ვინ დააჯინა ფეკალიების ვულკანზე თბილისი და რატომ იყენებს დუმილის უფლებას გენგეგმა ანუ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „გაფუჭებული ტელეფონი“ და გრიფით „სიდუმლოდ“.
მიწისქვეშა კომუნიკაციები ჩვენი დედაქალაქის აქილევსის ქუსლია და ამის აღმოსაჩენად, სულაც, არ არის საჭირო სპეციალური ცოდნა ან განსაკუთრებულად მახვილი თვალი: არათუ თავსხმა, თვით ყველაზე ჟუჟუნა წვიმას კი ტბორავს თბილისს. და განა მხოლოდ გზის სავალ ნაწილს?! ტროტუარებსაც კი!
ზოგმა ოპტიმისტმა შესაძლოა, სინოპტიკოსების განმარტებით დაიმშვიდოს თავი, რაკი გლობალური დათბობის გამო ამინდიც აირია, ხშირად დროის მცირე მონაკვეთში მოდის იმ ერთი სეზონისთვის დამახასიათებელი ნალექის ოდენობა. თუმცა, ჯერ ერთი, ჟუჟუნა წვიმაც კი გვტბორავს და, რაც მთავარია, ახალ გამოწვევას პრევენცია სჭირდება. იმიტომ რომ კლიმატის ცვლილებებს ვეღარაფერი გამოასწორებს – მაქსიმუმ, იმავე მდგომარეობაში დარჩეს, რაც დღესაა და აღარ დამძიმდეს.
ანუ დედაქალაქის პრობლემა სანიაღვრე სისტემაა, რომლისთვისაც წვიმიან ამინდში თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რათა მიხვდე, რომ რულიად მოუწესრიგებელია. ამას ემატება მტკვრის ზომაზე მეტად დაბინძურებაც (რაც, ასევე, შეუიარაღებელი თვალითაც ცხადია). თანაც, მრავალჭირნახულ მტკვარში თბილისის პერიმეტრში ათი პატარა მდინარე ჩაედინება და უმოწყალოდაც აბინძურებს. არც დედაქალაქის სანიაღვრე სისტემა იწმინდება (ის დედაქალაქის მერიას ეკუთვნის) და, ამდენად, არც არავინ იცის, რა მდგომარეობაშია თბილისის მიწისქვეშა წყლები. მეტიც, ისეც ხდება, რომ სანიაღვრე კოლექტორებში კანალიზაცია ჩაედინება (ასეთ ხერხს არც თუ იშვიათად მიმართავენ ახალი კორპუსების მშენებლობისას კერძო სამშენებლო კომპანიები), იმას გარდა, რომ, უდიდესი ალბათობით, ავტოსამრეცხაოებიც წყალს სანიაღვრე სისტემებში ღვრიან.
თბილისის დატბორვაც რომ იქით იყოს, თუ ქართველ ბუნებადამცველებს ვერწმუნებით (და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვერწმუნოთ) დედაქალაქის მიწისქვეშა საკნალიზაციაო სისტემა, ჯერ ერთი, ამორტიზებულია (მხოლოდ ადგილ-ადგილ შეკეთებული და არა – სისტემურად) და, მეორე, მას იმაზე მეტი დატვირთვა აწევს, ვიდრე ატანა შეუძლია. ახალი მშენებლობების საკანალიზაციო სისტემები ძველ საკანალიზაციო სისტემებს უერთდება, ანუ დაწოლა იზრდება, ქსელი კი არ ფართოვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, თბილისის სხვადასხვა უბნებში წყალს ვინ ჩივის, შესაძლოა, თვით ფეკალეიბიც კი ამოიფრქვეს. ასეთი საგანგაშო ვითარება, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრშია, თუმცა არც სხვა უბნებშია უკეთესი ვითარება.
ამ შემთხვევაშიც ერთი, ანუ უკანასკნელი იმედი (აი, წყალწაღებულივით, ხავსს რომ ეჭიდება) თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, თუ ყურადღებით გადავიკითხავთ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის მეხუთე ტომს სახელწოდებით: „ტრანსპორტი, საინჟინრო კომუნიკაციები და ნარჩენების მართვა”, საინჟინრო კომუნიკაციებზე წამლადაც ვერ აღმოვაჩენთ ერთ ფრაზასაც კი (მხოლოდ სათაურშია ნახსენები, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ პროექტს თავიდან ბოლომდე მაინც არავინ წაიკითხავს). ანუ ხავსსაც კი ვერ ვიპოვით, რომ წყალ თუ ფეკალიებწაღებულები მაინც ჩავეჭიდოთ.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გენგეგმის პროექტის ავტორი კომპანიის (ზემოხსენებული „სითი ინსტიტუტი საქართველოს“) სლოგანია: „სტაბილურობიდან მდგრადობამდე“, რაც იგივეა, რაც „მდგრადობიდან მდგრადობამდე“, სავსებით ლოგიკურია, რომ ვერაფერი აღმოვაჩინოთ, იმიტომ სტაბილურობა იგივე მდგრადობაა, ისინი კი მდგრადობიდან მდგრადობამდე მდგომარეობას გვპირდებიან, ესე იგი, ნულოვან განვითარებას გვთავაზობენ, ანუ თავიდან ბოლომდე ამართლებენ თავიანთ სლოგანს.
