როგორც საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან პროვაიდერთან გადაამოწმა, სადაც განუცხადეს, რომ მათ განათლების სამინისტრო დომენის საფასურს უხდის:
„ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენ განათლების სამინისტროში განვახორციელეთ, იყო ინტერნეტ რესურსის შექმნა, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა სახელმძღვანელოების ელექტრონული ვარიანტები, ასევე სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურა, ძალიან მაღალი ხარისხით გაკეთებული, მარტივად გამოყენებადი და პოპულარული იყო ეს ყველაფერი, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე სტუდენტებსა თუ მასწავლებლებში, ამ ინტერნეტ რესურსის მისამართია buki.ge. დღეს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს პორტალი რამდენიმე დღეა არ მუშაობს, მეც დამაინტერესა და შევამოწმე, პროვაიდერმა განმიცხადა, რომ განათლების სამინისტრო მას დომენის საფასურს არ უხდის:
ჯეჯელავა საუბრობს ვაშლების დარიგებაზე, მაგრამ სამინისტროში ისეთი ქაოსია, რომ ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელიც დომენის საფასურს გადაიხდიდა, ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ამჟამინდელი სახელმწიფოსი, შნო არ აქვთ, რომ გაკეთებული, გამართული, წარმატებული ინტერნეტ-რესურსი შეინახონ, მხოლოდ წლიური საფასურის გადახდაა საჭირო, რამდენიმე ათეულ დოლარზეა საუბარი, პარალელურად კი ათი ათასობით იხდის იმაში, რომ ვაშლები დაარიგოს“, - აღნიშნავს შაშკინი.
განათლების მინისტრი საქართველოს სკოლებში დასვენების 20-წუთამდე გაზრდაზე საუბრობს, რათა მოსწავლეებმა „ჩქარ-ჩქარა არ წაიხემსონ“. აღნიშნულს ჩვენთან საუბრისას შაშკინი ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯეჯელავას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის „დიდი სასადილოს დირექტორი არ არის”:
„მსურს შევახსენო ჯეჯელავას, რომ ის არ არის სასადილოს დირექტორი, არის განათლების მინისტრი და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა იზრუნოს განათლებაზე, 20-წუთიან შესვენებას გააკეთებს თუ 30-წუთიანს მეორე ხარისხოვანია, პირველ ხარისხოვანია განათლების დონე, ის, რომ ათიდან 9 მასწავლებელი სასერთიფიკაციო გამოცდებს ვერ აბარებს მათემატიკაში, პირველ ხარისხოვანია, რომ ახალი წიგნები ვერ შეაქვს მესამე წელია სკოლებში. განათლების სისტემა, 2 ათასზე მეტი სკოლა დიდი სასადილო კი არ არის, არამედ საჯარო სკოლებია და სკოლის დირექტორს აქვს იმის კომპეტენცია, თავად გადაწყვიტოს რამდენ წუთიანი იქნება შესვენება, ჯეჯელავა კი დიდი სასადილოს დირექტორი არ არის და სჯობს განათლებაზე იზრუნოს“, - დასძენს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






