"ლეიბორისტების" პოლიტიკური ამბიცია მაღალია. მშრომელთა პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური სპექტრიდან მხოლოდ ისინი არიან დაპირისპირებულები "მმართველ ყაჩაღ, ბანდიტ, ბანკირ, მონოპოლისტ, ენერგო-მაფიოზ ხელისუფლებასთან".
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე "ნიუპოსტი" გიორგი გუგავასთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ:
- არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება... როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს, ამასთან საინტერესოა ბოლო ინციდენტი, რომელიც ერთ-ერთ ტელეკომპანიაში თქვენ არ დაშვებას გულისხმობს?
- იდეაში ცივილურ ქვეყნებში არჩევნები სამართლიან გარემოში უნდა ტარდებოდეს, როდესაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი პირობები გააჩნია. ჩვენთან კი რა ხდება: მმართველ პარტიას ოფიციალურად 10 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობა აქვს, შავი ფული უფრო მეტი ტრიალებს, საბიუჯეტო სახსრებიც მათ საარჩევნო ყულაბას წარმოადგენს, ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, მართული ტელევიზიები და სხვა. ამ დროს თქვენ ხედავთ მეორე მხარეს, ვინც ხელისუფლებასთან შეკრული არ არის და მის თამაშს არ თამაშობს, შემოწირულობის გრაფაში არის ნული. მათ შორის ჩვენთან. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მივმართეთ ბანკებს, რომ მოეცათ კანონით გათვალისწინებული სესხი, რასაც პოლიტიკური პარტიების შესახებ არსებული კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს, მით უმეტეს მაშინ როცა გარანტად ვდებდით მთლიანად ოფისს, ამასთან კვალიფიციური პარტია ვართ და ბიუჯეტიდან გვაქვს მინიმალური დაფინანსება, თუმცა საბანკო ანაზღაურებას უზრუნველყოფდა. ამის მიუხედავად, სესხის დამტკიცებაზე ყველა ბანკმა უარი გვითხრა. გარდა ამისა, "ლეიბორისტულ პარტიას" წინასაარჩევნო დაფინანსებაც ჩამოაჭრეს. თქვენ ალბათ მოხვედით იმ გზით, რომელიც წინასაარჩევნოდ გადათხარეს და საარჩევნო შტაბის პარალიზება მოახდინეს. ამას ემატება ისიც რომ სხვადასხვა მიზეზით სახელისუფლებო მედია ბლოკირებას ახდენს და არ გვაძლევს საინფორმაციო სივრცეს. გაითვალისწინეთ, რომ იმავეს აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასეთი დისკრიმინაციული საარჩევნო გარემოა შექმნილი. ამას ემატება ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კომისიებში აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს. კომისიის თავმჯდომარე საბიუჯეტო სახსრების მიტაცების ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. აქიდან ჩანს, რომ ხელისუფლება არჩევნების მასიურად გაყალბებას გეგმავს.
- „გუგავა მოვა“ - პიარტექნოლოგები შალვა ნათელაშვილის ამ ფრაზას ,,ვირუსულ რეკლამას" უწოდებენ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პიარი თუ სპონტანურად ნათქვამი ფრაზა?
- ეს დაგეგმილი ნამდვილად არ ყოფილა. შალვა ნათელაშვილი ნიჭიერი ადამიანია და ზუსტად გრძნობს, რა ფორმით უნდა გამოხატოს, რომ ადვილად მოხდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ხშირად პიარ კამპანიაში მილიონებს ხარჯავენ, აკეთებენ ბანერებსა და ბილბორდებს, იღებენ საარჩევნო კლიპებს. შალვა ნათელაშვილის ფრაზა კი პიარ-მარკეტინგული კუთხით საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. მართალია "გუგავა მოვა" უტრირებულად ითქვა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, დატვირთვა არის ის, რომ მერმა უნდა იზრუნოს, იფიქროს, რომ მისი გადაწყვეტილებები ყველა ოჯახში პოზიტიურად მივიდეს და უშუალოდ იყოს იქ, სადაც უჭირს მოქალაქეს. ამიტომ ქირაობენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ირჩევენ მათ, აძლევენ ხელფასს საკუთარი ჯიბიდან, რომ მოემსახუროს მათ ინტერესებს.
