საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამის მისაღწევად ქვეყენაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, კობახიძის თქმით ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს:
"საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები აისახა საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო. ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომლებსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
"ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წარმოდგენილია ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით ავღანეთში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და პრიორიტეტებს დადებითი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური და ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და შესაბამისი ინსტიტუციების განსავითარებლად. მსურს, აღვნიშნო, რომ ამ რეფორმების ეფექტიანობა განსაკუთრებით ხელშესახები გახდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თავდაცვის სფეროს სათავეში ჩაუდგა მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას აქვს სამხედრო აღმშენებლობის ძალზე კარგად გააზრებული გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც, უსათუოდ, საქართველოს თავდაცვითი რესურსების არსებით გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტს, თავის მხრივ, აქვს რესურსი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






