ქართველი მფრინავის ძმა.
გიორგი ოსარაულის ძმა საგარეო სამეთა სამინისტროში მის პირველ ვიზიტსაც იხსენებს და ამბობს, რომ ჯანელიძის უწყებაში პირდაპირ უთხრეს, რომ „პირველივე დღიდან იცოდნენ დატყვევებული მფრინავის შესახებ“.
„უწყებას მივაწოდე ის მასალა, რაც მანამდე მქონდა მოპოვებული. მათ პირდაპირ მითხრეს, რომ სახელმწიფო არ იყო ფულის გადამხდელი. ამის შემდეგ საჰარეო სამეთა სამინისტროსთან მქონდა აქტიური კომუნიკაცია. ამბობდნენ რომ მოლაპარაკებებს მართავდნენ ჩემი ძმის გამოსახსნელად. 14 მაისს კი მითხრეს, რომ ამბოხებულთა პოლიტიკურმა ლიდერმა, ბერტრანდ ბისიმვამ მიაწოდა ინფორმაცია, სოსოს სავარუდო დაღუპვის შესახებ”- უთხარ „ნიუპოსტს“ გიორგი ოსორაულმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყიფილ მინისტრთან გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებას შეეცადა, რასაც ჯანალიძის უწყების განაწყენება მოჰყვა.
მიმდიონარე წლის 14 აგვისტოს გიორგი ოსორაული საგარეო სამეთა სამინისტროში დაიბარეს, აჩვენეს ფოტო და უთხრეს რომ მის ძმას თავის არეში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, რაც საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ერთადერთი დამადასტურებელია.
„ფოტოზე, სოსოა გამოსახული, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში აქცენტს აკეთებენ და ირწუნებიან რომ სოსოს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, თუმცა ფოტოზე ეს არ ჩანს... მე ხაზგასმით მინდა თქვენთანაც ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დამეხმარება ძმის გამოხსნაში, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ ჩემი ძმა მოკლული იყო, მე გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრას ვცდილობდი. თუმცა მეგობარმა შეცდომით გიორგი ვაშაძესთან გამიყვანა, რაც პრობლემად აღიქვეს საგარეოში. მითხრეს, რომ ჩემმა აქტიურობამ, ოპოზიციასთან შეხვედრამ, აქციებმა საქმე გააფუჭა. მე საქმისთვის არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ მიმიცია“- განაცხადა ქართველი მფრინავის ძმამ.
გიორგი ოსორაული კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქართველი მფრინავი ცოცხალია.
„იქ მყოფ ქართველებს, კონგოელი გენერლები ეუბნებიან, რომ სოსო ცოცხალია და მუშაობენ ამ საკითხზე. ჩემი ძმის ლიკვიდაცია არც საგარეოს მიერ აქამდე გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლებოდა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ კონტაქტზე იყვნენ გასულები“- აღნიშნავს რესპოდენტი.
გიორგი ოსორაულმა "ნიუპოსტთან" შეიარაღებული ძალების დატოვების გადაწყვეტილებაც ახსნა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც, მისი თქმით, მთავრობამ კონგოში დატყვევებული იოსებ ოსორაულის გამოსახსნელად არაფერი გააკეთა.
"კონგოში ჩასვლაა საჭირო. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელის დაბანა უნდა. იმის გათვალისწინებით რაც დღეს არის, გამოდის რომ კაცი გაწირეს. სწორედ ამიტომ 15 სექტემბერს დავტოვე შეიარაღებული ძალები. არავინ არ დარჩა იქ პიროვნება, ვისი იმედი შეიძლება მქონოდა, შემეძლო დახმარების თხოვნით მიმემართა. ბოლო ვარიანტი ჩემთვის თავდაცვის მინისტრი იზორია იყო, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია. შემპირდა რომ დამეხმარებოდა, ჩემი მოთხოვნა იყო კონგოში მომხდარიყო ჩასვლა და ელემენტარულად გამერკვია ის თუ რატომ აცხადებენ კონგოელი გენერლები რომ ჩემი ძმა ცოცხალია, საქართველოს ხელისუფლება კი მარწმუნებს რომ სოსო დაღუპულია"- აღნიშნა ოსორაულმა.
სოსო ოსორაულს საქართველოში ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. რომლების მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