- დაასახელეთ 5 მძიმე პრობლემა ქალაქში, რომლის მოგვარებასაც თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში მოაგვარებთ?
- პირველი პრობლემა ეს არის მმართველობის ის მანკიერი, საზიზღარი სისტემა, რომელიც ჩვენთან არის შექმნილი. ჩვენ გვყავს არა არჩეული, ხალხის მსახური ხელისუფლება, არამედ ოლიგარქების მიერ მართული მარიონეტები, რომლებიც გამდიდრებული ელიტის ინტერესებს ემსახურებიან, ასრულებენ მათ დაკვეთებს და არ ემსახურებიან საზოგადოების, ქალაქის და ხალხის ინტერესებს. შესაბამისი შედეგებიც გვაქვს სახეზე. ამავე დროს ამ ადამიანებს ქალაქის, ბიუჯეტის საძარცვავად მწვანე შუქი აქვთ ანთებული. ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც ერთი რიგითი ღატაკისთვის უფასო სასადილოში გამოკვებისთვის მხოლოდ 1,8 ლარია გამოყოფილი, მერიის მოადგილემ და სხვა მაღალჩინოსნებმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 15 -ჯერ აიღეს პრემია და დანამატი, რაც რამდენიმე ათასი ლარია. ჩემი პირველი განკარგულება იქნება, თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატების გაუქმება. ასევე უნდა გაუქმდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მერიის მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილებისა და საწვავის შეძენა. არსებული პერსონალური ავტომობილები უნდა გავიდეს აუქციონზე, საჯაროდ გაიყიდოს და ეს თანხა ბიუჯეტში უნდა შევიდეს.
უნდა მოხდეს სისტემური რეორგანიზაცია. თბილისს 10 გამგებელი არ სჭირდება, მისი გამგეობით და გაბერილი შტატებით, სანათესაოთი და პარტ.აქტივით. ეს ადამიანები ბიუჯეტს ხრავენ და ჩართული არიან კორუფციულ სქემებში. საკმარისია თითოეულ მუნიციპალიტეტში მერის ერთი წარმომადგენელი იყოს.ლონდონის მერიაში ოთხჯერ უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე დედაქალაქის მერიაში.
მეორე მთავარი პრობლემა - ქაოტური განაშენიანება, მწვანე ნარგავების შემცირება და კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა. პირველი რიგის გადაწყვეტილება, რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ სანამ განაშენიანების გენერალური გეგმა არ დამტკიცდება, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მშენებლობაზე ყოველგვარ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და მკაცრად უნდა აიკრძალოს ყოველი ჯანსაღი ხის მოჭრა. როდესაც დამტკიცდება თბილისის გენერალური გეგმა, ამის შემდგომ სამშენებლო ნებართვები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა გაიცეს. თვითმმართველობის კოდექსში გათვალისწინებული იყო, ადგილობრივი საბჭოების შექმნა, რომლებიც ადგილზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ეს ნორმა ისევ უნდა აღდგეს და მოსახლეობა ურბანისტებთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას რა სურთ: სკვერი, საცხოვრებელი კორპუსი სარეკრეაციო ზონა თუ სხვა. მერია გენერალურ გეგმას არ უნდა გასცდეს. თბილისმა დღეს დაკარგა სახე, ის პრაქტიკულად საცხოვრებლად უვარგისი ხდება.
რეკრეაციას რაც შეეხება, პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ცენტრალ პარკების შექმნა, არამედ ჩვენ პატარა სკვერებიც უნდა განვავითაროთ.
