თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას მიწის ორი ფართობი კუთვნილებაში გადასცა. აღნიშნულის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა:
„ყველას კარგად მოეხსენება, რომ საკრებულო გახლავთ კოლეგიალური ორგანო, ამას რომელიმე ცალკეული პიროვნების გადაწყვეტილებით ჩვენ არ ვიღებთ, ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთობლივად, საკრებულოს დიდმა ნაწილმა, ბიუროს ვგულისხმობ, ჩათვალა რომ ის დღის წესრიგი დამტკიცებულიყო, რომელიც დამტკიცდა. რაც შეეხება უმცირესობისათვის ხმის უფლების მიცემას, თითოეულმა მათგანმა ცალკეულად გამოხატა საკუთარი პოზიცია, შემდგომ შეეცადნენ, რომ გადაეზარდათ ეს შოუში და წარმოდგენაში, ყველამ კარგად დაინახა, როგორ იდგა ერთ-ერთი ქალბატონი ოპოზიციიდან დაახლოებით ნახევარი საათი სპიკერატის წინ, ბოლოს მიხვდა, რომ თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებდა და მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა განცხადების შემდეგ დარბაზი.
ის ორი პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა საკრებულოს მიერ, არის ჩვენი დედაქალაქის განვიტარებისათვის აუცილებელი პროექტები, ჩვენ ჩვენი ქალაქის განვიტარებისათვის სასიკეთო პროექტებს ყოველთვის დავუჭერთ მხარს. მე სხდომა ჩემი გადაწყვეტილებით არ დამიხურია, მაგრამ იმ წინასწარი უწყებებიდან გამომდინარე, დაანონსებული პროგრამიდან გამომდინარე, რომელიც გამოაცხადეს ოპოზიციონერმა კოლეგებმა, ყველაფერი მიემართებოდა იქითკენ, რომ ჩაშლილიყო სხდომა, კანონის დარღვევის უფლებას არავის მივცემთ. როდესაც არის დაანონსებული, რომ მიზანი გახლავთ სხდომის ჩაშლა, ვალდებულები ვართ ეს თავიდან ავიცილოთ, არავის ეპატიება კანონის დარღვევა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