სხვათა შორის, არც თავად მალავენ, რომ საინჟინრო კომუნიკაციების მდგომარეობა არც კი შეუსწავლიათ და ამის საპატიო მიზეზად სახელმწიფო საიდუმლოებას ასახელებენ (და, მართლაც, მტერმა თუ გაიგო, სად ჩაედინება თბილისელთა ფეკალიები, დამატებითი ოკუპაცია არ აგვცდება, ამ ძვირფასი განძის ადგილსამყოფელის დასადგენად).
მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიშველიებ „სი თი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის გოგი აბაშიძის განმარტებას: „საინჟინრო კომუნიკაციების მასალები საიდუმლო ხასიათს ატარებს, ისინი სახელმწიფო საიდუმლოებით არის დაცული.“
მაგრამ, ამის მიუხედავადაც, გვაიმედებს, რომ „მოხდა ამის გაანალიზება, შესწავლა (ანუ გავაანალიზეთ და შევისწავლეთო) და იმ ექსპერტებთან და კომპანიებთან გავიარეთ კონსულტაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ ქალაქში.“
ესე იგი, სხვების მონაყოლით წარმოდგენა შეიქმნეს თბილისის მიწისქვეშა კომუნიკაციებზე. ოღონდ აი, ის კი საინტერესოა, თუ ინფორმაცია საიდუმლოა, იმ ექსპერტებსა და კომპანიებს ვინ მისცა სახელმწიფო საიდუმლოების სხვებისთვის გაზიარების უფლება და, თუ მაინც გაუზიარეს, თავად „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ რომ შეესწავლა თბილისის მიწისქვეშა კომუნიკაციები და „გაფუჭებული ტელეფონი“ არ ეთამაშათ, იქნებ უკეთ გარკვეულიყვნენ საკითხში?!
თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამ თამაშ-თამაშში შესაბამისი გადაწყვეტილება მაინც მიუღიათ თბილისის მიწისქვეშა კომუნიკაციების შესახებ, იმიტომ რომ, როგორც ხსენებული გოგი აბაშიძე აცხადებს, „როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, სად რის განვითარება შეიძლება, უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა შესაძლებელი ამა თუ იმ რაიონის, რეგიონის ტერიტორიული ერთეულის აღჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული მომსახურებით (ჩვენით, აბა, როგორ მივხვდებოდით, რომ რაღაცის დასაგეგმად წინასწარი შესწავლაა საჭირო).“
მართალია, ბ–ნი აბაშიძე გვახსენებს, რომ პრობლების შესახებ დასკვნის გამოტანას პრობლემის შესწავლა სჭირდება, თუმცა თავად შეუსწავლელად მიიღეს გადაწყვეტილება და იმ კომპანიებს გადაუგზავნეს, რომლებმაც მიწისქვეშა კომუნიკაციების ამბავი უამბეს და ახლა ისევ მათ დასკვნას ელოდებიან, რომ საბოლოო დოკუმენტში ასახონ. არადა თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი უკვე მზადაა, ანუ დასრულებულია. ამდენად, გაუგებარია, რომელი დოკუმენტის რა საბოლოო ვარიანტს გულისხმობენ?!
ასეა თუ ისე, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ პროექტის კოორდინატორი გულწრფელად აღიარებს, რომ „ახლა კანალიზაციის ქსელებში ჩასვლა და მათი შესწავლა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია“. ჰოდა, რაკი შეუძლებელია, ზოგი ქალაქი მიძინებულ ვულკანზე ზის და, მაქსიმუმ, ლავის ამოფრქვევას ელოდება, ამ ჩვენს თბილისს კი – სამწუხაროდ, მხოლოდ ფეკალიების ამოფრქვევის პერსპექტივა აქვს. ამდენად, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ სლოგანი, წესითა და რიგით, ლენინურ სტილში უნდა იყოს – „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკანო“, თუმცა გაუგებარია, ამისთვის ან უცხოური კომპანიების ჩართულობა რაში სჭირდებოდათ გენგეგმის პროექტზე მუშაობის პროცესში ან ორი მილიონ 800-ლარიანი დაფინანსება, „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაში, ვფიქრობ, უფრო იაფადაც შეიძლებოდა.
ლალი ლომაია
მასალის გამოყენების პირობები