ტრანსპორტი - თბილისი ყველაფერთან ერთად საცობების ქალაქიც არის პრობლემა საკმაოდ გლობალურია, შესაბამისად ის ვინც მოსახლეობას პრობლემის მყისიერ მოგვარებას შეჰპირდება, ის თაღლითობს. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც განსაკუთრებით რეგიონშია, ის მოსახლეობისგან იცლება, მიდის უცხოეთში ან თავის გადასარჩენად, ლუკმა-პურის საშოვნელად მოდის დედაქალაქში. ამიტომ თბილისის ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, სატრანსპორტო არხები მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებას ვერ უზრუნველყოფს. პრობლემა გლობალურია და სანამ ქვეყანა თანაბრად განვითარებას არ დაიწყებს, მანამდე ცალსახად ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება, მაგრამ ამ პრობლემის გარკვეულ ნაწილობრივ მოგვარება შეგვიძლია: კერძოდ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, ზოგიერთი კანდიდატი ამბობს, რომ სითი-პარკთან ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, სხვა კომპანიას შემოვიყვანო და მასთან ერთად გავაკეთებ ფულსო. თვითმმართველობის კოდექსში კი პირდაპირ წერია, რომ პარკირების საკითხი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. მერიამ თავად უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა, მოაწყოს ინფრასტრუქტურა თანხა უნდა შემოვიდეს ბიუჯეტში და კვლავ მოხმარდეს მოსახლეობას და პარკირებას. სითი პარკი წელიწადში 40 მილიონს იღებს და რა ვნახეთ ამ თანხის ინფრასტრუქტურა გარდა საღებავებისა და ფუნჯისა. ხშირ შთხვევში სატრანსპორტო არხების 20-30 % უკანონოდ დაგეგმარებულ პარკირებას მიაქვს რაც შემაფარხებელი გარემოებაა.
პრობლემების ჩამონათვალში, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე მიკროავტებუსები, რომელიც კერძო პირის ხელშია. მიკროავტობუსები ნელ-ნელა უნდა ჩანაცვლდეს ახალი მინიციპალური ავტობუსებით. ქალაქში გადაადგილების პრობლემის მოგვარება მცხეთიდან რუსთავამდე მეტროს გაკეთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. გასარემონტებელი და შესასყიდია ახალი შემადგენლობები. მგზავრთა ნაკადის გადაყვანა საჭიროა მეტროს საშუალებით. უნდა მოხდეს ამ ხაზის განვითარება, საბოლოო ჯამში - მცხეთა-თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ამას ერთ და ორ წელიწადში ვერ მოახერხებს, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონორებთან ერთად უნდა დაიწყოს ამ პროექტის განვითარება. თავის დროზე თბილისის მეტროს 400 000-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. დღეს 280 000-მდე გადაჰყავს. საბოლოო ჯამში სადგურების დამატებაც უნდა მოხდეს ეს გარკვეულწილად განტვირთავს საცობებს და ქალაქში ავტომობილების მოძრაობას.
- როგორია თქვენი შეფასება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანივილისთვის სიმბოლიურ ფასად თბილისში მიწების გადაცემაზე?
- მოდით ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, რომ ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. ეს დაიწყო შევარდნაძის დროს რომელმაც მისცა უფლება სოლოლაკის ქედზე, იქ სადაც ბოტანიკური ბაღი მდებარეობს, ისტორიულ-რეკრეაციული სივრცეა აეშენებინა "სასახლე". იგივე ხდებოდა წინა რეჟიმის დროს, სხვათა შორის გიგი უგულავამ მას 7 ჰექტრი მიწის ნაკვეთი გამოუყო, რომელშიც შედიოდა ბოტანიკური ბაღის ნაწილიც და ბუნებრივია მადა ჭამაში მოდისო და მთლად ერთ ლარად დაითრია სტრატეგიული მიწები და იქ იმ მონსტრს, რვაფეხას მაგვარ პროექტს - ე.წ. თბილისის პანორამას აშენებს, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაწყებული სოლოლაკის ქედით დამთავრებული ყველაფერს ითვისებს და საკუთარ, პრივატულ საკუთრებად აქცევს. საჯარო დატვირთვა არც თაბორის მთაზე ასაშენებელ გოლფის მოედანს ექნება, რადგან გოლფი მილიონერებისთვისაა და არა რიგითი მოქალაქეებისთვის. ივანიშვილი მოქალაქეებისთვის არაფერს აკეთებს, გაიხსენეთ შეკვეთილში განვითარებული პროექტები. კაცმა ზღვის სანაპირო მიითვისა და ზღვის ქვეშ ოლიგარქის კუთვნილ ტერიტორიაზე თევზი ვერ გაცურავს.
