„მალე დამთავრდება საარჩევნო მარათონი და გარკვეული კანონზომიერების გამო დადგება ის შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო. რატომ და როგორ, ამას მნიშვნელობა არ უკვე. დღეს მნიშვნელობა აქვს, თუ რას გააკეთებს რეალურად ქალაქის ახალი მმართველობა და თვითმმართველობა. მესმის, რომ უამრავი სპეციალისტი გყავთ, მაგრამ ალბათ, სადღაც რაღაც მაინც გამოგრჩებოდათ თქვენს პროგრამაში და იქნებ ჩვენი თხოვნა-რეკომენდაციებიც გაითვალისწინოთ ხვალინდელო ქალაქის მამებო,“ - ამის შესახებ „ფეისბუქში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე წერს და თბილისის მომავალ „მამებს“ რამდენიმე რჩევა-რეკომენდაციას აძელვს:
„თქვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს თბილისის „კონსტიტუციის“, ანუ თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმის“ შექმნა, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან“. ეს დოკუმენტი უნდა შემუშავდეს თბილისის მოქალაქეებს შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგად.
უნდა შეიმუშავოთ ე.წ. საინვესტიციო უბნების კონცეფცია: ქალაქი გამოყოფს სამშენებლო უბნებს („ბრაუნფილდები“ - ყოფილი სამრეწველო ზონები, ბარაკული ტიპის დასახლებები), წარმოადგენს არქიტექტორულ პროექტს, უზრუნველყოფს უბანს კომუნიკაციებით, აცხადებს ტენდერს მშენებლობის უფლების მოპოვებისთვის და მშენებლისაგან ითხოვს საბინაო ფონდის 10%–ის სოციალური საცხოვრისისთვის გამოყოფას.
კეთილი, ინებეთ და დღის წესრიგში დააყენეთ ქ.თბილისის მერიის სს ”თელასში” 25%-იანი წილის საპარტნიორო ფონდიდან დაბრუნების საკითხი.
საკანონმდებლო რეგულაციების საშუალებით დააწესეთ დედაქალაქში წარმოებულ სამშენებლო და სხვა სამუშაოებში ადგილობრივად წარმოებული მასალების გამოყენების ვალდებულების შემოღება, რაც წაახალისებს ქართულ ბიზნესს (ასე აკეთებს ესპანეთი და პორტუგალია).
24-საათიან რეჟიმში იმუშავეთ და მოთხოვთ მარეგულირებელი კომისიებს, რათა მათ დავალდებულონ „თელასი“, „ყაზტრანსგაზი“, „თბილწყალი“ („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“) და დასუფთავების სამსახური გააფორმონ კოლექტიური ხელშეკრულება მოსახლეობასთან, სადაც გაწერილი იქნება მხარეების უფლება-ვალდებულებები.
ხმამაღლა თქვით, რომ თბილისი იქნება ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და გამწვანებულ ქალაქი კავკასიაში. ამისთვის პირველივე დღეებში დაიწყეთ მუშაობა სპეციალურ კომპლექსურ პროგრამზე, ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად.
გახადეთ ბიუჯეტის მიღების პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე, პუნქტობრივად გაშლილი და მარტივად აღსაქმელი თბილისის მოქალაქეებისათვის. თითოეულ მუნიციპალიტეტს გარდა იმ პროექტებით გათვალისწინებული ფინანსებისა რაც ასახული იქნება ბიუჯეტში, დამატებით გამოუყავით გარკვეული თანხები, რომელის გამოყენების მიზანშეწონილობას მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თვითონ გადაწყვეტენ.
უზრუნველყავით ქ. თბილისში ლიფტების უსაფრთხოება, თუნდაც სპეციალური პასუხისმგებელი ქვედანაყოფის შექმნით.
ერთხელ და სამუდამოდ მოახერხეთ ე.წ. „ტაქსაობის“ საკითხის დარეგულირება. შემოიღეთ ტაქსისტის უფასო ჟეტონი, რისი მეშვეობითაც უმტკივნეულოდ მოხერხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა
აუცილებლად შექმენით მდინარეების და წყალსაცავების კონტროლის სპეციალური სამსახური, რომლის უპირველესი საზრუნავი იქნება დედაქალაქის მთავარი წყლის არტერიის მოვლა-პატრონობა.
მაქსიმალურად გაზარდეთ მოსაკრებელის ოდენობა ქალაქში არსებული სათამაშო (კაზინო, ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი) დაწესებულებებისათვის და მკაცრად დაიცავით უკვე არსებული მათი დისლოკაციის ადგილების შეზღუდვის ნორმები ანუ მათი დაშორება სასწავლო და საკულტო დაწესებულებიდან.
გაბედეთ და გახდით მეტი დემოკრატები, აამუშავეთ საქალაქო ელექტრონული პლებისციტის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ და ეფექტურ ჩართვას ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში.
და ბოლოს, მაქსიმალურად დაიხარჯეთ, რომ თბილისი იქცეს ცხოვრებისთვის კომფორტულ, მობილურ, ჯანმრთელ, სოციალურად დაცულ, ეკოლოგიურად სუფთა, განათლებულ, ბიზნესისთვის ხელსაყრელ და სამოქალაქო ურთიერთობებისათვის ღია ქალაქად. ამისთვის გირჩევთ და გქირაობთ თქვენ ამომრჩეველი და გიხდით ჯამაგირს.“
მასალის გამოყენების პირობები