ჩემი არჩევის შემთხვევაში ყველა მიტაცებული ქონება, აქ იპოდრომის ტერიტორიას, ვერეს ხეობის სივრცეს, ლაგუნა ვერას, ისტორიულ ფაბრიკას შენობას დავუბრუნებ ქალაქს. ამ ტერიტორიებს საზოგადოებრივი, საჯარო დატვირთვა უნდა შევსძინოთ.
- თქვენი ეს ნაბიჯი კერძო საკუთრებაში უხეში ჩარევა ხომ იქნება?
- თუ პირი, კომპანია საინვესტიციო პირობებს არ ასრულებს, ჩამორთმევა სრულიად კანონიერია. მას ხელშეკრულებით ვალდებულება აქვს აღებული, რომ შექმნის საჯარო სივრცეს, რომელიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. რადგანაც ეს ვალდებულება ივანიშვილმა არ შეასრულა, მასთან ხელშეკრულება გაწყდება და ეს ტერიტორია თბილისის მერიას დაუბრუნდება. რა პირობით აიღო იპოდრომის ტერიტორია - რომ იქ კორპუსები ჩაედგა და ხეები გაეჩეხა?! რა თქმა უნდა არა, იქ ცენტრალური პარკის მაგვარი, რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო. ლაგუნა ვერე იმიტომ გადასხეს, რომ ბაყაყების საბუდარი და ანტისანიტარია ყოფილიყო?
- როგორია თქვენი ხედვა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით?
- მე უკვე გითხარით, თანხების დაზოგვას როგორ ვაპირებ. ბიუროკრატიული თუ სხვა ფუფუნებისთვის საჭირო თანხების აკრძალვით, ჩვენ 300 000 000 - მდე დაზოგილ თანხას მივიღბთ, რითაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შევძლებ. პირველი რიგის გადაწყვეტილებები იქნება: მაშინ როდესაც ცივი ზამთარი მოდის, ტარიფები გაზრდილია და გაზრდას კიდევ აპირებენ, ბევრი მოქლაქე დადგება ასეთი არჩევანის წინაშე: არსებისთვის პური იყიდოს თუ დენი ჰქონდეს, რომელსაც ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. ამიტომ ასეთ მოქალქეებზე ენერგოვაუჩერები უნდა გაიცეს. ჩემი მეორე გადაწყვეტილება ეხებათ იმ სტუდენტებს, რომელიც უსახსრობის გამო ოცნების ხელისუფლებამ უნივერსიტეტებიდან გამოაძევა. დღეის მდგომარეობით ასეთი 41 000 სტუდენტია. თბილისში უნდა ავაშენოთ ბაგა-ბაღები და სკოლამდელ დაწესებულებაში პედაგოგთა ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. დედაქალაქში მთავარი პრობლემა მედიკამენტების ხელმიუწვდომლობაა. ჩვენ სოციალურად დაუცველებისთვის სასიცოცხლო მედიკამენტებზე შესაბამისი 100 ლარიანი ბარათი უნდა გავცეთ. თბილისში არის იმის საშუალება და რესურსი, რომ მუნიციპალური საავადმყოფო დაარსდეს, სადაც დიაგნოსტიკა, ოპერაცია, მედიკამენტები, პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მოქალქესთვის უფასო უნდა იყოს, ამით ძირითადად სიციალური სტატუსის მქონე ადამიანები ისარგებლებენ. ანუ ის პირები ვისაც ოპერაციისა და დიაგნოსტიკისთვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღვკვეთოთ ის დამამცირებელი ე.წ. უფასო სასადილოების ფორმა, რაც დღეს არსებობს. ჩვენ სასურსათო ბარათი უნდა გავცეთ, რომელზეც თანხა იქნება დარიცხული და მოქალაქე ადამიანურად იყიდის საჭირო საკვებს სუპერმარკეტში და არ იქნება იმ დამამცირებელ რიგში სადაც 1,18 ლარის წყალ-წყალა სუპს უმზადებენ.
რაც მთავარია ჩვენ მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნას ვგეგმავთ. ყველა ნებართვა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსზე გაიცემა შემდეგი პირობით გაიცემა: პირველი სართული გადაეცემა სახელმწიფოს. საბინაო ფონდი კი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქუჩაშია დარჩენილი, მფლობელობაში, გაყიდვის ყუფლების გარეშე გადასცემს საცხოვრებელ ფართს.
- მეორე ტურს თუ ელოდებით და აქვე მაინტერე დაუჭერთ თუ არა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს თუ მეორე ტური გაიმართა?
- ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით. დღეს ოლიგარქიული მმართველობა გვაქვს. ჩვენს გარდა ვინც წარმოდგენილია, ან არის ამ ოლიგარქიული მმართველობის ნაწილი ანდა, მის დაკვეთებს ასრულებს. ჩვენ ოლიგარქიის საპირისპირო ძალას წარმოვადგენთ, რომელმაც ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა უნდა დაამყაროს. ჩვენ შეგვიძლია ეს სისტემა შევცვალოთ. ამ ფუნქციის შემსრულებელი ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გარდა არავინ არ არის. ჩვენ ოლიგარქების მმართველობის პოლიტიკური მტრები ვართ. დანარჩენი ვინც მოვა იქნება მათი ჩანაცვლება, რადგან მათ არ სურთ სისტემის მოშლა. აქიდან გამომდინარე მხარს ვერავის დავუჭერთ.
- ბოლო რამდენიმე წელიწადია არჩევნები თქვენთვის და თქვენი პარტიისთვის არასახარბიელო შედეგით სრულდებოდა, რას ეყრდნობით, როცა თქვენს უალტერნატივობაზე საუბრობთ?
- მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატის დამარცხების რესურსი არსებობს და ეს რესურსია ხალხი. ჩვენ გვეიმედება ის ღირსეული ადამიანები, ვინც არ ეგუება ოცნებების მსხვრევასა და გადაგდებას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც თავის არჩევანს ფულზე არ გაყიდიან, ვინც სახლში არ დარჩება და გამოვა გარეთ. რაც არ უნდა ფული დახარჯონ, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ, თუ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში "ქართული ოცნება" დამარცხდება.
- ანუ აქციებსაც არ გამორიცხავთ?
- თუ არჩევნებს გაგვიყალბებენ, გამოვალთ ქუჩაში და დავიცავთ ჩვენს არჩევანს. არჩევანი უნდა გაკეთდეს გულით და არა ფულით. რწმენით და არა ილუზიებით. სწორედ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა რომელიც ხალხის ინტერესს გამოხატავს. ჩვენ დაპირისპირებულები ვართ მმართველ ყაჩაღ, ბანდიტ, ბანკირ, მონოპოლისტ, ებერგო-მაფიოზ ზელისუფლებასთან.
- თქვენ თქვენს გამოსვლებში საბანკო რეგულაციებზე ხშირად ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თვითმმართველობამ როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი? ხო არ იჭრებით აღმასრულებელი და საკონანმდებლო ფუნქციებში?
- რეგულაციების პირდაპირი ბერკეტები არ არსებობს, ეს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა არეგულიროს. ჩვენი სლოგანია არ შევარჩინოთ, დავიწყოთ შეცვლა. მეტსაც გეტყვით, ჩვენი მოსვლის შემთხვევაში თბილისში დაიხურება ყველა სლოტ-კლუბი გავა ქალაქის გარეთ. სწორედ ამასთანაა მიბმული ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ახლა შემოყავთ ორგანიზაციები, რომლიც სესხს მხოლოდ აზარტულ თამაშებზე გასცემს. ამან მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ბევრმა უკანასკნელი საცხოვრისი დაკარგა, ოჯახები დაინგრა. თბილისი ყუმარბაზობის ბუდე არ შეიძლება იყოს.
თვითმმართველობის არჩევნები არის საშუალება, რომ არსებული რეჟიმი შეიცვალოს. ჩვენ პოლიტიკაში ახალი ცნება უნდა დავამკვიდროთ: გაკონტროლებულ იქნას მდიდარი, დაცული იქნას ღარიბი.
მასალის გამოყენების პირობები






